"წინასწარმეტყველება", რომელიც ხაზარაძეს აუხდა, ანუ რატომ "გახსნა ცეცხლი" ეროვნულმა ბანკმა
"წინასწარმეტყველება", რომელიც ხაზარაძეს აუხდა, ანუ რატომ "გახსნა ცეცხლი" ეროვნულმა ბანკმა
ფოტო:მამუკა ხაზარაძე
ერთთვიანი სიჩუმის შემდეგ "თიბისი ბანკისა" და მამუკა ხაზარაძის თავზე კვლავ დაიწყო შავმა ღრუბლებმა თავის მოყრა. "ცეცხლი" ამჯერად ეროვნულმა ბანკმა "გახსნა", რომელმაც მოითხოვა, რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დატოვონ "თიბისი" ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი პოსტები.

ეს არ იყო მოულოდნელი, რადგან ხაზარაძეს ამის შესახებ პროკურატურამ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ გაუგზავნა "პირადი შეტყობინება" იმ მედიასაშუალებით, რომელიც, სავარაუდოდ, ძალოვან სტრუქტურებთან არის დაკავშირებული. მოკლედ, შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთმა საინფორმაციო პორტალმა იანვრის დასაწყისში გამოაქვეყნა სტატია
იმის შესახებ, რომ პროკურატურამ "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით ფულის გათეთრების მუხლით გამოძიება დაიწყო (სტატიაში ისეთი დეტალები იყო, რომ ბევრს პროკურატურის გამომძიებლის დაწერილი ეგონა). მეორე დღეს, საგანგებო ბრიფინგზე პროკურატურის წარმომადგენელმა ლამის სიტყვა სიტყვით გაიმეორა სტატია, ერთი ეპიზოდის გარდა - კერძოდ, სტატიაში ეწერა, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე ბანკის
მართვას ჩამოაშორეს, რაც მაშინ პროკურატურამ უარყო.
ჩვენ 15 იანვარს გამოქვეყნებულ სტატიაში ვივარაუდეთ, რომ პროკურატურა ხაზარაძეს აფრთხილებდა, რომ თუ "ჭკვიანად არ მოიქცეოდა", სტატიის ეს ეპიზოდიც გაოფიციალურდებოდა.

"წინასწარმეტყველება" ერთი თვის შემდეგ ახდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ ერთი თვის განმავლობაში "თიბისი ბანკის" გარშემო ატეხილი სკანდალის კულუარულად მოგვარება ვერ მოხერხდა, ანუ მხარეებმა საქმე "ვერ დაალაგეს". ამის მცდელობა რომ იქნებოდა, ამაში ეჭვიც არ გვეპარება, რადგან იანვრის დასაწყისის შემდეგ პროკურატურა-ეროვნული ბანკიც დადუმდნენ და "თიბისი ბანკიც".

მდგომარეობა რომ გამწვავდა, ამას მამუკა ხაზარაძის "ფეისბუკპოსტიც" ადასტურებს. ფრთხილი და მოზომილი ბანკირი წერს: "ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს საქმეს, ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს ღირსებას, არ შევეგუებით უსამართლობას..."

პასუხი მთავარ კითხვაზე, თუ რას ემსახურება პროკურატურა-ეროვნული ბანკის შეტევა "თიბისი ბანკზე" შესაძლოა, ისევ ხაზარაძის "ფეისბუკპოსტში" ვიპოვოთ: "დიდ ეჭვს იწვევს ისიც, რომ ასეთი აჩქარებული ტემპით გამოტანილი გადაწყვეტილება და ჩვენი რეპუტაციის შემლახველი კამპანიის წარმოება ხდება სწორედ ახლა, როდესაც ასე ახლოს ვართ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის - ანაკლიის პორტის წარმატებით განხორციელებასთან".

არ არის გამორიცხული, რომ ეროვნული ბანკის ზემოხსენებული განცხადება არის ბოლო გაფრთხილება ხაზარაძისადმი, რომ "ჭკვიანად მოიქცეს".

თუ მართალია ის ვერსია, რომ ანაკლიის პროექტიდან "თიბისი ბანკის" დამფუძნებლის გაძევება სურთ, მაშინ "ჭკვიანად მოქცევა" გულისხმობს შემდეგს: ხაზარაძემ წყნარად, ზედმეტი ხმაურის გარეშე, ლეგალურად დათმოს ანაკლიის პროექტი. ზედმეტი ხმაური ანაკლიის გარშემო ხელისუფლებას და დაინტერესებულ დიდი გავლენის მქონე ადამიანებს არ აწყობთ, რადგან ამ კონსორციუმში ამერიკული პოლიტიკური ინტერესი დიდია და შესაძლოა, აშშ-ს გარკვეული სტრუქტურები დაინტერესდნენ, თუ რა ხდება ამ სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტის ირგვლივ.

