"საკანალიზაციო სისტემები სახიფათოა!" - კვირის პალიტრა

"საკანალიზაციო სისტემები სახიფათოა!"

რამდენიმე წლის წინ ცენტრალური მილი გასკდა გაგარინის მოედანზე, რასაც მსხვერპლი მოჰყვა - სახლებში წყალი შევარდა და მძინარე ადამიანი დაახრჩო

დიდ დიღომსა და ქეთევან წამებულის პროსპექტზე დატრიალებულმა ტრაგედიებმა, რომლებიც ბუნებრივი აირის გაუმართავ სისტემებსა თუ დანადგარებს უკავშირდებოდა, დაგვანახა, რომ კონტროლის გამკაცრების გარეშე მუდმივად დაგვემუქრება საფრთხე. რა სიტუაციაა სხვა სფეროებში? არის თუ არა ისეთი სფეროები, სადაც ზომების დროულად მიღებაა საჭირო, რათა არ მოხდეს უბედური შემთხვევები და ტრაგედიაზე რეაგირება უკან მიდევნებულ ლამპარს არ დაემსგავსოს?

გურამ ჩალაგაშვილი, ენერგოექსპერტი: - გაზის შიდა გაყვანილობებს, რომელთა უმრავლესობა თვითნებურად არის დამონტაჟებული, სასწრაფოდ გამოვლენა სჭირდება. კომპანიებმა უნდა გამოყონ თანამშრომლები, რომლებიც თითოეულ ოჯახში დაათვალიერებენ შიდა გაყვანილობას და მიიღებენ ზომებს. სახელმწიფოსთან ერთად, კომპანიებმაც უნდა იზრუნონ, რომ უსაფრთხო გარემოში ვიცხოვროთ.

- რას იტყვით სხვა კომუნიკაციებზე? - ელექტროენერგიით გამოწვეული უბედური შემთხვევები არ მახსენდება, თუმცა, ენერგოსისტემას მუდმივად სჭირდება განახლება. ელექტროკაბელებს, გაზის მილებს - ყველაფერს აქვს ექსპლუატაციის ვადა და ის მკაცრად უნდა დავიცვათ. ჩვენს ყოველთვიურ გადასახადში გათვალისწინებულია ექსპლუატაციის ვადის, მოვლა-პატრონობის თანხა... თუკი აბონენტები ვართ ვალდებული დროულად გადავიხადოთ გადასახადი, კომპანიებიც ვალდებული არიან, აღმოფხვრან ყველა პრობლემა.

სახიფათოა წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემები. განსაკუთრებით იქ, სადაც ძალიან ძველია მთავარი მაგისტრალის ცენტრალური ნაწილი. ახლახან ბარნოვის ქუჩაზე გასკდა მაგისტრალური მილი, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, ავტომანქანები და კომერციული ფართობები. რამდენიმე წლის წინ ცენტრალური მილი გასკდა გაგარინის მოედანზე, რასაც მსხვერპლი მოჰყვა - სახლებში წყალი შევარდა და მძინარე ადამიანი დაახრჩო.

- ერთ-ერთი საფრთხე აზბესტის მილებია. ზოგიერთ მონაკვეთს წყალი დღესაც ამ მილებით მიეწოდება, არადა, კარგა ხანია მეცნიერები შეთანხმდნენ, რომ აზბესტი კიბოს გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზია. - უპირველესად სწორედ ისინი უნდა შეიცვალოს... ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა წყლის მილებია. ბევრჯერ მსმენია, კანალიზაციის წყალი შეერია სასმელ წყალს, რასაც მოწამვლა მოჰყვაო.

- ახალი შენობების კომუნიკაციები უერთდება ლამის 50 წლის წინანდელ საკომუნიკაციო ქსელებს, რაც ხშირად ხდება ავარიების მიზეზი. დედაქალაქის არაერთ ქუჩასა თუ ეზოში იგრძნობა კანალიზაციის სუნი, სარდაფების უმრავლესობა დატბორილია, რაც უამრავი დაავადების მიზეზი ხდება. ამასთან, პრესტიჟულ რაიონებში კორპუსის სარდაფებში დამონტაჟებულია წყლის საქაჩები, რადგან მოსახლეობას წყალი ძლიერი ჭავლით ვეღარ მიეწოდება. - წყლის მილზე, რომლის გამტარუნარიანობა არის, ვთქვათ, X ლიტრი საათში, ახალი კორპუსების მიერთებით, თუნდაც 0,1 ლიტრის დამატება ნიშნავს, რომ მას გამტარუნარიანობა ეზღუდება. თუ რომელიმე დენის ჯიხურისა და ტრანსფორმატორის გამომუშავება არის კონკრეტული კვტ/საათი და მას ახალ კორპუსს მივუერთებთ, რა თქმა უნდა, ტრანსფორმატორი დატვირთვით იმუშავებს და ძველ მოსახლეობას პრობლემა შეექმნება - ძაბვა დაეცემა, მრიცხველები ვეღარ იმუშავებს გამართულად...

ყველაფერს სჭირდება განახლება, აუცილებელია ახალი სადგურები, მილები, კოლექტორები... მშენებელმა კორპუსში ელექტროენერგია, წყლის სისტემა, გაზი, ერთი სიტყვით, ყველაფერი გამართულად რომ შეიყვანოს, ამისთვის დიდი ფულია საჭირო, მაგრამ სხვა გზა არ არის, სხვა შემთხვევაში პრობლემები მეტად იჩენს თავს.

რატომ არის აზბესტი სახიფათო

აზბესტის ყველა სახეობა კანცეროგენია და იწვევს ფილტვის, ხორხისა და საკვერცხეების კიბოს. დღეს მსოფლიოში დაახლოებით 125 მილიონი ადამიანი განიცდის აზბესტის ზემოქმედებას სამუშაო ადგილებზე, ხოლო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო შეფასებით, ყოველწლიურად 107 000-ზე მეტი კაცი იღუპება აზბესტის ზემოქმედებით გამოწვეული ფილტვის კიბოსგან. ამასთან, ყოველწლიურად სიკვდილიანობის რამდენიმე ათასი შემთხვევა ხდება სახლში აზბესტის ზემოქმედების შედეგად. თამბაქოს კვამლისა და აზბესტის ბოჭკოების ერთდროული ზემოქმედება ზრდის ფილტვის კიბოს რისკს.