"ქურდული გარჩევაც თქვენს მხარეს მოიკითხეთ, სადისტობაც და..." - რას პასუხობს ვოლსკი გოცირიძეს? - კვირის პალიტრა

"ქურდული გარჩევაც თქვენს მხარეს მოიკითხეთ, სადისტობაც და..." - რას პასუხობს ვოლსკი გოცირიძეს?

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს არ აქვს ნდობის ვოტუმი, რომ გააგრძელოს დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობა, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ბიუროს სხდომაზე, "თიბისი ბანკზე" საუბრისას განაცხადა.

რომან გოცირიძის თქმით, ეროვნული ბანკი გადაიქცა ძალოვანი უწყების ქვე-სტრუქტურად და რეალურად, ის არაფერს წყვეტს. ამასთან, რომან გოცირიძემ ამავე კონტექსტში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ხარისხზეც ისაუბრა.

"ის, რომ საქართველოში არ არსებობს სასამართლო სისტემა და მას არ ენდობა ჩვენს ქვეყანაში არავინ, ეს ყველამ იცის. მაგრამ გუშინ ლონდონში "თიბისი ბანკის" მნიშვნელოვანმა აქციონერებმა, მსოფლიოში ცნობილმა უდიდესი კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი სასამართლო დავას წყვეტენ "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით. ეს არის პირდაპირი ვერდიქტი საქართველოს სასამართლო სისტემისადმი, რომ არავითარი აზრი საქართველოში სასამართლოში განხილვას არ აქვს, ვინაიდან სასამართლო "თიბისისთან" დაკავშირებით შედგა ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლეში, იმ ქურდული გარჩევის დროს მან 100:0 დაამარცხა მამუკა ხაზარაძე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს დარჩა 5 წელიწადი. ამ ნდობით და ამ რეპუტაციით მას საქართველოს ეროვნული ბანკის მართვა არ შეუძლია. როცა ვამბობდით, რომ ეროვნული ბანკი არის მთავრობის განყოფილება, ძალიან ვცდებოდით - ეროვნული ბანკი გადაიქცა შსს-ს ერთ-ერთ ქვესტრუქტურად," - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამასთან, რომან გოცირიძემ დეპუტატებს მოუწოდა, შეეწყვიტა "ქილიკი" აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.

"მამუკა ხაზარაძე მანამდე სასურველი პიროვნება იყო და ახლა ნუ ქილიკობთ. თქვენ ნებისმიერს გაჭყლეტთ, თუმცა თქვენ ვინ გეკითხებათ, თქვენი უფროსი," - განაცხადა რომან გოცირიძემ.

რომან გოცირიძეს გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი. მისი თქმით, "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით რომან გოცირიძემ მიზანმიმართულად გააკეთა განცხადება, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

"ეს არ არის მხოლოდ ემოცია, ეს არის კომპეტენტური ადამიანის არაკომპეტენტური გამოსვლა, იმ განზრახვით, რომ შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება. ჯიმ მორგანის ხსენება იმ კონტექსტში, რომ შეეშინდა რაღაც ქურდული გარჩევის, არის არაკომპეტენტური განცხადება. მეორე საკითხი არის ის, რომ სასამართლოდან სარჩელი გამოაქვს, რადგან ზუსტად იცის რაც მოხდა, ხოლო მესამე არის ის, რომ თავად მამუკა ხაზარაძეც არ უარყოფს ამ თემას, ამბობს, რომ არ იცოდა. ფაქტი არის იმდენად ნათელი და თვალსაჩინო, რომ ამაზე კამათი არ შეიძლება. საკითხის ასე შებრუნება თუ შეიძლებოდა, რომ თურმე აქციონერთა საბჭოს შეეშინდა და საქართველოს სასამართლოდან გამოიტანა საჩივარი არა იმიტომ რომ ხედავს, რაღაცა არ არის წესრიგში, არამედ იმიტომ რომ შუშის სასახლეშია საქმე, ძალიან გთხოვთ დაანებეთ ამას თავი. ქურდული გარჩევაც თქვენს მხარეს მოიკითხეთ, სადისტობაც, არაკომპეტენტურობაც და თავს გასულობაც. მითუმეტეს, არ შეიძლება ასე ყველაფრის ჩამოკიდება იმაზე, რასაც თქვენი პოლიტიკური ინტერესი ჰქვია. არსებობს სახელმწიფო ინტერესი და ხანდახან ამაზე უფრო მეტად უნდა დაფიქრდეთ", - მიმართა გია ვოლსკიმ რომან გოცირიძეს.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით