"არ გამოვრიცხავ, ამ პროცესების მერე ხაზარაძე პოლიტიკურადაც გააქტიურდეს" - კვირის პალიტრა

"არ გამოვრიცხავ, ამ პროცესების მერე ხაზარაძე პოლიტიკურადაც გააქტიურდეს"

სკანდალი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ფინანსური ინსტიტუტის "თიბისი ბანკის" გარშემო გრძელდება, 21 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ბანკის სამეთვალყურეო საბჭო დატოვა მისმა დამფუძნებელმა და მსხვილმა აქციონერმა მამუკა ხაზარაძემ. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც გაირკვა, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება ბანკის წინააღმდეგ უკანონო შემოსავლების ლეგალიზების, ე.წ. ფულის გათეთრების ბრალდებით დაიწყო. საქმე შეეხება 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას.

ამ პროცესების კულმინაციად იქცა ა.წ. 14 თებერვალს საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, რომლითაც ის ითხოდა, რომ "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრობა შეუჩერებოდათ საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილე ბადრი ჯაფარიძეს.

პროცესები თავშივე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას დაუკავშირდა. შექმნილი ვითარება უამრავ კითხვას აჩენს, მათ შორის უმნიშვნელოვანესია, ხომ არ დგას ამ პროცესების მიღმა პოლიტიკური ინტერესები, რომლებიც მართლაც უკავშირდება ანაკლიის პორტის მშენებლობას? შეგახსენებთ, ანაკლიის პორტი ქვეყნისთვის სტრატეგიული პროექტია, რომელსაც "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" ახორციელებს. მასში შემავალ ხუთ საერთაშორისო კომპანიას შორისაა "თიბისი ჰოლდინგიც". ის არის "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებელი, ძირითადი პარტნიორი და პროექტის დეველოპერი.

ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბრისას აცხადებდა, რომ ეს სწორედ ანაკლის პორტის გარშემო არსებულ გლობალურ ინტერესებს უკავშირდებოდა და მამუკა ხაზარაძეს მოუწევდა ბანკის მენეჯმენტს ჩამოშორებოდა. მისი თქმით, ის, რომ "თიბისი ბანკის" უიცხოელი და მეტად წონიანი აქციონერები დუმდნენ და შექმნილ ვითარებას არ აპროტესტებდნენ, მიანიშნებდა მხოლოდ იმაზე, რომ ამ პროცესები უკან ძალიან გავლენიანი ჯგუფი დგას.

სანდრო თვალჭრელიძე

"ის, რომ თუნდაც საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის გამოხმაურება ჯერ არ ჩანს, მაფიქრებინებს, რომ საქმე გაცილებით რთულად არის, ვიდრე ჩვენ გვესახება.

რაც შეეხება ბრალდებას და 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას, მთელი ამ 11 წლის განმავლობაში ჩატარებულ აუდიტორულ დასკვნასა თუ ანგარიშებს ეროვნული ბანკი ჩვეულებრივ იღებდა. მათთვის დღემდე ყველაფერი რიგზე იყო და უცებ გამოინახა რაღაც ტრანზაქცია, რომლითაც კანონი დაირღვა. ხომ ცხადზე ცხადია, რომ ეს მხოლოდ საბაბია, როგორც ჩანს, სხვა ვერაფერი იპოვეს, ოღონდ საბაბია არა იმისთვის, რომ ბანკი ვინმემ ჩაიგდოს ხელში, არამედ იმისთვის, რომ იქ მენეჯმენტი შეცვალონ...

რუსეთი ყველაზე მეტად არის დაინტერესებული ამ პროექტის ჩაშლით, შესაბამისად, ამ ვარაუდს აქვს საფუძველი, თუმცა მე მაკვირვებს აშშ-ის პოზიცია. წესით, უკვე განგაშის ზარი უნდა ჩამოეკრათ, ჩვენ კი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მხოლოდ ერთი განცხადება მოვისმინეთ. ჩემი აზრით, "თიბისი ბანკის" უცხოელ აქციონერებზე არ უნდა ჰქონდეს რუსეთს ისეთი გავლენა, რომ ისინი ასე გაჩუმებულიყვნენ. ვფიქრობ, მათი მონაწილეობისა და ჩუმი შეთანხმების გარეშე ეს პროცესები ვერ დაიწყებოდა.

