"ბიძინა ივანიშვილს უყვარს მოულოდნელი სვლები..." - კვირის პალიტრა

"ბიძინა ივანიშვილს უყვარს მოულოდნელი სვლები..."

მიუხედავად მმართველ ძალაში აზრთა სხვადასხვაობისა, "ქართული ოცნებიდან" წასვლაზე პარტიის ბევრი წევრი ჯერ მხოლოდ ლაპარაკობს. ექსპერტები ამბობენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დაშლის საკითხი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია და ყველაფერი მხოლოდ დროის საქმეა... გვესაუბრება ექსპერტი, სოციოლოგი რამაზ საყვარელიძე:

- ნუკრი ქანთარიას ერთ-ერთი ინტერვიუ ვნახე, რომელშიც ის ამბობს, ფრთხილი მოქმედება გვმართებს, თორემ "ქართული ოცნების" დაშლის საფრთხე არსებობსო. თვითონვე აღიარებენ ამას, თუმცა ამ საკითხს ასე არ გავამწვავებდი. რამაზ საყვარელიძე საქმე ის არის, რომ რამდენიმე დეპუტატის წასვლა ჯერჯერობით პარტიასა და ივანიშვილს პრობლემას ვერ შეუქმნის. ის ფიქრობს, რომ უმრავლესობის შენარჩუნებას მაინც შეძლებს, მეტიც - სხვა ადამიანების შემოკრებაც არ გაუჭირდება, მაგრამ მას შეიძლება გამორჩა ერთი რამ - პოლიტიკური გუნდის შეკრება არ არის მთავარი პრობლემა, მთავარი პრობლემა 2020 წლისთვის ხალხის ნდობის მოპოვებაა და ამან თავი უკვე იჩინა საპრეზიდენტო არჩევნების დროს. იქ გუნდი მთელი შემადგენლობით იყო, მაგრამ პირველ ტურში, ფაქტობრივად, დამარცხდნენ. გუნდის ერთიანობაც ვერაფერს შველის, როცა ხალხი უნდობლად არის განწყობილი, მეტიც, ეს გუნდში იწვევს უფრო ძლიერ რყევებს.

თუ "ქართული ოცნება" 2020 წლის არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს, ის ამის შემდეგ აუცილებლად დაიშლება მარტივ მამრავლებად.

აქ ერთ ნიუანსსაც შევნიშნავ: თუ ისევ ის რეალობა დარჩა 2020 წელს, რაც აქამდე გვქონდა და ამომრჩეველი იძულებული გახდა, არჩევანი კვლავაც "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის გააკეთოს, სახელისუფლებო ძალას კიდევ შეიძლება ჰქონდეს მცირე უპირატესობის მოპოვების შანსი, მაგრამ თუ "ქართული ოცნებიდან" მართლაც წავიდა ეს ე.წ. აჯანყებულების ჯგუფი, ოპოზიციურ ფლანგზე მოახერხა განლაგება და ბოლოს და ბოლოს, ჩამოყალიბდა მესამე პოლიტიკური ცენტრი, რომლის პოზიცია საზოგადოების დიდი ნაწილის პოზიციას დაემთხვევა, მაშინ "ქართულ ოცნებას" შანსი აღარ ექნება...

- ბიძინა ივანიშვილი აქამდე ხშირად ამბობდა, რომ ის საზოგადოების დიდი ნდობით სარგებლობდა და ეს გარკვეულ დრომდე სიმართლეც იყო; დღეს მისი ავტორიტეტი მნიშვნელოვნად არის შელახული და ნდობაც - შემცირებული. თუ პროცესები ასე გაგრძელდა, ის შეძლებს მხოლოდ ფინანსური რესურსის ხარჯზე წარმატების მიღწევას?

- ერთ ისტორიას გავიხსენებ... ეროვნულ მოძრაობას, რომლის ლიდერი ზვიად გამსახურდია იყო, ფინანსური თუ მედიარესურსი არ ჰქონდა, ჰქონდა მხოლოდ ხალხის ნდობა და რაც მოხდა, კი ვიცით... ნდობა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის. ბიძინა ივანიშვილისადმი საზოგადოების ნდობის გაქრობა იქნება დიდი პრობლემა არა მხოლოდ "ქართული ოცნების", არამედ ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებისთვისაც. ასეთ შემთხვევაში გაჩნდება ქაოსის დიდი საფრთხე. კი ვვარაუდობთ, რომ შეიძლება მესამე ცენტრი გაჩნდეს, მაგრამ თუ არ გაჩნდა, არავინ იცის, რა პროცესები დაიწყება. არ არის გამორიცხული, პოლიტიკურ ძალთა ნაწილი აგრესიის გზას დაადგეს, მას აგრესიითვე დაუპირისპირდეს მეორე და ა.შ.

დღეს ივანიშვილს ნდობის რესურსი მთლად ამოწურული არა აქვს, მეტიც - კიდევ აქვს დრო და შანსი, ეს ნდობა ნაწილობრივ მაინც დაიბრუნოს. მას უყვარს მოულოდნელი სვლები...

თუ ახლაც ასეთ მოულოდნელ ნაბიჯებს გადადგამს, დაპირებული ცვლილებების განხორციელების ნებას გამოიჩენს, სოციალური მიმართულებით გადადგამს რამდენიმე ეფექტიან ნაბიჯს მაინც - კიდევ მოახერხებს ავტორიტეტის გადარჩენას, თუმცა დღეს დიდი საფრთხის წინაშე დგას. თუ მისი რეიტინგი რაღაც ნიშნულის ქვემოთ დაეშვება, მისი აწევა ძალიან ძნელი იქნება. იხილეთ სრულად

იხილეთ ასევე:"კინაღამ გავგიჟდი. მამავ ჩემო, გიცანი, გიცანი-მეთქი!" - როგორ იხსენებს ბესო ბერულაშვილი ბიძინა ივანიშვილთან პირველ შეხვედრას