"ბიძინა ივანიშვილმა, შეიძლება ითქვას, რომ სიცოცხლე შემინარჩუნა, მაგრამ მისი გატარებული პოლიტიკა მცდარია" - კვირის პალიტრა

"ბიძინა ივანიშვილმა, შეიძლება ითქვას, რომ სიცოცხლე შემინარჩუნა, მაგრამ მისი გატარებული პოლიტიკა მცდარია"

"მე არ ვაპირებ, ვიყო ჩვეულებრივი მაჟორიტარი დეპუტატი. ჩემს გუნდთან ერთად უნდა გავაკეთო ის, რაც "ქართულმა ოცნებამ" ვერ ან არ გააკეთა... მე აღარ მჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი "ნაციონალებისგან" დაგვიცავს", - ამბობს ყოფილი დეპუტატი კობა დავითაშვილი. სულ ცოტა ხნის წინ მან პოლიტიკაში დაბრუნება დააანონსა და განაცხადა, რომ მთაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატად აპირებს კენჭის ყრას. ვინ დგას დავითაშვილის უკან, რა რესურსებით აპირებს ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას და როგორი იქნება მისი ბრძოლის მეთოდები ამ საკითხებთან დაკავშირებით კობა დავითაშვილი თავად გვესაუბრება:

- იძულებული გავხდი, პოლიტიკაში დავბრუნებულიყავი. ჩემი ასაკისა და ჯანმრთელობის კაცი ახლა პენსიაში უნდა გადიოდეს, მაგრამ იძულებული ვარ, უძაღლო ქვეყანაში კატა გავხდე.

ბიძინა ივანიშვილს ძალიან დიდ პატივს ვცემ, ძალიან ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული, მაგრამ ბოლო დროს, ისეთ უხეშ პოლიტიკურ შეცდომებს უშვებს, რომ "ნაციონალების" ხელისუფლებაში დაბრუნების საფრთხეს ქმნის. "ნაციონალების" ხელისუფლებაში დაბრუნება კი ქვეყნისთვის და პირადად ჩემთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია.

- ამბობთ, რომ არავითარი მესამე ძალა, თქვენი გუნდი იქნება პირველი. რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს, რა რესურსი გაქვთ?

- იყო მესამე ძალა, ნიშნავს იმას, რომ როგორმე გადალახო ბარიერი, მოხვდე პარლამენტში და შენც გამოჩნდე ასპარეზზე. ახლა ამის დრო არ არის. 2020 წლამდე უნდა შევქმნათ პოლიტიკური ძალა, რომელიც საზოგადოებას საშუალებას მისცემს არჩევანი გააკეთოს არა ცუდსა და უარესს შორის, არამედ ცუდსა და კარგს შორის. უნდა დამთავრდეს დრო, როდესაც ერთის ჯიბრით, მეორეს ვაძლევდით ხმას. ახლა რაც შეეხება ჩემს რესურსებს, ჩემს გვერდით დგანან კონსერვატორულ, ეროვნულ, ტრადიციულ ფასეულობებზე დამყარებული, სოლიდური, გაწონასწორებული ახალგაზრდები. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ხელი შევუწყო ხელისუფლებაში მათ მოსვლას. აი, ეს არის ჩემი მთავარი ამოცანა.

-  უკვე აღნიშნეთ, რომ თავის დროზე "ქართული ოცნება" სააკაშვილის მოსამართლეებსა და ბიძინა ივანიშვილის შორის მომხდარი გარიგების გამო დატოვეთ. რას გულისხმობდა მაშინ ეს გარიგება და არის თუ არა ის რაიმე კავშირში დღეს არსებულ მოსამართლეების სკანდალურ სიასთან?

- სწორედაც, ამბავი რომელზეც ახლა ყველა ლაპარაკობს 2013 წელს დაიწყო. დღეს ზოგიერთებს ბატონი ბიძინას გაკრიტიკების ერიდებათ და ცდილობენ ჯოხი ირაკლი კობახიძეზე, თალაკვაძესა და მდინარაძეზე გადატეხონ. როდესაც "ქართული ოცნება" მიშას მოსამართლეებს გაურიგდა, მაშინ ეს ბატონები პოლიტიკაში საერთოდ არ იყვნენ.

