ვენეციის კომისია მზად არის, "ქართული ოცნების" შეთავაზება მიიღოს - კვირის პალიტრა

ვენეციის კომისია მზად არის, "ქართული ოცნების" შეთავაზება მიიღოს

ვენეციის კომისია მზად არის, "ქართული ოცნების" შეთავაზება მიიღოს და მოსამართლეთა დანიშვნის წესებისა და კრიტერიუმების შემუშავების პროცესში ჩაერთოს. მმართველი გუნდის შეთავაზებასთან დაკავშირებით "ინტერპრესნიუსი" ვენეციის კომისიის მდივანს, ტომას მარკერტს ესაუბრა.

"ჩვენ ჯერ არ მიგვიღია მოთხოვნა მმართველი პარტიის მხრიდან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე მოსამართლეების უვადო დანიშვნის საკითხზე რაიმე მოსაზრებას ვერ გამოვთქვამ. როდესაც მოგვმართავენ, შემდეგ დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას. ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ პროცესში, თუ საკითხი შეეხება მოსამართლეების დანიშვნის წესების, კრიტერიუმების გამომუშავებას და არანაირად არ იქნება ფოკუსირებული კონკრეტულ პირებზე, მოსამართლეებზე", - განაცხადა ვენეციის კომისიის მდივანმა.

ტომას მარკერტის განმარტებით, ზოგადად, ვენეციის კომისია მხარს უჭერს იმას, რომ "მოსამართლეები პენსიაზე გასვლამდე უვადოდ ინიშნებოდნენ".

"ეს ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება და საჭიროა მოსამართლეების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისთვის", - აღნიშნა ტომას მარკერტმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნება" ვენეციის კომისიას მიმართავს, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხზე კონსულტაციებში ჩაერთოს. ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც საზოგადოებას პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააცნო.

"ვაცხადებთ სრულ მზაობას, დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე, მოვამზადოთ იმგვარი წინადადებები მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხზე, რომლებიც იქნება შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან და ევროსაბჭოს რეკომენდაციებთან, აგრეთვე არ გააღრმავებს პრობლემას სასამართლოს გადატვირთულობის თვალსაზრისით. ამ მიზნით, მივმართავთ ვენეციის კომისიას, ინიციატივის შემუშავების საწყის ეტაპზევე ჩაერთოს აღნიშნულ პროცესში", - განაცხადა კობახიძემ.

იხილეთ ასევე: "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო განცხადებას ავრცელებს

"ინტერპრესნიუსი"