"იცოდეთ, საფრანგეთი ყოველთვის იქნება საქართველოს გვერდით, როგორც ეს იყო ადრე და როგორც ეს იყო 2008 წელს" - კვირის პალიტრა

"იცოდეთ, საფრანგეთი ყოველთვის იქნება საქართველოს გვერდით, როგორც ეს იყო ადრე და როგორც ეს იყო 2008 წელს"

იცოდეთ, საფრანგეთი ყოველთვის იქნება საქართველოს გვერდით, როგორც ეს იყო ადრე და როგორც ეს იყო 2008 წელს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საქართველოს პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მადლობას გიხდით, რომ ორმხრივი სახელმწიფო ვიზიტების ფარგლებში პირველ ქვეყანად საფრანგეთი აირჩიეთ. იცოდეთ, საფრანგეთი ყოველთვის იქნება საქართველოს გვერდით, როგორც ეს იყო ადრე და როგორც ეს იყო 2008 წელს. შეხვედრისას ქალბატონ პრეზიდენტს განვუცხადე, რომ საფრანგეთი განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" მოსახლეობის სასარგებლოდ ჩართულობის პოლიტიკა მნიშვნელოვანია. ჩვენ ხელს შევუწყობთ ამ ინიციატივის წარმატებას. ჩვენ ასევე განვიხილეთ უსაფრთხოების სიტუაცია კავკასიის რეგიონში, შავ ზღვაში, რეგიონალური გამოწვევები. ასევე ვისაუბრეთ ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე. სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში მიმიწვია და მოხარული ვიქნები გეწვიოთ. ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენ აქ საფრანგეთში მხოლოდ მეგობრები გყავთ...

ჩვენ მტკიცედ ვგმობდით და ვგმობთ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს ადმინისტრატიულ ხაზზე სეპარატისტულ რეგიონებსა და დანარჩენ საქართველოს შორის. ქალბატონ პრეზიდენტთან საუბრისას მე ერთმნიშვნელოვნად განვაცხადე, რომ ეს პროცესი ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. ეს პროცესი საფრთხეს უქმნის მოსახლეობას, მათ დაბრკოლებებს უქმნის თავისუფალ გადაადგილებაში. ყველაფერი ეს ხელს არ უწყობს ვითარების ნორმალიზებას. საფრანგეთი ყოველთვის მოუწოდებდა რუსეთს ამ საკითხთან მიმართებაში კონსტრუქტიული მიდგომა გამოეყენებინა, რაც ასევე მოიცავს ევროკავშირის დაშვებას ამ რეგიონებში. ეს ის პოზიციაა, რომელიც ჩვენ მომავალშიც გვექნება. რუსეთს მოვუწოდებთ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დებულებები დაიცვას", - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

იხილეთ ასევე: "თქვენ სრულად ქართველი და სრულად ფრანგი ბრძანდებით" - როგორ მიმართა მაკრონმა ზურაბიშვილს

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო