"რუსეთთან ურთიერთობაში გერმანიის როლი ძალიან მნიშვნელოვანია" - საფრანგეთის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი გერმანიას ეწვია - კვირის პალიტრა

"რუსეთთან ურთიერთობაში გერმანიის როლი ძალიან მნიშვნელოვანია" - საფრანგეთის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი გერმანიას ეწვია

რუსეთთან ურთიერთობაში გერმანიის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიის მეგობრობა. მოგეხსენებათ, ჩვენი ხელისუფლება განაგრძობს არაღიარების პოლიტიკას, რომელშიც, ასევე, მონაწილეობს გერმანია, როგორც ჩვენი მეგობარი სახელმწიფო და ვიმედოვნოთ, რომ შესაძლებელი გახდება ახალ და უფრო მაღალ პოლიტიკურ ფორმატში ამ საკითხების დაძვრა.

ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასთან ვცდილობთ კავშირის განახლებას და გაძლიერებას, რათა გაყინული სიტუაცია სხვა მდგომარეობაში გადავიყვანოთ. ამის გარდა, რუსეთთან ურთიერთობაში გერმანიის როლი ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტმა გერმანიასთან ორმხრივი ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

"თქვენ ახსენეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ქართული კულტურის წარმოჩენა შუაგულ ევროპაში, სადაც უცებ აღმოაჩინეს, რომ თურმე, საქართველო იყო ევროპული ქვეყანა. ჩვენი მიზანია, საქართველოს შესვლა ევროპის კულტურაში ხვალინდელი დღიდან იყოს არა მხოლოდ ერთჯერადი, არამედ გახდეს უფრო ხანგრძლივი და მთელმა ევროპამ დაინახოს, რომ საქართველო არის ევროპული ქვეყანა, ეკუთვნის ევროპულ ოჯახს და ჩვენი სვლა ევროპაში, სწორედ ამ გზით უნდა განვითარდეს, რაშიც გერმანიის ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომელიც დღეს უფრო გაძლიერდა. იმედი გვაქვს, გერმანია დაგვეხმარება, რომ შევიდეთ ევროპაში მართლაც ყველა იმ გზით, რომელიც დღეს შესაძლებელია და იმ დღემდე, სანამ საქართველო ევროკავშირში პოლიტიკურად და სამართლებრივად შევა. ეს გზები არის კულტურა, განათლება და ძალიან ბევრი სხვა პროგრამა, რომელზეც ვისაუბრეთ - ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა და ასოცირების ხელშეკრულების კიდევ ერთი ნაბიჯით გაძლიერება და განმტკიცება", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ორი ქვეყნის ეკონომიკურ კავშირებზეც ისაუბრა და თანამშრომლობისთვის გერმანულ მხარეს მადლობა გადაუხადა.

"მე მინდა ასევე, დიდი მადლობა მოგახსენოთ იმ ეკონომიკური კავშირებისთვის, რაც გვაქვს გერმანიასთან. გერმანია ამ წლების მანძილზე საქართველოსთვის მეორე დონორია. ეს იყო პირველივე დღიდან და ეს გრძელდება ახლაც. ეს არის ძალიან დიდი დახმარება საქართველოსთვის, მაგრამ ჩვენ მაინც იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ეკონომიკური კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდება, უფრო მეტი გერმანული კომპანიები ჩამოვლენ საქართველოში, მეტი ინვესტიცია და მეტი თანამშრომლობა იქნება, რადგან მხოლოდ ინვესტიცია არ არის ჩვენი თვითმიზანი, თვითმიზანია, რომ მეტი თანამშრომლობა და კავშირების კიდევ უფრო გაძლიერება.

მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოგახსენოთ და მოგიწვიოთ საქართველოში. ვიცი, რომ თქვენ გაინტერესებთ არამხოლოდ თბილისში ჩამოსვლა, არამედ რეგიონში სტუმრობაც და ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რადგან ჩემს საარჩევნო კამპანიაში კულტურასთან ერთად, კიდევ ერთი პრიორიტეტი მქონდა - ეს რეგიონების განვითარების ხელშეწყობაა, რაც საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოსა და გერმანიის რეგიონების დაკავშირება და ურთიერთობების გაბმა ძალიან მნიშვნელოვანია და იმედი მაქვს, რომ ამაშიც გვექნება თანამშრომლობის ახალი ტალღა", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. "ინტერპრესნიუსი"