"მე ვიყავი ფრანგიც და ქართველიც ბოლომდე" - რა ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი ზურაბიშვილმა და მაკრონმა? - კვირის პალიტრა

"მე ვიყავი ფრანგიც და ქართველიც ბოლომდე" - რა ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი ზურაბიშვილმა და მაკრონმა?

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან პირისპირ და დელეგაციების თანხლებით, პარიზში გაფართოებული შეხვედრა გამართა.

როგორც შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, საფრანგეთი იყო ის ქვეყანა, რომელმაც 2008 წელს გამოიჩინა თავისი სოლიდარობა, მხარდაჭერა და "ჩაერთო იმ კონფლიქტის იმ დროისთვის შეწყვეტაში".

მან მადლობა გადაუხადა ემანულ მაკრონს იმისთვის, რომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი მის უნაუგურაციაზე ქვეყნის წარმომადგენლად გამოუშვა.

"ამ წარსულის გამო, ჩვენ ერთგვარად, იძულებულები ვართ, რომ ჩვენი ურთიერთობები და მეგობრული ურთიერთობა კიდევ უფრო გავაღრმაოთ და ამ მხრივ, მე მიმაჩნია, რომ ჩემი არჩევანიც ერთგვარი სიმბოლოა. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ როცა საქართველოს მოსახლეობამ ამირჩია, ამირჩია, ერთდროულად, როგორც ევროპელი პრეზიდენტი და ამირჩია იმისთვის, რომ სწორედ, ეს როლი შევასრულო საქართველოსა და ევროპას შორის, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავახლოვდეთ, სანამ ის დღე მოვა, როცა ევროპისა და ევროკავშირის სრული წევრები გავხდებით...

საფრანგეთი ყოველთვის იყო ის ქვეყანა, რომელიც ბოლომდე იცავდა ქართულ ემიგრაციას და ყველა საშუალებას აძლევდა იმისთვის, რომ თავი ეგრძნო საფრანგეთში ისე, როგორც თავის ქვეყანაში. მე ვარ ამის მაგალითი, რომ მივიღე ყველა ეს საშუალება, თუმცა ის, რომ დიპლომატიური კარიერა ბოლომდე მიმეყვანა ელჩის სტატუსამდე ისე, რომ არავის არასოდეს არ ჰქონია რამე პრეტენზია იმასთან მიმართებით, რომ მე ვიყავი ფრანგიც და ქართველიც ბოლომდე" - განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, საფრანგეთის მხრიდან გარდა განცხადებების გაკეთებისა, არის მზადყოფნა, რომ რუსეთს აღებული ვალდებულებები გაახსენოს.

"მგონი იმისთვის, რომ საფრანგეთი გახდეს რუსეთთან შუამავალი, უნდა იყოს მეორე მხრიდანაც თანხმობა, რის დღეს არსებობაშიც დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ საფრანგეთის მზადყოფნა, რომ არამხოლოდ განცხადებებს აკეთებს და მუდმივად იმეორებს, რომ ჩვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ცნობს და გვეხმარება არაღიარების პოლიტიკაში. განცხადების იქით ასევე, არის მზადყოფნა, რომ რუსეთს თავისი ვალდებულებები ყველანაირად გაახსენოს იმ ფორმატში და იმ მომენტში, როდესაც ამის საშუალება მიეცემა. ეს მზადყოფნა არსებობს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა და ემანუელ მაკრონმა ხელი მოაწერეს "ქართულ-ფრანგული დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგის" დაფუძნების შესახებ თანამშრომლობის დეკლარაციას.

დეკლარაცია მიზნად ისახავს თანამშრომლობის განვითარებასა და გაღრმავებას პოლიტიკური და საპარლამენტო, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ვაჭრობის და ეკონომიკის, ასევე, კულტურის და განათლების სფეროებში.

"მინდა, ხაზი გავუსვა, რომ დიმიტრი ამილახვარის სახელობის ხელშეკრულება, რასაც დღეს ხელი მოეწერა, ასევე არის სიმბოლო. ჩემთვის დიმიტრი ამილახვარი არის ძალიან ახლოს, შეიძლება იმიტომ, რომ გავიზარდე ამ გმირის პატივისცემაში და მას ქართულ ემიგრაციაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა. ყველას ახსოვს ლექსი, რომელიც მთავრდება იმით, რომ დიმიტრი ამილახვარი 2 ტყვიით მოკვდა, ერთით საქართველოსთვის და ერთით საფრანგეთისთვის. ის, რომ საფრანგეთსა და საქართველოს შორის ეს ახალი შეთანხმება მისი სახელობის არის, ნიშანდობლივია. ეს იქნება წლიური ფორმატი და გაიშლება სხვადასხვა დაგობრივი მიმართულებით. ეს გვაძლევს იმ ჩარჩოებს, რომელშიც ჩვენ ერთად გავაგრძელებთ თანამშრომლობას", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით

იხილეთ ვიდეო