"ხაზარაძეს ასე უყენებენ საკითხს: თუ სურს ბანკის შენარჩუნება, უნდა წავიდეს ანაკლიიდან" - კვირის პალიტრა

"ხაზარაძეს ასე უყენებენ საკითხს: თუ სურს ბანკის შენარჩუნება, უნდა წავიდეს ანაკლიიდან"

"ანაკლიის პორტი, შეიძლება ითქვას, არის ზბიგნევ ბჟეზინსკის გეგმების გაგრძელება, რაც აშშ-ის გავლენის გაძლიერებას გულისხმობს. ის იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი და ღრმა პორტი შავ ზღვაში, თუ სევასტოპოლს არ ჩავთვლით"

სულ უფრო მძაფრდება სკანდალი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ფინანსური ინსტიტუტის, "თიბისი ბანკის" გარშემო. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც გაირკვა, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება ბანკის წინააღმდეგ უკანონო შემოსავლების ლეგალიზების, ე.წ. ფულის გათეთრების ბრალდებით დაიწყო. საქმე შეეხება 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას.

ამ პროცესების კულმინაციად იქცა ა.წ. 14 თებერვალს საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, რომლითაც ის ითხოვს, "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრობა შეუჩერდეთ საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილე ბადრი ჯაფარიძეს. თავის მხრივ, მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი საკუთარ უფლებებს ბოლომდე დაიცავენ. გარდა ამისა, მან მიმდინარე პროცესები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას დაუკავშირა. ამის პარალელურად ,"თიბისი ბანკმა" სარჩელი შეიტანა ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით. "თიბისი ბანკი" აგრძელებს დავას და არ ეთანხმება ეროვნული ბანკის პოზიციას, რომ 2007-2008 წლების ტრანზაქციებით "თიბისი ბანკმა" მოახდინა ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

შექმნილი ვითარება უამრავ კითხვას აჩენს, მათ შორის უმნიშვნელოვანესია, ხომ არ დგას ამ პროცესების მიღმა პოლიტიკური ინტერესები, რომლებიც მართლაც უკავშირდება ანაკლიის პორტის მშენებლობას? შეგახსენებთ, ანაკლიის პორტი ქვეყნისთვის სტრატეგიული პროექტია, რომელსაც "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" ახორციელებს. მასში შემავალ ხუთ საერთაშორისო კომპანიას შორისაა "თიბისი ჰოლდინგიც". ის არის "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებელი, ძირითადი პარტნიორი და პროექტის დეველოპერი. სანდრო თვალჭრელიძე

გასული კვირის საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების მიმოხილვა ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან სწორედ ამ საკითხით დავიწყეთ:

- სანამ ამ საკითხის ანალიზზე გადავალ, უნდა ვთქვა, რომ მე არც ფინანსისტი ვარ და არც იურისტი, შესაბამისად, გამიჭირდება პროცესის შეფასება, თუმცა ვარ ანალიტიკოსი, რომელსაც შეუძლია უკვე არსებულ ფაქტებზე დაყრდნობით დასკვნის გამოტანა. მოდი, ერთად გავაანალიზოთ ფაქტები. პირველი - ჩემთვის ღიმილის მომგვრელია ვარაუდი, თითქოს ბიძინა ივანიშვილს სურს "თიბისი ბანკის" ხელში ჩაგდება.

მიუხედავად მისი ფინანსებისა თუ გავლენისა, ახლა მიმდინარე პროცესს ის მარტო ვერაფრით წამოიწყებდა და, ჩემი აზრით, კონკრეტულად ბანკი არ არის ამ ყველაფრის სამიზნე.

გაიხსენეთ, რა მოხდა და, ფაქტობრივად, რა საერთაშორისო სკანდალი ატყდა "რუსთავი 2"-ის საქმეზე, ვისაც არ ეზარებოდა, ევროკავშირით დაწყებული, აქ არსებული საელჩოებით დასრულებული, ყველა აკეთებდა განცხადებას, "თიბისი ბანკზე" კი კომენტარს არავინ აკეთებს. ჩვენ მოვისმინეთ მხოლოდ საფრანგეთისა და ჰოლანდიის ელჩების განცხადებები, ოღონდ ძალზე ნეიტრალური, დაახლოებით იმ შინაარსის, რომ პროცესებს აკვირდებიან.