პირადად ვარ მოწმე, როდესაც სააკაშვილის დანიშნულმა მოსამართლემ, ერთ-ერთ ბრალდებაზე ბაჩო ახალაია გაამართლა, "ქართული ოცნების" წევრებს მესიჯბოქსით დაეგზავნათ შეტყობინებები, რომ მმართველი გუნდის წევრებს ახალაიას გამართლება სასამართლოს დამოუკიდებლობის ზეიმად გამოეცხადებინათ.

ახლაც იგივეს იმეორებენ, თურმე სასამართლოს დამოუკიდებლობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ დღეს ქვეყანაში გამამართლებელი განაჩენი ხშირად დგება. თუმცა იმას აღარავინ ამბობს, ვინ გამოიტანა ეს გამამართლებელი განაჩენი, ვინ გამართლდა, რატომ გამართლდა. ერთი დამნაშავე რომ მეორე დამნაშავეს ხელს აფარებს ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობა? მე ასე არ ვფიქრობდი და ამიტომაც დავტოვე "ქართული ოცნება".

- ვიდრე "ქართულ ოცნებას" დატოვებდით", ალბათ გუნდის ლიდერთან ამ თემაზე ისაუბრეთ. რით ახსნა მაშინ ეს გარიგება?

- რა თქმა უნდა, იყო ამ თემაზე ლაპარაკი. გარკვეული გამართლებაც მოიძებნა, თუ რატომ არ მისცეს პასუხისგებაში მიშას მოსამართლეები. ბატონი ბიძინა მიიჩნევდა, რომ მიშას მოსამართლეებისთვის ხელი რომ მოეკიდათ "ნაციონალები" საერთაშორისო სკანდალს ატეხდნენ. ამაში მართლაც იყო სიმართლის მარცვალი, მაშინ "ნაცები" მურუსიძეს და გვრიტიშვილს კბილებით იცავდნენ და სამართლიანობისთვის მებრძოლებად აცხადებდნენ. კი, ბატონო, მაშინ გავიგე (თუმცა ვერ დავეთანხმე) ეს ამბავი, მაგრამ ახლა ხომ შეიცვალა ვითარება? ჯერ ერთი, "ნაციონალებს" შემოეფანტნენ მფარველები (ნეოლიბერალიზმს საფუძველი შეერყა, ამერიკაში ტრამპი გახდა პრეზიდენტი, ბრიტანეთმა "ბრექსითის" გზა აირჩია, იტალიაში, უნგრეთში, ავსტრიასა და პოლონეთში ტრადიციულ ფასეულობებზე ორიენტირებული ძალები მოვიდნენ).

მერე კიდევ, ახლა თავად "ნაციონალები" უპირისპირდებიან ამ კორუმპირებულ მოსამართლეებს. ე.ი. 2013 წლისთვის ივანიშვილის დამოკიდებულებას მოსამართლეებთან დაკავშირებით ახსნა ჰქონდა, მაგრამ არა გამართლება. ახლა ამ ამბავს აღარც ახსნა აქვს და აღარც გამართლება. ვერ ვხდები, ივანიშვილი რატომ ჩაებღაუჭა ამ მურუსიძეს და გვრიტიშვილს.

- სამართლიანობის აღდგენას თქვენც ითხოვდით, თქვენზე თავდასხმის გამო. რამდენიმე თვის წინ კი სააკაშვილსა და მერაბიშვილს კიდევ ერთხელ უჩივლეთ. რა გაგრძელება მოჰყვა ამ ამბავს?

- სააკაშვილმა პირდაპირ ეთერში ჩაუშვა მერაბიშვილი. გამოვიდა თქვა, ჩინეთში რომ ვიყავი, მერაბიშვილმა დამირეკა და მითხრა, მალე ისეთ რამეს მოვაწყობ, რომ კობა დავითაშვილს პოლიტკურ გვამად ვაქცევთო. იმ წუთში მოვითხოვე ამ საქმის გამოძიება, მაგრამ რად გინდა, პროკურატურა არაფერს აკეთებს. ეს უწყება "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ერთ დიდ გაუგებრობად გადაიქცა. რაც გამოსაძიებელია, არ ან ვერ იძიებს. ამის ფონზე უცებ ისეთი საქმის გამოძიებას იწყებს, რომ გაგიკვირდება, რატომ ან რისთვის გაახსენდათ.

- "თიბისი" ბანკის საქმეს გულისხმობთ?

