"მამუკა ხაზარაძე აღარ არის მხოლოდ "თიბისი ბანკი" - რას ამბობს თინა ხიდაშელი მიმდინარე მოვლენებზე? - კვირის პალიტრა

"მამუკა ხაზარაძე აღარ არის მხოლოდ "თიბისი ბანკი" - რას ამბობს თინა ხიდაშელი მიმდინარე მოვლენებზე?

როდესაც ამხელა ინსტიტუციას თავს ესხმი, ლეგიტიმაცია უნდა გქონდეს და ელემენტარულად, უნდა შეძლო, საზოგადოებას აუხსნა, რაშია საქმე, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა.

მისი თქმით, "თიბისი ბანკს" ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხი უკავშირდება, რასაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი "გადაჰყვა".

"როდესაც ამხელა ინსტიტუციას თავს ესხმი, ლეგიტიმაცია უნდა გქონდეს და ელემენტარულად, უნდა შეძლო, საზოგადოებას აუხსნა, რაშია საქმე. მამუკა ხაზარაძე და "თიბისი ბანკი" აღარ არის მხოლოდ "თიბისი ბანკი". დღეს, მათთან დაკავშირებით გაცილებით უფრო დიდი ამბავია - ეს არის ანაკლიის პორტი, რომელიც ხვალ და ზეგ, ამ პროექტის დასრულების პირობებში, ჩვენი ქვეყნისთვის ხერხემლად იქცევა. ეს არის ყველაზე რეალური ამბავი, რომელიც საქართველოს საინტერესო, მიმზიდველ, სტრატეგიულ პარტნიორად აქცევს მთელი დასავლეთისთვის.

ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, გიორგი კვირიკაშვილი გადაყვა ამ საქმეს და ახლა ამ თემაზე რაღაც ენის "მოჩლექვით" ლაპარაკი ძალიან სასაცილო ხდება ყველას მხრიდან, ვინც ამ თემებზე საუბარს თავს არიდებს. ანაკლიის პორტი ხელჩასაჭიდი გახდა, უკვე შეგიძლია, რომ დაინახო და როგორც კი ეს მოხდა, როგორც კი ეს ამბავი შედგა, როგორც კი ნათელი გახდა, რომ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ამ უმნიშვნელოვანეს ამბავს ხელი შეგიძლია მოჰკიდო, ამ ფონზე ხდება ის, რაც ხდება. ამ ფონზე ეჭვქვეშ დგება იმ კომპანიის რეპუტაცია, რომელიც ჩართულია პროექტში. არ ვიცი, ტყუილია თუ მართალია, მაგრამ საერთოდ, ინფორმაციულ ველზე ვნახე, რომ მამუკა ხაზარაძე საერთოდ, კრიმინალების სიაშია შეყვანილი. თავისთავად, ასეთი ამბის გაჩენაც უკვე რეპუტაციისთვის ძალიან სახიფათოა. თქვენ რომ ინვესტორი იყოთ, სანამ ყველაფერი არ გაირკვევა, რატომ გაგიჩნდებათ სურვილი, რომ ამ ადამიანებთან კიდევ გააგრძელოთ ურთიერთობა? რომელი გიჟი და არანორმალური გადაწყვეტს, რომ თავი მოიკლას და ამისთვის საქართველოში გამოვარდეს?",-განაცხადა თინა ხიდაშელმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, 2008 წლის აპრილ-მაისში, კომპანიებმა შპს "სამგორი M-მა" და "სამგორი თრეიდმა" "თიბისი ბანკისგან" საბრუნავი სახსრების შევსების მიზნობრიობით დაახლოებით 17 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხი აიღეს, რაც იმავე დღეს სესხის სახით გაცემული იქნა ფიზიკურ პირებზე - ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მთელ ამ პერიოდში საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არც "სამგორი M-სა" და არც "სამგორი თრეიდის" მიერ სესხის სახით აღებული თანხის გაღება არ მომხდარა, ხოლო მოგვიანებით მათი ჩანაცვლება მოხდა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით და დღემდე ეს თანხა ანაზღაურებული არ არის "თიბისი ბანკისთვის".

"ინტერპრესნიუსი"