დავუშვათ, ეს რუსეთის წამოწყებული პროცესია, მან რაღაც ანკესი გადაუგდო ივანიშვილს, რომელიც წამოეგო და ჩაერთო ამ პროცესში, თავის მხრივ, მან მასში ჩართო პროკურატურა და ეროვნული ბანკი, მაგრამ რას აკეთებენ ამ დროს აშშ და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთა უმნიშვნელოვანესი ინტერესიც არის ანაკლიის პორტის მშენებლობა?!

ამიტომ კიდევ ერთი ვარაუდის საფუძველს ვხედავ: ხომ არ დაუპირისპირდა მამუკა ხაზარაძის გუნდი დიდი ქვეყნების რაღაც დიდ, სტრატეგიულ ინტერესებს? არ ვიცი, ამის მიზეზი რა შეიძლება ყოფილიყო. ფაქტი ერთია, რომელიღაც დიდი ძალაა დაინტერესებული, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობაში მენეჯმენტი შეიცვალოს.

აშკარად ძალიან ძლიერი საერთაშორისო ლობისტური ჯგუფები არიან ამ პროცესში ჩართული... ვფიქრობ, ერთი საერთაშორისო ჯგუფი, რომელშიც შედის მამუკა ხაზარაძე, დაუპირისპირდა მეორე ასევე საერთაშორისო ჯგუფს, რომელსაც ასევე ჰყავს ქართველი მონაწილეები, შესაძლოა მათ შორის ბიძინა ივანიშვილიც არის. არ გამოვრიცხავ ამავე ჯგუფში იყოს ვანო ჩხარტიშვილიც. როგორც წესი, სადაც რაღაც ინტრიგებია, ის პირველ რიგებშია ხოლმე, თუმცა ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, ის ფოთოლია, რომელიც დინებას მიჰყვება, ის ამხელა ნიაღვარს ვერ გამოიწვევდა", - აცხადებს გამოცემასთან სანდრო თვალჭრელიძე.

ბევრს ჩვენში აღელვებს თუ რა ელის "თიბისი ბანკს"?

სანდრო თვალჭრელიძე:

- ჩემი აზრით, ბანკს საფრთხე არ ემუქრება. გავიხსენოთ, "საქართველოს ბანკში" რამდენჯერ შეიცვალა ბოლო ხანს სამეთვალყურეო საბჭო და მენეჯმენტი, გავიგეთ ამის თაობაზე რამე? არც არაფერი. უმეტესობამ ისიც არ ვიცით, ალბათ, ვინ არის საერთოდ მისი გენდირექტორი. მამუკა ხაზარაძე იმიტომ არის ასეთი ცნობილი, რომ ის არ არის მხოლოდ ბანკირი, ის საზოგადოებრივად აქტიური ადამიანია, რომელიც მასშტაბურ საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა, მონაწილეობს ბევრ სოციალურ პროექტში და თავისი ქვეყნის პატრიოტია. ვფიქრობ, "თიბისი ბანკში" მენეჯმენტი შეიცვლება, შესაძლოა დროებითაც, და ყველაფერი ჩვეულებრივ გაგრძელდება.

- გამოითქვა ასეთი ვარაუდიც, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა უკავშირდებოდეს იმას, რომ მამუკა ხაზარაძეს პოლიტიკური ინტერესები გაუჩნდა.

- ამის არ მჯერა, თუმცა არ გამოვრიცხავ, ამ პროცესების მერე ხაზარაძე პოლიტიკურად გააქტიურდეს.

მასზე ამ ბოლო დროს მოვისმინე განცხადებები, თითქოს ის ყოველთვის ყველა ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა. არადა, დანამდვილებით ვიცი, რომ ასე არ იყო. მაგალითად, მან თავის დროზე მიხეილ სააკაშვილისთვის 50-მილიონიანი კრედიტის გაცემაზე უარი თქვა.

იხილეთ ასევე: "წინასწარმეტყველება", რომელიც ხაზარაძეს აუხდა, ანუ რატომ "გახსნა ცეცხლი" ეროვნულმა ბანკმა