"ბავშვობაში, აქ თამაშისას ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ერთ დღეს ლევილში დავბრუნდებოდი, როგორც საქართველოს პრეზიდენტი“ - კვირის პალიტრა

"ბავშვობაში, აქ თამაშისას ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ერთ დღეს ლევილში დავბრუნდებოდი, როგორც საქართველოს პრეზიდენტი“

17 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთს ეწვია, სადაც მისი ვიზიტი 19 თებერვლამდე გასტანს და რომლის ფარგლებშიც, ზურაბიშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდება. ასევე დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, მათ შორის: UNESCO-ს გენერალურ მდივანთან და სენატის პრეზიდენტთან.

ვიზირის პირველ დღეს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში, შვილებთან ერთად, წმინდა ნინოს სახელობის იმ ეკლესიაში დაესწრო წირვას, რომელიც მისი მამის, საფრანგეთში ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის, ლევან ზურაბიშვილის ინიციატივითა და ძალისხმევით მოეწყო. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. პრეზიდენტი, ოჯახთან ერთად პარიზის წმ. ნინოს ეკლესიაში

ტაძრის წინამძღვარმა, მამა არჩილმა ის პერიოდი გაიხსენა, როცა ბავშვობაში, სალომე ზურაბიშვილი აქტიურად დადიოდა ეკლესიაში და მგალობელთა გუნდში გალობდა. მან პრეზიდენტს საკუთარ საქმიანობაში წინსვლა და წარმატებები უსურვა.

„ჩვენ ვიმყოფებით ქართული ემიგრაციის ეკლესიაში, რომელიც ლევან ზურაბიშვილის, იოსებ კემულარიას და ილამაზ დადეშქელიანის დაფუძნებულია. ჩვენი სალომე დადიოდა აქ ბავშვობიდან. მახსოვს, როგორ გალობდა გუნდში, ბევრი ასეთი შინაურული მოგონებები გვაქვს. დიდი იმედი მაქვს, რომ თავისი საქმიანობით ევროპასთან და უცხო ქვეყნებთან ურთიერთობაში დიდ წინსვლასა და წარმატებებს მიაღწევს. ამ იმედით ვლოცულობთ მისთვის და საქართველოსთვის", - განაცხადა მამა არჩილმა.

პარიზში წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია 1929 წელს იმ ქართველი მართლმადიდებლებისათვის დაარსდა, რომლებმაც 1921 წელს რუსული ოკუპაციის შემდეგ, საფრანგეთს შეაფარეს თავი.

წმინდა ნინოს მრევლისათვის პარიზში წირვა-ლოცვა 1944 წლიდან დაქირავებულ შენობებში აღევლინებოდა, 1973 წელს კი, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მამის, საფრანგეთში ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის, ლევან ზურაბიშვილის ინიციატივით, პარიზში მოხერხდა ადგილის შეძენა და საფრანგეთსა და უცხოეთში მცხოვრები ქართველების შემოწირულობებით სამლოცველოს მოწყობა.

1990-იან წლებამდე ეს იყო ერთადერთი ღვთისმსახურების ადგილი საქართველოს ფარგლებს გარეთ, სადაც წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე აღევლინებოდა.

სალომე ზურაბიშვილი ვიზიტის ფარგლებში ასევე ეწვია ლევილსაც. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ლევილის სასაფლაოზე ყვავილებით შეამკო ემიგრაციაში გარდაცვლილ თანამემამულეთა მემორიალი, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას და მშობლების საფლავები და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. სალომე ზურაბიშვილს ლევილში, დაბა ლევილის მერმა, ერიკ ბრეივმა უმასპინძლა.

პრეზიდენტი ლევილის ქართულ მამულსაც ეწვია, ბავშვობის წლები გაიხსენა და აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან ამაღელვებელია ლევილში საქართველოს პრეზიდენტის რანგში სტუმრობა.

"ბავშვობისას, ამ ადგილებში თამაშისას ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ერთ დღეს დავბრუნდებოდი, როგორც საქართველოს პრეზიდენტი. ცხოვრებაში ძალიან ბევრი მოულოდნელი და დაუგეგმავი რამ ხდება", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ლევილის ისტორიული მამული საქართველოს დევნილმა მთავრობამ სახელმწიფო სახსრებით 1922 წელს შეიძინა. საქართველოს კი, იგი 2016 წელს გადმოეცა.

20-21 თებერვალს კი სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში გაგრძელდება, სადაც ის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდება. პრეზიდენტის ვიზიტების მიზანი ევროკავშირსა და ნატო-სთან საქართველოს ურთიერთობის გაღრმავებაა.

იხილეთ ასევე: "ოთარი და სალომეც ქართველებად დაიბადნენ - საბუთებში "ლტოლვილი" ეწერათ"