კობა დავითაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება - კვირის პალიტრა

კობა დავითაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება

"დავბრუნდი პოლიტიკაში და კენჭს ვიყრი მთაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატად"

ყოფილი დეპუტატი კობა დავითაშვილი მთაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატად იყრის კენჭს. "დამთავრდა ის დრო, როდესაც ერთის ჯიბრით მეორეს ხმა მივცეთ და ჩვენ ავიღოთ პასუხისმგებლობა ამ ქვეყანაზე. ჩვენ გვინდა პირველი პოლიტიკური ძალის შექმნა და არა მესამესი, მესამეობა დაგვილოცია სხვისთვის,” - განაცხადა კობა დავითაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, მთაწმინდის ოლქში კენჭისყრის ამოცანაა, ხელი შეუწყოს კონსერვატორულ, ეროვნულ, ტრადიციულ ფასეულობებზე დამყარებული, სოლიდური, გაწონასწორებული ძალის ფორმირებას, რომელიც მოვა ხელისუფლებაში.

"მინდა გაცნობოთ,რომ დავბრუნდი პოლიტიკაში და მინდა კენჭი ვიყარო მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარ დეპუტატად, დამოუკიდებელ კანდიდატად. ჩემი ამოცანაა გაწონასწორებული ძალის ფორმირება, რომელიც მოვა ხელისუფლებაში და შეცვლის "ქართულ ოცნებას“, რომლის პოლიტიკურმა ნაბიჯებმა ჩვენ დაგვანახა, რომ ისინი გაცნობიერებულად, თუ გაუცნობიერებლად ქვეყანას იმ კურსით მიატარებენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება რეალური ხდება. ჩვენ ვნახეთ წაგებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური, შემდეგ დიდი ძალისხმევით მეორე ტურში ვითარების გამოსწორება, მაგრამ დავინახეთ, რომ ხელისუფლებამ, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, რომ გაიგო ხალხის გზავნილი, სინამდვილეში ვერაფერიც ვერ გაიგო და აგრძელებს იმ კურსს, რამაც მიიყვანა იმ სავალალო შედეგებამდე, რაც ჩვენ ვიხილეთ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში. დადგა დრო, რომ გავერთიანდეთ და შევქმნათ არა მესამე, არამედ პირველი და სახელისუფლებო ძალა, რომ პოლიტიკური ძალა არ იყოს ხელისუფლებაზე ორენტირებული, რომელსაც ხშირად ვხედავთ - იგივე ხალხი იყო "მოქალაქეთა კავშირში“, "ნაციონალურ მოძრაობაში“, "ქართულ ოცნებაში“... ჩვენი ამოცანა არის იდეოლოგიური, პოლიტიკური ძალის შექმნა, დაფუძნებული ტრადიციულ ღირებულებებზე. დამთავრდა ის დრო,როდესაც ერთის ჯიბრით მეორეს ხმა მივცეთ და ჩვენ ავიღოთ პასუხისმგებლობა ამ ქვეყვანაზე. ჩვენ გვინდა პირველი პოლიტიკური ძალის შექმნა და არა მესამესი, მესამეობა დაგვილოცია სხვისთვის,” - განაცხადა კობა დავითაშვილმა.