საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით შედგენილი რუკების გავრცელება დასჯადი ხდება - კვირის პალიტრა

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით შედგენილი რუკების გავრცელება დასჯადი ხდება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 18 თებერვლის სხდომაზე “სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებას განიხილავს, რომლის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით შედგენილი რუკების გავრცელება სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება.

ინიცირებული პროექტის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით შედგენილი რუკის ნაბეჭდი გამოცემის ან ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადება, წარმოება გავრცელება, რეკლამირება, რეალიზაცია, საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა - დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

პროექტი დეპუტატებმა ირაკლი სესიაშვილმა და ოთარ ჩრდილელმა მოამზადეს. “საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობა დადასტურებულია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით, აღიარებულია სახელმწიფოთა მსოფლიო თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ბოლო პერიოდის განმავლობაში ადგილი ჰქონდა შემთხვევებს, როდესაც ხორციელდებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით შედგენილი რუკების გავრცელება. მიზანშეწონილია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ზემოაღნიშნული ქმედება განიხილებოდეს დასჯად ქმედებად და დაწესდეს სათანადო სასჯელი“, - აცხადებენ პროექტის ავტორები.

"ინტერპრესნიუსი"