რა ჰკითხეს სალომე ზურაბიშვილს სტალინზე და რა უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა? - კვირის პალიტრა

რა ჰკითხეს სალომე ზურაბიშვილს სტალინზე და რა უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა?

რაც შეეხება ქართულ ტოლერანტობას, სახელი სტალინი რამეს გეუბნებათ? - ამ შეკითხვით რადიოსადგურ RTL-ის ჟურნალისტმა გადაცემაში სალომე ზურაბიშვილს მას შემდეგ მიმართა, რაც საქართველოს პრეზიდენტმა ქართული ტოლერანტობის ტრადიციაზე ისაუბრა.

შეკითხვაზე პასუხისას სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ სტალინი "საბჭოთა ხელმძღვანელი" იყო, რასაც ჟურნალისტის საპასუხო შეკითხვა მოჰყვა, ნიშნავდა თუ არა ეს იმას, რომ საქართველოს პრეზიდენტი სტალინს უარს ეუბნებოდა მის ქართულ ფესვებზე.

"დიახ, მისი საქციელის გამო. ის თვითონაც მიიჩნევდა ასე. იცით, რომ ის უარს ამბობდა ქართულად ესაუბრა. ცუდად საუბრობდა რუსულად, ძლიერი აქცენტით. რაც შეიძლება იშვიათად ჩამოდიოდა საქართველოში. თავს იმპერიალისტურ ხელმძღვანელად მიიჩნევდა", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება ქართული ტოლერანტობის ტრადიციის შესახებ განცხადებას, რასაც გადაცემის წამყვანის მხრიდან სტალინის შესახებ შეკითხვა მოჰყვა, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ერთ-ერთი, რაც საქართველოს შეუძლია ევროპას შესძინოს, ტოლერანტობის ტრადიციაა.

"ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ ქართველების სურვილი ევროკავშირში გაწევრიანდნენ, უცვლელია. ეს სურვილი ბუნებრივია. ქართველები თავს ევროპელებად მიიჩნევენ. კულტურა, ღირებულებები ერთი გვაქვს. ქართველების ბუნებრივი ოჯახი ევროპაა. ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. მინდა ასევე ვისაუბრო იმაზე, თუ რა შეუძლია საქართველოს შესძინოს ევროპას. ეს ტოლერანტობის ტრადიციაა. შეგახსენებთ, რომ პირველი ებრაული დიასპორა საქართველოში 26 საუკუნის წინ ჩამოვიდა და მათ წინააღმდეგ ერთ ინციდენტსაც არ ჰქონია ადგილი საუკუნეების განმავლობაში", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

იხილეთ ასევე: "ამ კავკასიელის მეშინია" - რა უწინასწარმეტყველა ჰიტლერის პირადმა ასტროლოგმა სტალინს?

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო