დავით უსუფაშვილი: "რატომ იჩივლა ხაზარაძემ ივანიშვილთან, ჩხარტიშვილი მჩაგრავსო?" - კვირის პალიტრა

დავით უსუფაშვილი: "რატომ იჩივლა ხაზარაძემ ივანიშვილთან, ჩხარტიშვილი მჩაგრავსო?"

"არ გამოვრიცხავ, რომ ხაზარაძის ამბები უკავშირდებოდეს სასამართლოში არსებული პრობლემების გადაფარვას"

"ივანიშვილს იმედი ჰქონდა, რომ ერთი სადავე მაინც ჰქონდა ხელთ - ძალოვანები და ამით ყველაფერს დაალაგებდა. მიხვდა, რომ ასე არ არის, პოლიტიკური ცხოვრება გაცილებით მრავალფეროვანია და მხოლოდ უშიშროებით, პროკურატურითა და სასამართლოთი კონტროლი ვერ მყარდება", - ამბობს "შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი, რომელსაც ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ვესაუბრეთ.

- უსაფრთხოების საბჭოს სისტემაში პრეზიდენტის ვერ თუ არგათვალისწინებით ინსტიტუციურ-პერსონალური კონფლიქტებისთვის ნოყიერი ნიადაგი იქმნება, რაც ძალიან საზიანოა ქვეყნისთვის.

უსაფრთხოების საკითხებში კონსტიტუციით წახდენილი საქმის საკანონმდებლო დონეზე ოდნავ მაინც გამოსასწორებლად უსაფრთხოების საბჭოს უნდა ეწოდოს "საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო", მის სხდომებს უნდა გაუძღვეს პრემიერ-მინისტრი და მოწვეული უნდა იყოს პრეზიდენტი. უსაფრთხოების საბჭოს საქმიანობა უნდა უზრუნველყოს მთავრობის ადმინისტრაციის სპეციალურმა ქვედანაყოფმა, რომელსაც უხელმძღვანელებს პრემიერ-მინისტრის დანიშნული საბჭოს მდივანი. ეს აუცილებელია, რადგან პრეზიდენტმა, როგორც სახელმწიფოს მეთაურმა და უმაღლესმა მთავარსარდალმა, უნდა გაიზიაროს პასუხისმგებლობა ქვეყნის უსაფრთხოებაზე, რისთვისაც უნდა ჰქონდეს შეუზღუდავი წვდომა შესაბამის ინფორმაციასა და ანალიტიკურ მასალაზე.

უსაფრთხოების საბჭოს მდივანი კი უნდა იყოს პრემიერ-მინისტრის "ჩრდილი და აჩრდილი" უსაფრთხოების სტრატეგიულ საკითხებში შესაბამის სახელმწიფო ორგანოებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან კომპლექსურ ურთიერთობაში. ამ საქმეს ყოველდღიურად სჭირდება მაღალი რანგის პროფესიონალის 24 საათი და არა რომელიმე მინისტრის გამოძებნილი 24 წუთი.

წინა საპრეზიდენტო არჩევნებიდან ერთ თვეში პრეზიდენტსა და პრემიერს შორის უკან მოუბრუნებლად გადარბენილ შავ კატას სწორედ "უშიშროების საბჭო" ეწერა ზურგზე.

- ხომ არ შიშობთ, რომ ეს გაუგებრობა დიდ დაპირისპირებაში გადაიზრდება, როგორც ეს 6 წლის წინ "ქართულ ოცნებასა" და მარგველაშვილს შორის მოხდა? - "ქართულ ოცნებას" შევახსენე, რომ სწორედ უშიშროების საბჭოს უკავშირდებოდა პრემიერსა და პრეზიდენტს შორის ურთიერთობის დაძაბვა პირველ ეტაპზე, ამიტომ იმედი გამოვთქვი, რომ ეს გაკვეთილი იქნება ყველასთვის...