- თუმცა გვახსოვს იანვრის მიწურულს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის როს უილსონის განცხადება, როდესაც მან თქვა, რომ ყურადღებით აკვირდება მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესს, რადგან მას შეიძლება გავლენა ჰქონდეს ანაკლიის პროექტზე. ელჩის თქმით, მის დაინტერესებას ისიც იწვევს, რომ ამერიკელები "თიბისი ბანკში" წილს ფლობენ. - დიახ, მართალი ბრძანდებით, ეს იყო ერთი განცხადება, თუმცა გასულ კვირას ეროვნული ბანკის განცხადების შემდგომ ჩვენ მათგან აღარაფერი გვსმენია, რაც პირადად ჩემთვის ძალიან დამაფიქრებელია.

მეტიც, ეროვნული ბანკის მიერ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის "თიბისი ბანკის" მართვიდან ჩამოშორების მოთხოვნის შემდეგ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა ფრანსუა პეშომ განაცხადა, მიგვაჩნია, რომ ეროვნული ბანკი, როგორც საქართველოს საფინანსო სისტემის ზედამხედველი, თავის საქმეს აკეთებს საკუთარი პასუხისმგებლობების გათვალისწინებითო.

სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა, ფაქტობრივად, "გააპრავა" ეროვნული ბანკის მოთხოვნა, თან არ დაგავიწყდეთ, ეს განცხადება გაკეთდა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში. ამიტომ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს შეთანხმებული იყო.

წარმოუდგენელია იმის დაშვება, რომ პეშომ არ იცის, თუ რა ხდება რეალურად ქვეყნის ერთ-ერთ უძლიერეს ფინანსურ ინსტიტუტთან, "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით.

კიდევ ერთი ფაქტი, რაც გვარიან ეჭვებს აჩენს, შეეხება "თიბისი ბანკის" უცხოელ აქციონერებს. მოგეხსენებათ, 11 წლის წინანდელი ტრანზაქციის შესახებ საქმე პროკურატურას რამდენიმე თვის წინ გადასცეს, თუმცა აქციონერების პროტესტი არ გვსმენია. არადა, როგორც ვიცი, "თიბისი ბანკში" ქართველი აქციონერები უმცირესობაში არიან, მათ დიდ წილს უცხოელები შეადგენენ, მათ შორის ისეთი ინსტიტუციებიც, როგორიცაა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია და ა.შ. ისინი ამ დრომდე ჩუმად არიან, საკითხავია, რატომ?

ის, რომ თუნდაც საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის გამოხმაურება ჯერ არ ჩანს, მაფიქრებინებს, რომ საქმე გაცილებით რთულად არის, ვიდრე ჩვენ გვესახება.

რაც შეეხება ბრალდებას და 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას, მთელი ამ 11 წლის განმავლობაში ჩატარებულ აუდიტორულ დასკვნასა თუ ანგარიშებს ეროვნული ბანკი ჩვეულებრივ იღებდა. მათთვის დღემდე ყველაფერი რიგზე იყო და უცებ გამოინახა რაღაც ტრანზაქცია, რომლითაც კანონი დაირღვა. ხომ ცხადზე ცხადია, რომ ეს მხოლოდ საბაბია, როგორც ჩანს, სხვა ვერაფერი იპოვეს, ოღონდ საბაბია არა იმისთვის, რომ ბანკი ვინმემ ჩაიგდოს ხელში, არამედ იმისთვის, რომ იქ მენეჯმენტი შეცვალონ.

- რატომ, რა მიზნით? - ამ კითხვაზე კითხვითვე გიპასუხებთ: რატომ გახდა ეს საკითხი მაინცდამაინც აქტუალური მაშინ, როდესაც "თიბისი ბანკი" შევიდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საქმეში? სწორედ აქ არის დამარხული ძაღლის თავი. ჩემი აზრით, საქმე გაცილებით სახიფათოდ არის, ვიდრე ვიღაც ერთი გავლენიანი ქართველის მცდელობაა, ჩაიგდოს ხელში ბანკი ან ანაკლიის პორტი.

