"მთავარია, ივანიშვილს არ მოჰპარო, თორემ ხალხის ფული რამდენიც გინდა, იმდენი ჭამე" - კვირის პალიტრა

"მთავარია, ივანიშვილს არ მოჰპარო, თორემ ხალხის ფული რამდენიც გინდა, იმდენი ჭამე"

"ახლა საყოველთაო გახდა კორუფცია. სააკაშვილის დროს რამდენიმე კაცი აკეთებდა ფულს. ახლა ვისაც შეუძლია, ყველა აკეთებს ფულს", - ამბობს "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი.

- ყველა სახელმწიფო უწყება კორუფციაშია ჩაფლული. მეათეხარისხოვან ჩინოვნიკებს იჭერენ და სინამდვილეში ხელმძღვანელი პირები თავით არიან გადაშვებული კორუფციაში. შევარდნაძის დროს რომ იყო, იმისგან თითქმის აღარც განსხვავდება. ასე აშკარად და უტიფრად ითბობენ ხელს.

- თქვენი ინფორმაციით, ხელისუფლების რომელ რგოლშია ყველაზე რთული ვითარება? - ზედა და საშუალო რგოლებია გახრწნილი. ზედა რგოლში პირდაპირ არის აღებმიცემობა გაჩაღებული.

ვინც როგორ ახერხებს, ისე აკეთებს ფულს და ძარღვიც არავის უტოკდება. მთავარია, ივანიშვილს არ მოჰპარო, თორემ ხალხის ფული რამდენიც გინდა, იმდენი ჭამე.

- სააკაშვილის დროს საქმე გვქონდა ელიტურ კორუფციასთან, "ოცნების" მთავრობაში შეიცვალა რამე? - ახლა საყოველთაო გახდა კორუფცია. სააკაშვილის დროს რამდენიმე კაცი აკეთებდა ფულს: კეზერაშვილი, უგულავა და კიდევ რამდენიმე. ახლა ვისაც შეუძლია, ყველა ითბობს ხელს.

- ყველაზე რთული ვითარება რომელ სფეროში გვაქვს? - ბევრში. მაგალითად, მერიის არქიტექტურის სამსახურსა და იმ სამსახურებში, სადაც ნებართვებს გასცემენ და ტენდერებს ატარებენ. სადაც მსხვილი ტენდერები ტარდება, იქ უფრო აშკარად არიან ჩართული.

გორის მაჟორიტარ დეპუტატ იოსებ მაკრახიძეს 81 მილიონის ტენდერი აქვს მოგებული. ეს კორუფციაა, აბა, რა არის?! ტენდერებში გამარჯვებას ესენი ეძახიან, სინამდვილეში კი კორუფციაა. ოქრიაშვილს 100 მილიონამდე ტენდერი აქვს მოგებული.

ბიუჯეტის ფულს საკუთარ ხურჯინებად თვლიან და ინაწილებენ. დეპუტატების უმეტესობა კორუფციაშია ჩაფლული, უბრალოდ, მასშტაბებს გააჩნია. მაკრახიძე და ოქრიაშვილი დიდ მასშტაბებში არიან ჩაფლული, მაგრამ არიან პატარა "გაქანების" ადამიანებიც. მაგალითად, მთაწმინდის გამგეობამ გამოაცხადა 15-ათასიანი ტენდერი, მათ უბანში მცხოვრები მრავალშვილიანი დედებისთვის ავტორბოლა რომ გაიმართოს. დარწმუნებული ვარ, ამის უკან ვიღაცის ინტერესი დგას და თავის თავს გამოუცხადა 15-ათასიანი ტენდერი, თორემ ასეთი კრეტინიზმი როგორ უნდა მოგივიდეს თავში?!