ბოლო დღეებში ვრცელდება ხმები, რომ თითქოს გიორგი გახარია ხაზარაძეს "თიბისი ბანკის" წილების დათმობას სთხოვდა. (აღსანიშნავია, რომ გახარიამ განაცხადა, რომ მას მამუკა ხაზარაძესთან ბიძინა ივანიშვილის დავალებით არანაირი საუბარი არ ჰქონია).

საეჭვოა, დაინტერესებული ადამიანებისთვის მთავარი სამიზნე ბანკი იყოს, რადგან ის წვრილმანია ანაკლიასთან შედარებით, მაგრამ თუ ამ გავრცელებულ ხმებში არის სიმართლის მარცვალი, სავარაუდოდ, ესეც ზეწოლისთვის გაკეთდა დაახლოებით ამ სქემით: "თუ გინდა ბანკში დარჩე, უნდა დათმო ანაკლია".

ვერსიებით, "მესიჯებით" და მინიშნებებით საუბარი რომ დასრულდეს, ამისთვის საჭიროა, რომ "თიბისი ბანკის" გარშემო განვითარებულ მოვლენებზე მამუკა ხაზარაძემ უფრო კონკრეტულად ისაუბროს. საზოგადოება ამას ელოდება. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს "თიბისი ბანკის" დამფუძნებელი და დაასახელებს თუ არა კონკრეტულ გვარსახელებს.
ანაკლიის პორტის მშენებლობა
თუმცა თუ ყველაფერი მიჩუმათდა და რამდენიმე თვის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ანაკლიის კონსორციუმში მეწილეები შეიცვალა, ეს უკვე პასუხი იქნება ჩვენს ყველა ამ ეჭვებზე და შემდეგ უფრო მწვავე კითხვები დაისმება როგორც ხელისუფლების, ისე ხელისუფლებაზე დიდი გავლენის მქონე ადამიანების მისამართით.

P.S. რა თქმა უნდა, ლეგიტიმურია კითხვა: იქნებ მართლაც ფულის გათეთრების სქემას იძიებს პროკურატურა და არ ასრულებს იარაღის როლს ანაკლიის კონსორციუმიდან ხაზარაძის ჩამოშორების სქემაში?

თუმცა რა ვუყოთ უცნაურობებს და "დამთხვევებს" "თიბისი ბანკის" საქმეში და აქედან გამომდინარე გაჩენილ სხვა კითხვებს:

  • რატომ დაინტერესდა პროკურატურა და ეროვნული ბანკი 2007-2008 წლების ტრანზაქციებით 11-12 წლის შემდეგ, მაშინ, როდესაც ოფიციალური ინფორმაციით, ეს ტრანზაქციები წინა წლებში რამდენჯერმე შეისწავლა ეროვნულმა ბანკმა და საგანგაშო ვერაფერი ნახა?
  • რატომ დაემთხვა ტრანზაქციებზე ახალი გამოძიების დაწყება და ძალოვან უწყებებთან დაკავშირებული მედიასაშუალებებით "თიბისი ბანკის" დამფუძნებლის წინააღმდეგ შავი პიარის აგორება ხაზარაძის მეგობრის, გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობიდან ხმაურიანად წასვლას?

მსგავსი კითხვები კიდევ ბევრია... ისე, ზოგიერთ კითხვაში შესაძლოა, პასუხიც იპოვოთ.


გიორგი კვიტაშვილი
Levan
18 თებერვალი 2019 07:19
თუ ძველი ცოდვების ამოყრაა ბიძომ თავის გვერდზე ახლოს მყოფი ჩხარტიშვილი მოიკითხოს...მე რა რომ პირადად მას არ მოპარა,მთელ საქართველოს ფული აახია ტიპმა და რატომღაც ანგელოზად გამოყავს ბიძოს
...
18 თებერვალი 2019 00:36
Rac sheexeba TBC aqciebis fasis vardnas londonis birzhaze es procesi ukve erti celia regularul xasiats atarebs, fasis vardnis process gansakutrebuli ryevebi am dgeebshi ar hqonia.
არა ქოცს! არა ნაცს!
17 თებერვალი 2019 18:56
გააჩნია ვისია ბიზნესი :)

რუბრიკის სხვა სიახლეები
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა