"კლანი არ გაჩერდება, მაგრამ ის მოსამართლეები, რომლებიც მათ დაკრულზე ცეკვავდნენ, დაიღალნენ " - კვირის პალიტრა

"კლანი არ გაჩერდება, მაგრამ ის მოსამართლეები, რომლებიც მათ დაკრულზე ცეკვავდნენ, დაიღალნენ "

"არ უნდა მოვტყუვდეთ - ახალ სიაში ვერ შევა ვერც ერთი ადამიანი, რომელსაც წინასწარ ჩინჩალაძესთან არ ექნება "ტესტი" გავლილი და აღთქმა დადებული"

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა დროებით შეჩერდა. "ქართული ოცნება" არასამთავრობო ორგანიზაციებსა და იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებს მოსამართლეთა შესარჩევ კრიტერიუმებზე მუშაობას სთავაზობს. თუმცა ამის პარალელურად აქვეყნებს კვლევას, სადაც საქართველოს სასამართლო სისტემის ნდობა გამოკითხულთა 50%-ზე მეტს აქვს.

მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის დროებით გადადება ნიშნავს თუ არა ხელისუფლების უკან დახევას და მართლაც ენდობა თუ არა ჩვენი საზოგადოება სასამართლოს, ამ და სხვა საკითხებზე იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრ ნაზი ჯანეზაშვილს ვესაუბრეთ.

- უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე ახლაც ნახავთ კვლევებს, სადაც კუბლაშვილი ამბობდა, რომ თითქოს მოსახლეობის 72% ენდობა სასამართლოს. ახლა გვრიტიშვილიც სიტყვასიტყვით იმავეს იმეორებს. იმ კვლევაში, რომელზეც გვრიტიშვილი ლაპარაკობს, არაფერი წერია იმ პრობლემებზე, რომლებიც სასამართლოს აქვს. არც არიან ნახსენები ის გავლენიანი პირები, რომლებიც მართლმსაჯულებას მართავენ. არც უარყოფილია გავლენიანი პირების არსებობა და არც დადასტურებული. როდესაც სასამართლოს მართავენ გავლენიანი პირები, ჩნდება სხვა რისკები, მათ შორის კორუფციის. აი, ამაზე უნდა იყოს მიმართული კვლევები.

- ბოლო 7 წლის განმავლობაში გამამართლებელი განაჩენების სტატისტიკა 0,7-დან 4%-მდე გაიზარდა. ეს ნორმალური მაჩვენებელია? - თუ არ ვცდები, შარშან 477 გამამართლებელი განაჩენი გამოიტანეს, უფრო ადრე კი მხოლოდ 8 საქმეზე. შეიძლება პროცენტულად დიდი არ არის, მაგრამ ციფრებში დიდი ჩანს.

თუმცა ჩემთვის პირადად გამამართლებელი განაჩენები არ არის სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდიკატორი. 2012 წელს უფრო მეტი გამამართლებელი განაჩენი იყო, ვიდრე 2013 წელს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლების პოლიტიკის ცვლილებით გამამართლებელი განაჩენების სტატისტიკაც იცვლება.

არის ერთი ნიუანსიც: ის პირები, რომლებიც ადრე მოსამართლეები იყვნენ, ახლაც არიან სისტემაში და უვადოდ თუ დაინიშნებიან, ხელისუფლება რომ შეიცვლება, ახალსაც მოერგებიან.

- კობახიძის განცხადებით, ეს მოსამართლეები ადრე თუ ცუდად იქცეოდნენ, ახლა კარგად იქცევიან. - კობახიძემ ძალიან კარგი განცხადება გააკეთა იმ თვალსაზრისით, რომ კარგად წარმოაჩინა თავისი დამოკიდებულება ამ მოსამართლეების მიმართ. წარმოუდგენელია, ვინმეს დააჯერო, რომ სერგო მეთოფიშვილი წლების წინ ცუდი მოსამართლე იყო და ახლა კარგი გახდა.

მეთოფიშვილი თუ აქამდე დავალებების შემსრულებელი იყო, ახლა თვითონ არის აქტორი. სხვა ქვეყანაში მას თანამდებობიდან მოხსნიდნენ, ჩვენთან კი უვადოდ დანიშნეს. გვრიტიშვილს წარსულში ისეთი ქეისები აქვს, რომ მისი საქმიანობა კითხვის ნიშნებს აჩენს, დღეს კი იუსტიციის საბჭოში მთავარი სპიკერია.