- დიდი ანალიზი არ სჭირდება იმას, რომ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ანაკლიის პორტის მშენებლობა ყველაზე მეტად რუსეთისთვის არის მიუღებელი, ამიტომაც უკვე გამოითქვა ვარაუდები, რომ ამ პროცესების უკან შესაძლოა სწორედ რუსეთის ინტერესები დგას. - გეთანხმებით, რომ რუსეთი ყველაზე მეტად არის დაინტერესებული ამ პროექტის ჩაშლით, შესაბამისად, ამ ვარაუდს აქვს საფუძველი, თუმცა მე მაკვირვებს აშშ-ის პოზიცია. წესით, უკვე განგაშის ზარი უნდა ჩამოეკრათ, ჩვენ კი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მხოლოდ ერთი განცხადება მოვისმინეთ. ჩემი აზრით, "თიბისი ბანკის" უცხოელ აქციონერებზე არ უნდა ჰქონდეს რუსეთს ისეთი გავლენა, რომ ისინი ასე გაჩუმებულიყვნენ. ვფიქრობ, მათი მონაწილეობისა და ჩუმი შეთანხმების გარეშე ეს პროცესები ვერ დაიწყებოდა.

დავუშვათ, ეს რუსეთის წამოწყებული პროცესია, მან რაღაც ანკესი გადაუგდო ივანიშვილს, რომელიც წამოეგო და ჩაერთო ამ პროცესში, თავის მხრივ, მან მასში ჩართო პროკურატურა და ეროვნული ბანკი, მაგრამ რას აკეთებენ ამ დროს აშშ და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთა უმნიშვნელოვანესი ინტერესიც არის ანაკლიის პორტის მშენებლობა?!

ამიტომ კიდევ ერთი ვარაუდის საფუძველს ვხედავ: ხომ არ დაუპირისპირდა მამუკა ხაზარაძის გუნდი დიდი ქვეყნების რაღაც დიდ, სტრატეგიულ ინტერესებს? არ ვიცი, ამის მიზეზი რა შეიძლება ყოფილიყო. ფაქტი ერთია, რომელიღაც დიდი ძალაა დაინტერესებული, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობაში მენეჯმენტი შეიცვალოს.

აშკარად ძალიან ძლიერი საერთაშორისო ლობისტური ჯგუფები არიან ამ პროცესში ჩართული.

აშკარად ასე უყენებენ ხაზარაძეს საკითხს: თუ სურს ბანკის შენარჩუნება, უნდა გამოვიდეს ანაკლიის პროექტიდან. აქვე კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს არის მხოლოდ ჩემი ვარაუდები საჯაროდ ცნობილ ფაქტებზე დაყრდნობით და არანაირ დამატებით ინფორმაციას არ ვფლობ.

აუცილებლად უნდა ვთქვა ერთი რამ - ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ეს პორტი აშენდეს, მას ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ჯერ კიდევ გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე გახლდით, როდესაც ღრმაწყლოვანი პორტისთვის ადგილის მოსაძებნად კვლევები დაიწყო. დაახლოებით 90-იანი წლების დასაწყისის ამბავს გიყვებით. სწორედ იმჟამად შეირჩა ანაკლია. ანაკლიის პორტი, შეიძლება ითქვას, არის ზბიგნევ ბჟეზინსკის გეგმების გაგრძელება, რაც აშშ-ის გავლენის გაძლიერებას გულისხმობს. ის იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი და ღრმა პორტი შავ ზღვაში, თუ სევასტოპოლს არ ჩავთვლით. შესაბამისად, რუსეთი ხელის შეშლას ყველანაირად შეეცდება.

ვფიქრობ, ერთი საერთაშორისო ჯგუფი, რომელშიც შედის მამუკა ხაზარაძე, დაუპირისპირდა მეორე ასევე საერთაშორისო ჯგუფს, რომელსაც ასევე ჰყავს ქართველი მონაწილეები, შესაძლოა მათ შორის ბიძინა ივანიშვილიც არის. არ გამოვრიცხავ ამავე ჯგუფში იყოს ვანო ჩხარტიშვილიც. როგორც წესი, სადაც რაღაც ინტრიგებია, ის პირველ რიგებშია ხოლმე, თუმცა ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, ის ფოთოლია, რომელიც დინებას მიჰყვება, ის ამხელა ნიაღვარს ვერ გამოიწვევდა.

სამწუხაროდ, ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ ამერიკის ფინანსური ინსტიტუტები მამუკა ხაზარაძეს არ დაიცავენ. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე.

