"ეს სიტუაცია ურტყამს ყოველ ჩვენთაგანს და ქვეყანას" - რას ამბობს რომან კაკულია "თიბისი ბანკზე"? - კვირის პალიტრა

"ეს სიტუაცია ურტყამს ყოველ ჩვენთაგანს და ქვეყანას" - რას ამბობს რომან კაკულია "თიბისი ბანკზე"?

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია მიიჩნევს, რომ "თიბისი ბანკის" ირგვლივ განვითარებული მოვლენები ურტყამს ქვეყანას, თუმცა მთავარია, გამოძიებამ ყველა კითხვას გონივრული პასუხი გასცეს.

როგორც კაკულიამ აღნიშნა, მას მოლოდინი აქვს, რომ გამოძიება შეკითხვებს გონივრულ და ადეკვატურ პასუხებს გასცემს.

"ეს სიტუაცია ურტყამს ყოველ ჩვენთაგანს და ქვეყანას, მაგრამ ამ ყველაფერს გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი. ხოლო პასუხი იმდენად გონივრული უნდა იყოს, მივხვდეთ, რომ ეს პროცესი ამ რისკად ღირდა და ნამდვილად ისეთ საქმეზეა საუბარი, რომელზეც პროკურატურა თვალს ვერ დახუჭავდა. თუკი დავინახავთ სიტუაციას, როდესაც არაადეკვატურობასთან გვექნება საქმე, კრიტიკული შენიშვნები ობიექტური იქნება. წინასწარ არაფერს შევაფასებ, თუმცა მოლოდინი მაქვს, რომ ამ ლეგიტიმურ შეკითხვებს თავისი გონივრულობით და ადეკვატურობით უპასუხებს პროკურატურა და გამოძიება", - განაცხადა რომან კაკულიამ.

დეპუტატს უჭირს შეფასების გაკეთება, თუ რამდენად გონივრული იყო პროკურატურის განცხადება, მაგრამ იმედოვნებს, რომ გამოძიების მიერ დეტალების გაჟღერების შემდეგ კომენტარის გასაკეთებლად უფრო "ზურგგამაგრებული იქნება".

"ამ ეტაპზე, ვფიქრობ, გონივრული დრო არ გასულა იმისთვის, რომ საკითხის საპარლამენტო მოსმენაზე ვიფიქროთ, მაგრამ თუ ამ საჭიროებას დავინახავთ, ჩვენი კომიტეტი სწორედ ის არის, რომელმაც ეს საკითხი უნდა დააყენოს. ეროვნული ბანკის ქმედება აბსოლუტურად კანონიერების ფარგლებში იყო. ეს რომ არ გაეკეთებინა, შეკითხვები ნამდვილად გაჩნდებოდა. ეს უფრო მეტად იყო რეაქცია უკვე გაკეთებულ რეაქციაზე", - აღნიშნა რომან კაკულიამ.

"ინტერპრესნიუსი"