- კორუფციის მხრივ რისკ-ჯგუფად თავდაცვის სამინისტროს თვლიან. თქვენ თუ გაქვთ კონკრეტული მაგალითები? - თავდაცვის სამინისტროდან სულ მომდიოდა ინფორმაცია, რომ ჯარისკაცებს თვეში სამჯერ დაეხათ ბათინკები, იმდენად უხარისხო იყო. მთელი ზამთარი ჯარისკაცებმა ზაფხულის ჩექმებში გაატარეს და რამდენიმეს მოეყინა კიდეც ფეხი. ახლა დეტალებიც გამოქვეყნდა: თურმე 2,5 მილიონი ლარი რომელიღაც ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიას შეუტყაპუნებია და ჯარისკაცებს უხარისხო ბათინკები შეაჩეჩა. სამინისტრო კი ვიღაცებზე იშვერს ხელს.

- რთული ვითარებაა რეგიონებშიც, კორუფციის ბრალდებით ცოტა ხნის წინ წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს, მანამდე კი ზუგდიდის მერი...

- ზუგდიდის მერი მას შემდეგ დააკავეს, რაც ერთ-ერთ ტელევიზიაში ამის შესახებ რეპორტაჟი გავიდა. ამ ტელევიზიამ თუ ჩანაწერი მოიპოვა, ანტიკორუფციული სამსახური რას აკეთებდა?! ამაშია საქმე, რომ ვიღაცას ზრდილობის გულისთვის იჭერენ და არ აპატიმრებენ იმას, ვინც რეალურად არის კორუფციაში ჩაფლული... იძიებენ საქმეებს და დებენ ხელუხლებლად თაროზე. თუ დასჭირდა ივანიშვილს ვინმეს წინააღმდეგ ამის გამოყენება, მხოლოდ მაშინ დაფაცურდებიან.

- ესე იგი საზოგადოებისთვის თვალის ასახვევად აპატიმრებენ ზოგიერთს?

- რა თქმა უნდა, ვითომ რაღაცას აკეთებენ და ბარტყებს გადმოაგდებენ, კორუფციის მამალ მგლებს ხელს არ ჰკიდებენ.

- ვინ არიან კორუფციის მამალი მგლები? - ძალიან ბევრია, მათ შორის დეპუტატები და ყოფილი მაღალჩინოსნების ნაწილი. მაგალითად, ფარცხალაძე. წაიკითხეთ აუდიტის დასკვნაში რა წერია. ნარმანიამ ფარცხალაძეს მილიონიანი ქონება აჩუქა. ტენდერი ისე ჩაატარა, რომ ფარცხალაძეს ქონება კაპიკებად ჩაეგდო ხელში. ესეც კორუფციაა, აბა, რა არის?!

საინტერესოა ჭიდაობის ფედერაციის პასაჟიც, ფედერაციის პრეზიდენტი პრემიებს მხოლოდ თავის შვილს რომ უწერდა.

აუდიტის დასკვნაში რაც რეკომენდაციის სახით არის წარმოდგენილი, ყველაფერი რომ გაეთვალისწინებინათ, ნახევარი მთავრობა უნდა დაეჭირათ, მაგრამ აუდიტის დასკვნაც თაროზე შემოდებული ლექსებივითაა.

- თბილისის ყოფილი მერი ნარმანია კორუფციაში არაერთხელ დაგიდანაშაულებიათ. ახლა რა ხდება? - მერიის არქიტექტურის სამსახურში ჩვეულებრივ მიდის აღებმიცემობა. კალაძეზე რეპორტაჟი გაკეთდა, რომ დეკლარაციაში მითითებული თანხა არ ემთხვევა რეალურად არსებულ ქონებას, მაგრამ ანტიკორუფციულ სამსახურს მოკვლევა არ დაუწყია. ანალოგიური ვითარებაა მერიის ზედამხედველობის სამსახურში. ვისაც ხალხთან აქვს ურთიერთობა, ფული იქ ტრიალებს. დეპუტატები, ოქრიაშვილი და მაკრახიძე, ტენდერებს საკუთარი თავისთვის აცხადებენ.