- თავის მხრივ, ჩვენი საზოგადოების ნაწილს აფიქრებს, თუ რა ელის "თიბისი ბანკს". მოგეხსენებათ, ამხელა ფინანსური ინსტიტუტის დროებითმა შეფერხებამაც კი რამხელა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ქვეყანაში. - ჩემი აზრით, ბანკს საფრთხე არ ემუქრება. გავიხსენოთ, "საქართველოს ბანკში" რამდენჯერ შეიცვალა ბოლო ხანს სამეთვალყურეო საბჭო და მენეჯმენტი, გავიგეთ ამის თაობაზე რამე? არც არაფერი. უმეტესობამ ისიც არ ვიცით, ალბათ, ვინ არის საერთოდ მისი გენდირექტორი. მამუკა ხაზარაძე იმიტომ არის ასეთი ცნობილი, რომ ის არ არის მხოლოდ ბანკირი, ის საზოგადოებრივად აქტიური ადამიანია, რომელიც მასშტაბურ საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა, მონაწილეობს ბევრ სოციალურ პროექტში და თავისი ქვეყნის პატრიოტია. ვფიქრობ, "თიბისი ბანკში" მენეჯმენტი შეიცვლება, შესაძლოა დროებითაც, და ყველაფერი ჩვეულებრივ გაგრძელდება.

- გამოითქვა ასეთი ვარაუდიც, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა უკავშირდებოდეს იმას, რომ მამუკა ხაზარაძეს პოლიტიკური ინტერესები გაუჩნდა. - ამის არ მჯერა, თუმცა არ გამოვრიცხავ, ამ პროცესების მერე ხაზარაძე პოლიტიკურადაც გააქტიურდეს.

მასზე ამ ბოლო დროს მოვისმინე განცხადებები, თითქოს ის ყოველთვის ყველა ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა. არადა, დანამდვილებით ვიცი, რომ ასე არ იყო. მაგალითად, მან თავის დროზე მიხეილ სააკაშვილისთვის 50-მილიონიანი კრედიტის გაცემაზე უარი თქვა.

- უნდა ჩაერთოს თუ არა პრეზიდენტი, ქვეყნის მთავარსარდალი, უშიშროების საბჭოს მუშაობაში? ეს კითხვა კიდევ ერთ გამოწვევად იქცა ჩვენი ხელისუფლებისთვის. "იქ, სადაც პირველი პირი არის პრემიერ-მინისტრი, წესით, არ უნდა იყოს წარმოდგენილი პრეზიდენტი, რომელიც სიმბოლური თვალსაზრისით სახელმწიფოს მეთაურია", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. - ეს ყველაფერი სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. წარმოგიდგენიათ, მთავარსარდალს არ ეცოდინება, რა ხდება უშიშროების საბჭოში და რა საფრთხეები ემუქრება ქვეყანას. ახლა გაიძახიან, მივაწვდით ინფორმაციასო, კანონს რომ წერდნენ, მაშინ სად იყვნენ?! ჩემი აზრით, ეს კონსტიტუციის ერთ-ერთი ფუძემდებლური ხარვეზია. ალბათ, იპოვიან რაიმე გამოსავალს, თუმცა იმედია, ამისთვის კონსტიტუციას ისევ არ შეცვლიან.

- "ჩვენ მიერ შემუშავებული პირველადი ვარიანტი ითვალისწინებს ძალიან ღია, გამჭვირვალე და ასევე ხანგრძლივი პროცედურის გაწერას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევისთვის", - განაცხადა ორიოდე დღის წინ, დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. მან საერთაშორისო პარტნიორებს სწორედ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებული კანონპროექტი გააცნო. ელით, რომ ეს ცვლილებები რეალურ და პოზიტიურ შედეგს მოიტანს? - ჯერჯერობით ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საქმეში გადაიდგა მცირე, მაგრამ პოზიტიური ნაბიჯი და ამ ე.წ. პირველი რანგის ოდიოზურ ფიგურებს აღარ დანიშნავენ, მაგრამ ვინ იქნებიან ის მოსამართლეები, რომლებსაც წარადგენენ? ოდნავ ნაკლებად ოდიოზურები და მორჩილები? მათ, სავარაუდოდ, არ ვიცნობთ ისე კარგად, როგორც მურუსიძეს, მეთოფიშვილს, მიქაუტაძესა და სხვებს. ჩემი აზრით, სასამართლო სისტემიდან ძალიან ბევრი მოსამართლეა გასაშვები, არათუ უვადოდ დასანიშნი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ სფეროში წესიერი და კვალიფიციური ადამიანები არ არიან.