- პარლამენტში წარდგენილ უვადოდ დასანიშნ მოსამართლეთა ათკაციანი სიის საკითხში "ქართულმა ოცნებამ" უკან დაიხია? - ხელისუფლებამ უკან დაიხია, რადგან სიას დიდი პროტესტი მოჰყვა არა მარტო გარეთ, არამედ თავად გუნდშიც.

ჩვენი ქვეყნის ისტორიაში საბჭოს პირველად მიენიჭა ნდობა, რომ წარადგინოს სია პარლამენტში, რათა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეები უვადოდ დაინიშნონ.

ახლა დისკუსია იქით მიდის, რომ სიაში სხვა მოსამართლეებიც შევიდნენ, მაგრამ არ უნდა მოვტყუვდეთ - იმ სიაში ვერ შევა ვერც ერთი ადამიანი, რომელსაც წინასწარ ჩინჩალაძესთან არ ექნება "ტესტი" გავლილი და აღთქმა დადებული.

მე მხარს არ დავუჭერ ამ მოსამართლეებს, მხოლოდ გარედან მოსულ კადრებს დავუჭერ მხარს.

- მოსამართლეთა ახალ სიას "ქართული ოცნების" კიდევ უფრო მაღალი თანამდებობის პირები ხომ არ გაუწევენ ლობირებას? - ეს თემა უკვე ლობირებული იყო მაღალ დონეზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, საბჭო არ წარადგენდა. როგორც ჩანს, სადღაც სხვაგან წყდება მოსამართლეთა ბედი.

მე პირადად და კიდევ რამდენიმე ადამიანი, მაგალითად, ანა დოლიძე, არ ვაპირებთ გაჩერებას და ბოლომდე ვიბრძოლებთ. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ სხვა აქტივობებსაც. მაგალითად, ვაპირებთ ყველა იმ ძალისა და ჯგუფის კონსოლიდაციას, რომლებსაც აინტერესებთ და ადარდებთ სასამართლო სისტემა.

- თქვენი აზრით, ხელისუფლების უკან დახევა მხოლოდ დროებითია? - ხელისუფლებამ უკან დაიხია მხოლოდ იმაში, რომ ჩინჩალაძე სიაში აღარ არის, იმავდროულად, შემოგვთავაზა სამუშაო ჯგუფი, სადაც დაგვისვა თამარ ალანია და ის მოსამართლეები, რომლებიც სიაში იყვნენ. ძალიან პარადოქსულია, რომ კრიტერიუმებზე უნდა ვიმსჯელო ალანიასთან ერთად, რომელიც თვითონ იყო კანდიდატი. ამიტომ შეხვედრა აღარ ჩატარებულა.

- დეპუტატების ნაწილი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის გადავადებას 2024 წლამდე ითხოვს. თქვენ მხარს უჭერთ ამ ინიციატივას? - იდეურად მხარს ვუჭერ, მაგრამ სამართლებრივი ფორმა უნდა მოიძებნოს ისეთი, რაც კითხვებს არ გააჩენს. ეს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში უნდა იყოს, უნდა ვიცოდეთ, რა ელის სასამართლოს და იმ მოსამართლეებს, რომელთაც უფლებამოსილების ვადა ამოეწურებათ.

- თავად ე.წ. კლანის რევანში თუ არის მოსალოდნელი? - კლანი არ გაჩერდება, მაგრამ ის მოსამართლეები, რომლებიც კლანის დაკრულზე ცეკვავდნენ, დაიღალნენ. იმედია, მიხვდებიან, რომ საზოგადოებას კი არ უნდა ებრძოლონ, საქმე უნდა აკეთონ და ყველაფერი კარგად იქნება.

- მაინც სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ამ პროცესმა? - ეს დამოკიდებულია ხელისუფლებაზე. სასამართლო სისტემაში მხოლოდ ღირსეული ადამიანები უნდა იყვნენ. ყველა მოსამართლის დათხოვნის მომხრე არა ვარ, მაგრამ თითოეული მათგანის დანიშვნის საქმე უნდა შევისწავლოთ, თუ ჩინჩალაძე დარჩება სისტემაში, იქ არანაირი რეფორმა არ გატარდება.