"დადებითად ვუყურებ, რომ დევნილი მთავრობის მეთაურად პატრიოტი ადამიანი დაინიშნოს" - რას ამბობს ადა მარშანია ლუკა კურტანიძეზე - კვირის პალიტრა

"დადებითად ვუყურებ, რომ დევნილი მთავრობის მეთაურად პატრიოტი ადამიანი დაინიშნოს" - რას ამბობს ადა მარშანია ლუკა კურტანიძეზე

ლუკა კურტანიძე დევნილ მოსახლეობაში დიდი პატივისცემით სარგებლობს და თან დამსახურებულად, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის წევრმა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ადა მარშანიამ განუცხადა, რითაც არსებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ აფხაზეთის ავტონომიური მთავრობის თავმჯდომარის პოსტი, შესაძლოა, ლუკა კურტანიძემ დაიკავოს.

დეპუტატის თქმით, იგი არ ფლობს ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობის მეთაურის პოსტზე ვახტანგ ყოლბაიას ლუკა კურტანიძით შესაძლო ჩანაცვლების შესახებ, თუმცა ლუკა კურტანიძეს დადებითად ახასიათებს.

"ვახტანგ ყოლბაია 6 წლის მანძილზე აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელია. ეს არ იყო კარგი ფაქტი. ვერა და ვერ მოხდა მისი დამტკიცება დეპუტატების პროტესტის გამო, უმრავლესობა ვერ გროვდებოდა ამ საკითხის გადასაწყვეტად. ლუკა კურტანიძის შესაძლო დანიშვნის თაობაზე არაფერი გამიგონია, თუმცა მე მას ვიცნობ, როგორც მებრძოლ ადამიანს, როგორც სინდისიერ და პატიოსან ადამიანს. სპორტსმენია, ნაკლები გამოცდილება აქვს სტრუქტურებში მუშაობის, თუმცა სხვა თვალსაზრისით მხოლოდ დადებითად ვუყურებ. ჩემთვის საინტერესოა, რომ თანამდებობაზე, მითუმეტეს დევნილი მთავრობის მეთაურად, მებრძოლი და პატრიოტი ადამიანი დაინიშნოს,"- განაცხადა ადა მარშანიამ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე ვახტან ყოლბაია შესაძლოა, ლუკა კურტანიძემ ჩაანაცვლოს.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, მარტის თვეში აფხაზეთის მთავრობაში საკადრო ცვლილებები იგეგმება, ხელმძღვანელის თანამდებობაზე კი ერთ-ერთ კანდიდატად სწორედ ლუკა კურტანიძე განიხილება.

თავის მხრივ, ლუკა კურტანიძე აღნიშნულ ინფორმაციაზე "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აცხადებს, რომ "ამ გამოწვევისთვის მზად არის".

"თუ ეს საკითხი განიხილება და ვინმე საუბრობს ამ თემაზე, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია. მე აფხაზეთთან მაკავშირებს დიდი ტკივილი, დიდი ტრაგედია და დიდი იმედი, რომელიც მჯერა, ოდესმე განხორციელდება, მეტს ამ თემაზე ვერაფერს ვიტყვი. მზად ვარ ამ მსხვერპლის გაღებისათვის. ეს იქნება ნაბიჯი გადადგმული შეწირულობისკენ. ერთადერთი ოცნება, რაც იქ დაბადებულ - გაზრდილს მაკავშირებს, არის რომ ოდესმე დავბრუნდეთ იქ საცხოვრებლად. მზად ვარ, თავი შევწირო იმას, რაც არის ჩვენთვის უმთავრესი - აფხაზეთის დაბრუნება და საქართველოს გამთლიანება,"- განუცხადა ,,ინტერპრესნიუსს" ლუკა კურტანიძემ.

"ინტერპრესნიუსი"