საკანონმდებლო ცვლილებები შეეხება უზენაეს სასამართლოს, მაგრამ რა ეშველებათ იმათ, ვინც უკვე დაინიშნენ უვადოდ და ამას არ იმსახურებენ? მე იურისტი არა ვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იქნება ბერკეტები, რომლებიც საკანონმდებლო ჩარჩოში მოაქცევს იუსტიციის საბჭოს მიღებულ გადაწყვეტილებებს და მათზე მორატორიუმის გამოცხადებას, ასევე უზრუნველყოფს მისი ახლებური წესითა და ფორმატით დაკომპლექტებას. დღეს მნიშვნელოვანია, ამ ფორმითა და ამ შემადგენლობით იუსტიციის საბჭომ არსებობა დაასრულოს და უზენაეს სასამართლოში დაინიშნონ მაქსიმალურად პატიოსანი და მაღალი კომპეტენციის ადამიანები.

- ექსპერტთა ნაწილი გაზაფხულზე პოლიტიკური ვითარების გართულებას და პროცესების ქუჩაში გადატანას ვარაუდობს... - პრობლემა მართლაც ბევრი დაგროვდა, თუმცა პროცესების გამწვავებას მე უფრო შემოდგომაზე ველი, იმიტომ, რომ მოახლოვდება 2020 წლის არჩევნები. ვფიქრობ, სიურპრიზებს პოლიტიკურ სივრცეში უნდა ველოდოთ.

ჩემი აზრით, დროა ახალი, დამოუკიდებელი აქტორები გამოჩნდნენ. არსებობს ნიშნები იმისა, რომ ისინი სწორედ "ქართული ოცნების" წიაღიდან გამოვლენ. თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილს გაცემული აქვს უამრავი დაპირება, რომელთა შესრულებისთვისაც სულ უფრო ცოტა დრო რჩება. თუ მან დაპირებების ნაწილი მაინც ვერ შეასრულა, შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, "ქართული ოცნება" 2020 წლის არჩევნებზე განწირული იქნება დამარცხებისთვის და ჩვენ "ნაციონალური მოძრაობის" რევანშის მომსწრენი გავხდებით. სამწუხაროდ, ჯერჯერობით მმართველი ძალის საპირწონედ სხვა ძალას ვერ ვხედავ, თუმცა, ვფიქრობ, "ქართულ ოცნებაშიც" არიან ისეთი ნიჭიერი და წინდახედული ადამიანები, რომლებიც მომავალზე ფიქრობენ.

- მოგეხსენებათ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის 20 სტუდენტი უნივერსიტეტის რექტორ გიგა ზედანიას გადადგომის მოთხოვნით მის კაბინეტთან შიმშილობს. ამის მიზეზი გახდა რეორგანიზაცია, რომლის შედეგადაც ბიზნესსკოლა სხვა პროგრამებთან გაერთიანდა. შესაბამისად, გიორგი ქადაგიძე დეკანი აღარ არის და ახლის ასარჩევად კონკურსი გამოცხადდა. აქცია თავდაპირველად სწორედ გიორგი ქადაგიძის თანამდებობაზე აღდგენისა და ბიზნესსკოლისთვის პირვანდელი სახელის დაბრუნების მოთხოვნით დაიწყო. - ჩემი აზრით, ეს მართული პროცესია და უკავშირდება ორი პირის უზნეო საქციელს. ესენი არიან გიორგი ქადაგიძე და ნიკა გვარამია. ამ უკანასკნელმა უნივერსიტეტში არსებული და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ვითარება გარეთ გამოიტანა, მეტიც, გაბედა და მუქარას უთვლის ილიას უნივერსიტეტის თანამშრომლებს. ეჭვი მაქვს, გიორგი ქადაგიძეს და ნიკა გვარამიას შორს მიმავალი გეგმა აქვთ. როგორ გამოიყენონ ახალგაზრდები საკუთარი ბინძური მიზნებისთვის, ეს ნასწავლი აქვთ თავიანთი მასწავლებლისგან, მიხეილ სააკაშვილისგან. ჯერ ერთი, არავის გაუუქმებია ბიზნესსკოლა. როგორც ვიცი, ის გაერთიანდა ტექნოლოგიურ მიმართულებასთან, ისევე როგორც ჰარვარდის მოდელში. არც ბატონი ქადაგიძე გაუთავისუფლებიათ, უნივერსიტეტის სრულ პროფესორად დარჩა. მას შეეძლო გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა და გამარჯვების გაცილებით მეტი შანსი სწორედ მას ექნებოდა. რასაც ახლა აკეთებს, ამორალურია. ამ ორმა მძევლად აიყვანა ახალგაზრდები, რომლებიც გაიძახიან, რექტორი გადადგესო, არადა, ბიზნესსკოლის 6000 და უნივერსიტეტის 16 000 სტუდენტიდან 20 კაცი ითხოვს ამას და უნდა გადადგეს?!