"ქართულ ოცნებას" გუნდის შიგნით შერკინება საერთაშორისო არენაზე გადააქვს, რაც ტაქტიკური სვლაა" - კვირის პალიტრა

"ქართულ ოცნებას" გუნდის შიგნით შერკინება საერთაშორისო არენაზე გადააქვს, რაც ტაქტიკური სვლაა"

"ქართული ოცნების" შიგნით შერკინება მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის თაობაზე, საერთაშორისო არენაზე გადააქვთ. ეს "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს მხრიდან ტაქტიკური სვლაა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ პოლიტსაბჭოს დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით განუცხადა.

როგორც ლაგაზიძე განმარტავს, საერთაშორისო ლეგიტიმაციის მოპოვება ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია. ამას კი, ის მხარე მიიღებს, რომლის პოზიციაც მოიპოვებს საერთაშირისო ლეგიტიმაციას.

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო ცდილობს მათი ხედვებისა, თუ მიდგომების საერთაშორისო ლეგიტიმაცია მოიპოვოს, რაც მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას შეეხება. ამ თვალსაზრისით, ის ვენეციის კომისიის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის საკითხს წინა პლანზე აყენებს. მათ გაიაზრეს, რომ მათ ქმედებებს, მათ მიდგომებს სასამართლოსთან და მოსამართლეების უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით, საერთაშორისო ლეგიტიმაცია სჭირდება.

ეს შერკინება "ქართული ოცნების" შიგნით მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის თაობაზე, გადააქვთ საერთაშორისო არენაზე. იმ გუნდს, რომელიც ითხოვს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის გადადებას 2024 წლამდე, თავისი სიმართლის დამტკიცება მოუწევს საერთაშორისო მინდორზე. მათ საერთაშორისო მოთამაშეებისთვის იმის დამტკიცება მოუწევთ, რომ მათი პოზიცია ერთადერთი, სწორი პოზიციაა. მათ ვენეციის კომისიისა, თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერა აქვთ მოსაპოვებელი, რომელიც საქართველოს სასამართლოს რეფორმირების პროცესში ეხმარება.

ეს ტაქტიკური სვლაა "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს მხრიდან, რომ ბრძოლა შიდა სივრციდან საერთაშორისო არენაზე გადაიტანონ და საერთაშორისო ლეგიტიმაცია მოაპოვებინონ საკუთარ პოზიციას და ამით ზურგგამაგრებული შევიდნენ მერე პარლამენტში", - აცხადებს ლაგაზიძე.

ექსპერტს უჭირს პროგნოზის გაკეთება, თუ რომელი მხარე შეძლებს საერთაშორისო ლეგიტიმაციის მოპოვებას.

"ამ ლეგიტიმაციის მოპოვება ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია, როგორც "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოსთვის, ასევე "მეამბოხე დეპუტატებისთვის", ასევე არასამთავრობო სპექტრისთვის და აქტიური სამოქალაქო პოზიციის მქონე ადამიანებისთვის, რომლებიც პრინციპულად ითხოვენ მოსამართლეთა უვადოდ არჩევის გადადებას. რომელი მხარის პოზიციაც მოიპოვებს საერთაშორისო ლეგიტიმაციას, ის კანონპროექტი გავა პარლამენტში. არ ვიცი, რომელ პოზიციას უფრო ემხრობა საერთაშორისო საზოგადოება და რომელ პოზიციას უფრო კვალიფიციკურად დაასაბუთებენ. ვერ ვიტყოდი, რომ დღეს რომელიმე მხარის მხარესაა სასწორი გადახრილი", - დასძენს ლაგაზიძე.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ დღეს განცხადება გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ პარტიის თავმჯდომარისა და მმართველი გუნდის მიერ, გამოითქვა მზადყოფნა, კონსტიტუციურ ფარგლებში, ემსჯელა მოსამართლეთა უვადო დანიშვნის საკითხზე, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის ცალკეული წევრების მიერ, საკუთარ გუნდთან შეთანხმების გარეშე, მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება კონსტიტუციის დებულებებს. პარტიის პოლიტსაბჭოს ინფორმაციით, ეს კანონპროექტი ვერ მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერას. "ქართული ოცნება" ვენეციის კომისიას მიმართავს, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხზე კონსულტაციებში ჩაერთოს.

"ინტერპრესნიუსი"