- თავად "ქართულ ოცნებაში" შიდაპარტიულ ვითარებაზე რას ფიქრობთ? - საქმე გვაქვს ერთპარტიულ მმართველობასთან. საკონსტიტუციო უმრავლესობა არის პოლიტიკური მონოპოლია. მონოპოლიური მდგომარეობიდან გამომდინარე, დუმილს არჩევს მთავრობა და ამის გამო კარგავს ეფექტიანობას.

რადგან ყველაფერს ვაკონტროლებო, იწყება დაუდევრობა, ფეხის ფეხზე გადადება და მხოლოდ ბოლოში აღმოაჩენენ, რომ პრობლემები შეჰქმნიათ. მერე იწყება ერთმანეთზე გადაბრალება, მერე იმის გააზრება, რომ ცუდად მიდის საქმე.

ამისთვის კი ფიქრობენ, რომ კიდევ უფრო ახლოს უნდა მივიდნენ, ჩაეხუტონ და უპირობო ლოიალურობა შეჰფიცონ ლიდერს, რათა დავიწროებულ გუნდში მათი ადგილი დაინახოს.

"ქართულმა ოცნებამ" რაც შეიძლება დროზე უნდა აირჩიოს სხვა პოლიტიკური განვითარების გზა, რომ ჩასაძირად გამზადებულ ნავს არ ჩაჰყვეს. ეს არის სამოტივაციო გეგმა, რომელიც ყველა მმართველ ერთპიროვნულ უმრავლესობას აქვს.

- ანუ 2020 წლის არჩევნებისთვის მზადება "ოცნებაში" აქტიურად დაიწყო? - დაიწყება უფრო მეტად ლიდერთან ჩახუტება ან ნელ-ნელა დისტანცირება, რადგან არჩევნები მოდის და იქ პოზიციონირებაა საჭირო.

საქართველოში პირველი მოწვევის პარლამენტის დამფუძნებელი კრების არჩევნები 100 წლის წინ, 1919 წლის 14-16 თებერვალს, პროპორციული სისტემით ჩატარდა. საქართველოს ყველა მოქალაქეს ვულოცავ ამ მნიშვნელოვან იუბილეს და ვწუხვარ, რომ გვყავს ხელისუფლება, რომელიც გვეუბნება, რომ შემდეგი პროპორციული არჩევნების ჩასატარებლად მხოლოდ 2024-ში მოვმწიფდებით. ასე რომ არ მოხდეს, "შენების მოძრაობა" აქტიურად მონაწილეობს იმ პროცესში, რომელიც დაიწყო. პარლამენტში დარეგისტრირდა ინიციატივა მოქალაქეთა ხელმოწერების შეგროვების თაობაზე, რათა პროპორციული არჩევნები 2020 წელს ჩატარდეს. ეს არ არის ვინმეს ახირება, ეს საჭიროა ქვეყნის სწორ გზაზე დასაყენებლად. აშკარაა, რომ ერთმმართველობა უნდა დასრულდეს. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება პრობლემების მოგვარება.

- მოსამართლეების დანიშვნის გამო ატეხილი აჟიოტაჟი გახდება თუ არა მმართველ პარტიაში სერიოზული განხეთქილების საბაბი?

- უკვე გახდა. პარტია, პრაქტიკულად, გაყოფილია. რამდენიმე ადამიანი უფრო მწვავედ აფასებს თავის კოლეგებს, ვიდრე ოპოზიცია. მათ ფორმალურად ჰქვიათ თუ არა უმრავლესობა, რა მნიშვნელობა აქვს.

- თქვენი აზრით, ივანიშვილი სრულად აკონტროლებს ვითარებას? - ივანიშვილს იმედი ჰქონდა, რომ ერთი სადავე მაინც ჰქონდა ხელთ, ძალოვანები და ამით ყველაფერს დაალაგებდა. მიხვდა, რომ ასე არ არის, პოლიტიკური ცხოვრებ\ა გაცილებით მრავალფეროვანია და მხოლოდ უშიშროებით, პროკურატურითა და სასამართლოთი კონტროლი ვერ მყარდება. ახლა ცდილობს, რომ ყველა სადავე ხელში აიღოს, მაგრამ ამის შესაძლებლობა უკვე დაკარგული აქვს.

