"აშკარად ასე უყენებენ ხაზარაძეს საკითხს: თუ სურს ბანკის შენარჩუნება, უნდა გამოვიდეს ანაკლიის პროექტიდან." - კვირის პალიტრა

"აშკარად ასე უყენებენ ხაზარაძეს საკითხს: თუ სურს ბანკის შენარჩუნება, უნდა გამოვიდეს ანაკლიის პროექტიდან."

სულ უფრო მძაფრდება სკანდალი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ფინანსური ინსტიტუტის, "თიბისი ბანკის" გარშემო. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც გაირკვა, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება ბანკის წინააღმდეგ უკანონო შემოსავლების ლეგალიზების, ე.წ. ფულის გათეთრების ბრალდებით დაიწყო. საქმე შეეხება 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას.

ამ პროცესების კულმინაციად იქცა ა.წ. 14 თებერვალს საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, რომლითაც ის ითხოვს, "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრობა შეუჩერდეთ საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილე ბადრი ჯაფარიძეს

შექმნილი ვითარება უამრავ კითხვას აჩენს, მათ შორის უმნიშვნელოვანესია, ხომ არ დგას ამ პროცესების მიღმა პოლიტიკური ინტერესები, რომლებიც მართლაც უკავშირდება ანაკლიის პორტის მშენებლობას? შეგახსენებთ, ანაკლიის პორტი ქვეყნისთვის სტრატეგიული პროექტია, რომელსაც "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" ახორციელებს. მასში შემავალ ხუთ საერთაშორისო კომპანიას შორისაა "თიბისი ჰოლდინგიც". ის არის "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებელი, ძირითადი პარტნიორი და პროექტის დეველოპერი. გთავაზობთ ამონარიდს ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძის „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

- დავიწყოთ ბრალდებით, საქმე შეეხება 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას, არადა, მთელი ამ 11 წლის განმავლობაში ჩატარებულ აუდიტორულ დასკვნასა თუ ანგარიშებს ეროვნული ბანკი ჩვეულებრივ იღებდა. მათთვის დღემდე ყველაფერი რიგზე იყო და უცებ გამოინახა რაღაც ტრანზაქცია, რომლითაც კანონი დაირღვა. ხომ ცხადზე ცხადია, რომ ეს მხოლოდ საბაბია, როგორც ჩანს, სხვა ვერაფერი იპოვეს, ოღონდ საბაბია არა იმისთვის, რომ ბანკი ვინმემ ჩაიგდოს ხელში, არამედ იმისთვის, რომ იქ მენეჯმენტი შეცვალონ.

- რატომ, რა მიზნით?

- ამ კითხვაზე კითხვითვე გიპასუხებთ: რატომ გახდა ეს საკითხი მაინცდამაინც აქტუალური მაშინ, როდესაც "თიბისი ბანკი" შევიდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საქმეში? სწორედ აქ არის დამარხული ძაღლის თავი. ჩემი აზრით, საქმე გაცილებით სახიფათოდ არის, ვიდრე ვიღაც ერთი გავლენიანი ქართველის მცდელობაა, ჩაიგდოს ხელში ბანკი ან ანაკლიის პორტი.

- დიდი ანალიზი არ სჭირდება იმას, რომ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ანაკლიის პორტის მშენებლობა ყველაზე მეტად რუსეთისთვის არის მიუღებელი, ამიტომაც უკვე გამოითქვა ვარაუდები, რომ ამ პროცესების უკან შესაძლოა სწორედ რუსეთის ინტერესები დგას. - გეთანხმებით, რომ რუსეთი ყველაზე მეტად არის დაინტერესებული ამ პროექტის ჩაშლით, შესაბამისად, ამ ვარაუდს აქვს საფუძველი, თუმცა მე მაკვირვებს აშშ-ის პოზიცია. წესით, უკვე განგაშის ზარი უნდა ჩამოეკრათ, ჩვენ კი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მხოლოდ ერთი განცხადება მოვისმინეთ. ჩემი აზრით, "თიბისი ბანკის" უცხოელ აქციონერებზე არ უნდა ჰქონდეს რუსეთს ისეთი გავლენა, რომ ისინი ასე გაჩუმებულიყვნენ. ვფიქრობ, მათი მონაწილეობისა და ჩუმი შეთანხმების გარეშე ეს პროცესები ვერ დაიწყებოდა.

დავუშვათ, ეს რუსეთის წამოწყებული პროცესია, მან რაღაც ანკესი გადაუგდო ივანიშვილს, რომელიც წამოეგო და ჩაერთო ამ პროცესში, თავის მხრივ, მან მასში ჩართო პროკურატურა და ეროვნული ბანკი, მაგრამ რას აკეთებენ ამ დროს აშშ და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთა უმნიშვნელოვანესი ინტერესიც არის ანაკლიის პორტის მშენებლობა?!

ამიტომ კიდევ ერთი ვარაუდის საფუძველს ვხედავ: ხომ არ დაუპირისპირდა მამუკა ხაზარაძის გუნდი დიდი ქვეყნების რაღაც დიდ, სტრატეგიულ ინტერესებს? არ ვიცი, ამის მიზეზი რა შეიძლება ყოფილიყო. ფაქტი ერთია, რომელიღაც დიდი ძალაა დაინტერესებული, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობაში მენეჯმენტი შეიცვალოს.

აშკარად ძალიან ძლიერი საერთაშორისო ლობისტური ჯგუფები არიან ამ პროცესში ჩართული.

აშკარად ასე უყენებენ ხაზარაძეს საკითხს: თუ სურს ბანკის შენარჩუნება, უნდა გამოვიდეს ანაკლიის პროექტიდან. აქვე კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს არის მხოლოდ ჩემი ვარაუდები საჯაროდ ცნობილ ფაქტებზე დაყრდნობით და არანაირ დამატებით ინფორმაციას არ ვფლობ.

აუცილებლად უნდა ვთქვა ერთი რამ - ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ეს პორტი აშენდეს, მას ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს… ანაკლიის პორტი, შეიძლება ითქვას, არის ზბიგნევ ბჟეზინსკის გეგმების გაგრძელება, რაც აშშ-ის გავლენის გაძლიერებას გულისხმობს. ის იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი და ღრმა პორტი შავ ზღვაში, თუ სევასტოპოლს არ ჩავთვლით.

ვფიქრობ, ერთი საერთაშორისო ჯგუფი, რომელშიც შედის მამუკა ხაზარაძე, დაუპირისპირდა მეორე ასევე საერთაშორისო ჯგუფს, რომელსაც ასევე ჰყავს ქართველი მონაწილეები, შესაძლოა მათ შორის ბიძინა ივანიშვილიც არის. არ გამოვრიცხავ ამავე ჯგუფში იყოს ვანო ჩხარტიშვილიც. როგორც წესი, სადაც რაღაც ინტრიგებია, ის პირველ რიგებშია ხოლმე, თუმცა ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, ის ფოთოლია, რომელიც დინებას მიჰყვება, ის ამხელა ნიაღვარს ვერ გამოიწვევდა.

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენ საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად