"დრო მოვიდა, რომ ჩვენი პარტნიორებისგან სწორედ მეტი მოვითხოვოთ" - რა განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ - კვირის პალიტრა

"დრო მოვიდა, რომ ჩვენი პარტნიორებისგან სწორედ მეტი მოვითხოვოთ" - რა განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ

გვინდა, ჩვენი პარტნიორები უფრო აქტიურად ჩაერთონ დიალოგში, გაუმეორონ რუსეთს და რაღაცნაირად გააგებინონ, რომ საჭიროა პოზიციები შეიცვალოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს გერმანიის ფედერაციის კანცლერთან, ანგელა მერკელთან გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, ანგელა მერკელმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში საოკუპაციო ხაზთან ვიზიტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ იქიდან "ძალიან დამძიმებული წამოვიდა".

სალომე ზურაბიშვილის თქმით, გარდა ჟენევის მოლაპარაკებებისა, დრო მოვიდა, საქართველომ პარტნიორებისგან უფრო მეტი მოითხოვოს.

"განვიხილეთ რუსეთი, ოკუპირებული ტერიტორიები, თვითონ გაიხსენა, რომ ხაზზე იყო მისული და ამ ვიზიტის შემდეგ საკმაოდ, დამძიმებული წამოვიდა. ჩვენ გვეკითხებოდა - „თქვენ როგორ ხედავთ სიტუაციას“, რაზეც მე ვუპასუხე, რომ დღევანდელ დღეს ჩვენ არ გვაქვს ამ სიტუაციიდან გამოსვლის ინსტრუმენტები და დამოკიდებული ვართ ჩვენს მეგობრებზე, რომლებიც მხარს გვიჭერენ, რომ თვითონ მოახდინონ რუსეთზე ზეწოლა, გავლენა, რომ რუსეთმა თავისი პოზიციები შეიცვალოს, რაც ასევე, საფრანგეთში ვთქვი, ამ დილით შტაინმაიერთან და იგივე მერკელთან. ჩვენ გვინდა, რომ ესენი უფრო აქტიურად ჩაერთონ თავიანთი დიალოგის ფარგლებში და გაუმეორონ რუსეთს და რაღაცნაირად, გააგებინონ, რომ საჭიროა, პოზიციები შეიცვალოს.

დღეს, ჟენევა ჩამოვიდა ძალიან ტექნიკურ დონეზე. ჩვენთვის უცვლელია ჟენევა, რადგან სხვა საერთაშორისო ფორმატი არ გაგვაჩნია, მაგრამ დრო მოვიდა, რომ ჩვენი პარტნიორებისგან სწორედ მეტი მოვითხოვოთ და მათ გამოიყენონ თავიანთი ბერკეტები. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც შეგვიძლია, ეს არის ის ჰუმანიტარული ნაბიჯები, ის პატარ-პატარა ნაბიჯები, რასაც ვდგამთ იმისთვის, რომ კავშირები იქ მყოფ მოსახლეობასთან არ შეწყდეს, მაგრამ ეს არის ძალიან ძნელი და არ ცვლის ვითარებას", - განაცხდა სალომე ზურაბიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"