"გამოდის, რომ რადგან ჩვენი ინიციატივაა, გვეჯიბრებიან" - რა გადაწყვიტა "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ და რას პასუხობს ბესელია მათ? - კვირის პალიტრა

"გამოდის, რომ რადგან ჩვენი ინიციატივაა, გვეჯიბრებიან" - რა გადაწყვიტა "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ და რას პასუხობს ბესელია მათ?

"ქართული ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოს მორიგი სხდომა დასრულდა. სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით საბჭომ განცხადებაც გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ პარტიის თავმჯდომარისა და მმართველი გუნდის მიერ, გამოითქვა მზადყოფნა, კონსტიტუციურ ფარგლებში, ემსჯელა მოსამართლეთა უვადო დანიშვნის საკითხზე. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის ცალკეული წევრების მიერ, საკუთარ გუნდთან შეთანხმების გარეშე, მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება კონსტიტუციის დებულებებს. პარტიის პოლიტსაბჭოს ინფორმაციით, ეს კანონპროექტი ვერ მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერას.

პარტიის აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი აგრძელებს მუშაობას სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღაზე და საკითხით დაინტერესებულ ყველა მხარეს მოუწოდებს, ღიად და კონსტრუქციულად ჩაერთონ რეფორმის მეოთხე ტალღის შესახებ დისკუსიაში.

"მმართველი გუნდი აგრძელებს მუშაობას სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღაზე. სამუშაო პროცესში ჩართულია დაინტერესებული მხარეების ფართო სპექტრი, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები - ევროსაბჭოს ოფისის, აშშ-ის საელჩოს, ევროკავშირის და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენლები, რისთვისაც მათ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, რეფორმის მეოთხე ფაზა, რომელიც მოიცავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმის, დისციპლინური წარმოებისა და სასამართლოების გადატვირთულობის საკითხებს, დაუყოვნებლივ განახლდება და უპირობოდ დასრულდება მიმდინარე საპარლამენტო სესიის ბოლომდე. ამავე ფორმატში განიხილება მოსამართლეთა უვადო დანიშვნის საკითხიც.

მოვუწოდებთ ყველას, ვინც რეალურად არის დაინტერესებული სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის განმტკიცებით, მისი ეფექტიანობის გაზრდითა და სისტემის მიმართ ნდობის ამაღლებით, ღიად და კონსტრუქციულად ჩაერთონ რეფორმის მეოთხე ტალღის შესახებ დისკუსიაში, რომელმაც 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვრის, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის შემდგომი განმტკიცება უნდა უზრუნველყოს. მმართველი გუნდი იმოქმედებს სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესების შესაბამისად და შექმნის ყველა პირობას სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლების უზრუნველსაყოფად", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია პოლიტსაბჭოს განცხადებას გამოეხმაურა. დეპუტატის თქმით, მის მიერ ინიცირებულ იდეას მხარი შეხვედრაზე ყველა წევრმა დაუჭირა და თუ ამჟამად ფორმულირებაშია პრობლემა, კანონპროექტის ფორმულირების შეცვლა შესაძლებელია.

"რამდენიმე უზუსტობაა განცხადებაში. პირველი - არასწორია ის ინფორმაცია, რომ არ იცოდა უმრავლესობამ ამ ინიციატივის მომზადების თაობაზე. მე ორჯერ დავაყენე საკითხი, მათ შორის ბოლო სხდომაზე, რომ უვადოდ მოსამართლეთა გამწესების შეჩერებას დაუჭერდნენ თუ არა მხარს. იდეას დაეთანხმა ყველა. არავის არც ერთ სხდომაზე არ უთქვამს, რომ არ ეთანხმება პრინციპს - ან ვერ თქვეს. არავის უთქვამს, რომ ეს იდეა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ეს არ ყოფილა შეუთანხმებელი.

რაც შეეხება ფორმულირებას, ამის თაობაზე განხილვა ამ დრომდე არც ფრაქციას, არც უმრავლესობას და არც კომიტეტს არ ჩაუნიშნავს. ფორმულირების შეცვლა ან დამატება ახლაც შესაძლებელია პირველ მოსმენამდე. თუ პრინციპს ეთანხმება უმრავლესობა, ფორმულირების შესაბამისობა კონსტიტუციასთან, საბაბია.

რაც შეეხება არგუმენტს, რომ ეს შეამცირებს მოსამართლეთა რაოდენობას, არ არის სწორი. ჩვენ არ ვამბობთ, რომ მოსამართლეთა რაოდენობა შევამციროთ. არ ვამბობთ ასევე, რომ ახალი მოსამართლეების შემოსვლა და 3 წლით გამწესება შეუძლებელია", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

უმრავლესობის წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის შეფასებით კი, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ კანონპროექტზე უმრავლესობის შეხვედრაზე ორჯერ იმსჯელეს და მაშინ არავის წინააღმდეგობა არ გამოუთქვამს.

"თბილისის მერის დავალებით ბიძინა გეგიძის პროექტი რომ ჩააგდეს რეკრეაციასა და სპორტულ მოედნებზე და მერე კუჭავას ხელით გუშინ ახალი კანონპროექტი შემოიტანეს, დაახლოებით, ასეთი ვარიანტია. რას ნიშნავს ახლა ჩავაგდებთ და ხვალ ვიმსჯელებთ? - ეს არასერიოზულია. გამოდის, რომ რადგან ჩვენი ინიციატივაა, გვეჯიბრებიან. კი ბატონო, ოღონდ საქმე გააკეთონ და საერთოდ გავიწევით გვერდით. ჩემთვის კი არ ვაკეთებ ან სახლში წასაღებად კი არ მინდა ეს ყველაფერი, ქვეყნისთვის ვაკეთებთ.

ის, რომ ჩინჩალაძეს ვიღაცა დასანიშნი ჰყავს და რა ეშველება იმ მოსამართლეს, რომელსაც ჩინჩალაძე ცოტა ხანი ვერ დანიშნავს, ეს არ არის არგუმენტი, რომლითაც საზოგადოებას უნდა უპასუხო. მეორე მომენტი - კობახიძის განცხადება, რომ ამაზე არ გვიმსჯელია, ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით ორჯერ ვიმსჯელეთ და ამ კანონპროექტთან დაკავშირებით წინააღმდეგობა არ გვქონია. არც იმ ადამიანებს არ უთქვამთ არაფერი, ვინც დღეს ერთმანეთს ასწრებენ ეთერში გამოვიდნენ და თქვან, რომ ეს კანონპროექტი არაკონსტიტუციურია.

ძალიან მნიშვნელოვანი კენჭისყრა იქნება ხვალ. დღეს რატომღაც ვერ მოესწრო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ კანონპროექტს ბევრი ადამიანი დაუჭერს მხარს და ვფიქრობ, პარლამენტში ბევრია ადამიანი, ვინც თვლის, რომ ეს ხედვა სწორია,"- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით