დატოვებს თუ არა უმრავლესობას ეკა ბესელია - რას აცხადებს დეპუტატი? - კვირის პალიტრა

დატოვებს თუ არა უმრავლესობას ეკა ბესელია - რას აცხადებს დეპუტატი?

ხვალინდელი კენჭისყრის შედეგებზე იქნება დამოკიდებული ჩემი გადაწყვეტილება, დავტოვებ თუ არა საპარლამენტო უმრავლესობას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ის სწორედ ხვალინდელი კენჭისყრის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, დატოვოს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა და ეს დამოკიდებულია იმაზე, მხარს დაუჭერს თუ არა უმრავლესობა 9 დეპუტატის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ.

"ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს, რომელიც მართლმსაჯულების თემას ეხება. საკითხის კონსტიტუციურობას რაც შეეხება, მე ვფიქრობ, ეს საბაბია. ამის შესახებ ხვალ გვექნება მსჯელობა. მე მოვისმენ არგუმენტებს. არანაირი გადაწყვეტილება და არც მითითება, რომ მე დავტოვო უმრავლესობა, ხელმძღვანელების მხრიდან არ ყოფილა.

პირადად ჩემი გადაწყვეტილება, დავტოვებ თუ არა უმრავლესობას, დამოკიდებული იქნება ხვალინდელ კენჭისყრაზე. ბევრი საკითხი დაგროვდა, რომელსაც ვაკვირდებოდი. მე ეს პროცესი გავაანალიზე. ვნახოთ, როგორი იქნება განხილვის შედეგები. ამ შედეგებზე აისახება ჩემი გადაწყვეტილება. ახლა მთავარია, რას იზამს უმრავლესობა. დროებით შევაჩერებთ თუ არა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამასთან, დეპუტატმა დაადასტურა, რომ მან შეხვედრები გამართა პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში, თუმცა ვის შეხვდა და რა საკითხებზე ისაუბრა, ბესელიამ დეტალები არ დააკონკრეტა.

"ინტერპრესნიუსი"