"ეს არ არის მხოლოდ ცალკეული პიროვნებების პროექტი" - რას ამბობს ეკონომიკის მინისტრი ანაკლიის პორტის პროექტსა და "თიბისი ბანკის" საქმეზე? - კვირის პალიტრა

"ეს არ არის მხოლოდ ცალკეული პიროვნებების პროექტი" - რას ამბობს ეკონომიკის მინისტრი ანაკლიის პორტის პროექტსა და "თიბისი ბანკის" საქმეზე?

ჩვენ, როგორც მთავრობა მხარს ვუჭერთ ანაკლიის პორტის პროექტს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრმა განუცხადა.

გიორგი ქობულია "თიბისი ბანკთან" დაკავშირებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მას ანაკლიის პროექტზე "ძალიან დიდი გავლენა" არ მოუხდენია.

"ჩვენი მხარდაჭერა გამოიხატება იმ დაფინანსებაში, რომელსაც ვაძლევთ ამ პროექტს. ეს ეხება მიწების გამოსყიდვას, ინფრასტრუქტურის მშენებლობას, 100 მილიონ დოლარამდე პირდაპირ ინვესტიციას პროექტის კაპიტალში. მე მგონი, ეჭვი არ უნდა შეეპაროს არავის, რომ მთავრობა გვერდში უდგას ამ პროექტს და ეხმარება.

რაც შეეხება პროექტზე მიმდინარე პროცესის ზემოქმედებას, ამ პროექტში ჩართულია მთელი კონსორციუმი. ეს არ არის მხოლოდ ცალკეული პიროვნებების პროექტი, ამიტომ ვერ ვხედავ ისეთ ძალიან დიდ გავლენას ამ პროექტზე", - განაცხადა ქობულიამ.

რაც შეეხება ზოგადად ქვეყნის ეკონომიკაზე გავლენას, მინისტრის თქმით, "რაღაც გავლენა აქვს".

"ვიმედოვნებ, ეს ხმაური ჩაცხრება და დამთავრდება იმიტომ, რომ რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის მოვლენები ზოგადად ჩვენს ეკონომიკაზე და ქვეყანაზე არ აისახება პოზიტიურად. "თიბისის" ბიზმესმენთა ჯგუფი წამყვანი ჯგუფია საქართველოში და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი მშვიდობიანად დამთავრდება და ყველაფერი კარგად იქნება," - განაცხადა ქობულიამ.

როგორც ქობულიამ განაცხადა, მას პროკურატურის ქმედების სისწორის შეფასების უფლება არ აქვს.

"მე რაც ვიცი და რაც წავიკითხე ამის შესახებ, აქ არის რეალურად სერიოზული ბრალდება დამყარებული ფაქტებზე და ჩვენ ამის უგულვებელყოფა, რა თქმა უნდა, არ შეგვიძლია. აქ არ არის ლაპარაკი მარტო პოლიტიკურ განვითარებაზე. აქ არის კონკრეტული ფაქტები და ბრალდება არის სერიოზული," - განმარტა მინისტრმა.

ქობულიამ ეროვნული ბანკის ქმედებაც შეაფასა. მისი თქმით, "მარეგულირებლის ქმედებას საკმაო საფუძველი ჰქონდა".

"ინტერპრესნიუსი"