- დიახ, მე ხაზარაძის ადვოკატობას არ ვაპირებ, მასთან სხვა პრეტენზიები მაქვს, მაგრამ 11 წლის წინანდელი ტრანზაქციების გახსენება, მაშინ, როდესაც წინ ამდენი გამოსაძიებელი საქმე გაქვს მართლაც კითხვის ნიშნებს აჩენს.

ზოგადად ყველა იმ ბანკის მიმართ მაქვს პრეტენზია, რომელიც მონოპოლისტურ სტრუქტურას წარმოადგენს, ქვეყანაში ბიზნესს ასამარებს და სიღატაკეს ზრდის. ბანკებს ასეთი თვითნებობის უფლება სააკაშვილმა მისცა, მაგრამ სამწუხარო რეალობაა, რომ ივანიშვილმა ეს კურსი გააგრძელა.

მეცინება, როდესაც მახსენდება, როგორ ედავებოდა გიორგი კვირიკაშვილს ოთხ ბანკს შეაჭმევინა ქვეყანაო. სიმართლე ის არის, რომ კვირიკაშვილი, მანამდე კი ღარიბაშვილი სწორედ ივანიშვილის პოლიტიკას აგრძელებდნენ. კვირიკაშვილს ჩვენ შეიძლება ვუსაყვედუროთ, რატომ გააგრძელა ეს კურსი, მაგრამ უხერხულია, ბატონი ბიძინა ამბობდეს, ჩემი კურსი რატომ გააგრძელეო.

ბატონ ბიძინას ძალიან დიდი პატივს ვცემ, სიკეთის მეტი ჩემთვის არაფერი გაუკეთებია, მაგრამ სიმართლე ხომ უნდა ვთქვა?

- ასეთი, რა სიკეთე გაგიკეთათ?

- როცა მიჭირდა, ყოველთვის მეხმარებოდა. შეიძლება ითქვას, რომ სიცოცხლე შემინარჩუნა. ის ჩემთვის როგორც პიროვნება ძალიან ძვირფასია, მაგრამ როგორც პოლიტიკოსი ქვეყანას არ გამოადგება. მას პოლიტიკა არ უყვარს, სძულს, პოლიტიკოსებიც ეჯავრება. ამიტომ გაწმინდა თავისი პარტია პოლიტიკოსებისგან. არასდროს გამოგივა საქმე რომელიც გეჯავრება. ამიტომ ჯობია ისევ იმ საქმით დაკავდეს, რაც კარგად გამოდის, მაგალითად, ბიზნესით და ქველმოქმედებით. ერთი წლის წინ ისევ რომ დაბრუნდა პოლიტიკაში, იმედი მომეცა, რომ ახლა მაინც დაალაგებდა სიტუაციას, მაგრამ პირიქით მოხდა, ყველაფერი საბოლოოდ აურია. მისი გატარებული პოლიტიკა მცდარია, არამარტო მოსამართლეების და კოჰაბიტაციის საკითხებში, არამედ სხვა ბევრი მიმართულებითაც.

- დღეს ივანიშვილთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

- ჩვეულებრივი, ნორმალური, დროდადრო ისევ ვეკონტაქტებით ერთმანეთს.

- თქვენი საუბრის შემდეგ შესაძლოა, გამოიკვეთოს ვერსია, რომ თქვენი გამოყენებით ივანიშვილი ფსევდოოპოზიციის შექმნას ცდილობს...

- ჩემზე ასეთი მოსაზრებები სააკაშვილის დროსაც იყო. სააკაშვილი იანვარში გახდა პრეზიდენტი, მე კი თებერვალში გადავედი ოპიზიციაში. ერთი წლის განმავლობაში ხალხი ფიქრობდა, რომ მიშასთან ვიყავი შეკრული, მაგრამ ხომ ნახეთ, რაც მოხდა? თუ დამიჯერებთ, ახლაც ნამდვილად ოპოზიციაში ვარ, თუმცა სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის ტოლობის ნიშანს ვერ დავსვამ. მიშას მყარი პოლიტიკური პრინციპები არ ჰქონდა და კიდევ ბევრი სხვა უბედურება სჭირდა, ივანიშვილი ჩამოყალიბებული პიროვნება და საკუთარი ქვეყნის პატრიოტია, მას, უბრალოდ, პოლიტიკა არ ესმის...

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)