- "თიბისი ბანკზე" მინდა გკითხოთ. ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ ხაზარაძეს პოლიტიკურად დევნიან და ეს ანაკლიის პორტის საკითხს უკავშირდება. - სწორედ უსაფრთხოების საკითხს უკავშირდება "თიბისი ბანკის" გარშემო განვითარებული მოვლენები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ სადამსჯელო ქმედებები ბანკის თუ საფინანსო ინსტიტუტის მიმართ. მეორე მხრივ, ეს არ უნდა გახდეს სიმართლის დამალვის საფუძველი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არის ნასაზრდოები პოლიტიკური რევანშისა და პრევენციის მოტივით - ვიღაცამ ჩათვალა, ხაზარაძემ დამოუკიდებლად რაღაც გააკეთაო, ან შეიძლება ხაზარაძე ჩათვალეს იმ ტიპის მოქალაქედ, რომელიც თავისი ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე სახიფათოა, ამიტომ ის სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს. პრევენციაც სწორედ ეს არის, ხაზარაძის საქმე სხვებისთვისაც გზავნილია, რომ ჭკუით იყონ.

- "კვირის პალიტრასთან" ცოტა ხნის წინ განაცხადეთ, რომ შესაძლოა ეს მხოლოდ ანაკლიის პორტს არ უკავშირდებოდეს და "თიბისი ბანკის" გარშემო განვითარებული მოვლენების კონტექსტში საუბრობდით ვანო ჩხარტიშვილის შესაძლო როლზე. იქნებ ახლა განმარტოთ, რა როლი შეიძლება ჰქონდეს ამ ყველაფერში ჩხარტიშვილს? - ეროვნულმა ბანკმა 11 წლის წინ ვერ შეამჩნია რაღაც დარღვევა და ახლა უჩერებს უფლებამოსილებას მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელ პოსტებზე?! ეს ხომ საქმის პოლიტიკურ კონტექსტზე მიუთითებს...

ადამიანს ფულის გათეთრებას აბრალებენ, მაგრამ ერთი სიტყვაც კი ვერ მოვისმინეთ, რა სქემით ათეთრებდა ფულს. ეს სერიოზულ ეჭვს ბადებს.

მინდა გავიხსენო ივანიშვილის განცხადება, მან თქვა, რომ მოაგვარა ურთიერთობა ჩხარტიშვილსა და ხაზარაძეს შორის. ამ შეხვედრაზე კიდევ სხვა ცნობილი ამბები ხდებოდა, მაგალითად, რატომ მოუწია ხაზარაძეს ამ შეხვედრაზე მისვლამ.

- რა იცით ამ ცნობილი ამბების შესახებ?

- არის თემები და საკითხები, რომელიც ჩემი სათქმელი არ არის. ჩემი თქმით, საქმე უფრო გაფუჭდება. ვისი სათქმელიც არის, გამოვიდეს ის ხალხი და თქვას. ეს არ არის კერძო საქმე. ეს სერიოზული ჟურნალისტური გამოძიების საქმეა. რატომ მოუწია ხაზარაძეს ივანიშვილთან ჩივილით მისვლამ, რომ ჩხარტიშვილი ჩაგრავდა? სასამართლოში რაღაცები რომ ხდება, იმიტომ ხომ არ მივიდა?!

არ გამოვრიცხავ, რომ ხაზარაძის ამბები უკავშირდებოდეს სულ სხვა რამეს, მაგალითად, სასამართლოში არსებული პრობლემების გადაფარვას. აშკარაა საზოგადოების უკმაყოფილება, ამიტომ საჭიროა ხალხის ყურადღების სულ სხვა საქმეზე გადატანა.