მელია ოხანაშვილს: "ვერ წარმოვიდგენდი, რომ თქვენი გუნდის წევრის გამოტანილ კანონპროექტს სიამოვნებით დავუჭერდი მხარს" - კვირის პალიტრა

მელია ოხანაშვილს: "ვერ წარმოვიდგენდი, რომ თქვენი გუნდის წევრის გამოტანილ კანონპროექტს სიამოვნებით დავუჭერდი მხარს"

ვერ წარმოვიდგენდი, რომ იმ კანონპროექტს დიდი სიამოვნებით დავუჭერდი მხარს, რომელსაც თქვენი გუნდის წევრი გამოიტანდა განსახილველად, - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ნიკა მელიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს პლენარულ სხდომაზე, სადაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე მორატორიუმის გამოცხადების შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

"ერთადერთი თქვენი არგუმენტი გახლავთ შემდეგი, რომ ეს კანონპროექტი მოდის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში. ძალიან ბევრი კანონპროექტი დასახელდა, რომელიც კანონად იქცა, თუმცა წინააღმდეგობაში მოდიოდა კონსტიტუციასთან.

ამას ახლა შევეშვათ. მე მაინტერესებს, დავუშვათ, თქვენი სტანდარტით არ მოდის წინააღმდეგობაში კონსტიტუციასთან, დაუჭერდით თუ არა მხარს ამ კანონპროექტს?

თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ ეს რამდენიმე მეგობარი, რომელსაც თქვენ ესაუბრებით, ეს არის მთელი ქვეყანა? ვერ წარმოვიდგენდი, რომ იმ კანონპროექტს მხარს დიდი სიამოვნებით დავუჭერდი, რომელსაც თქვენი გუნდის წევრი გამოიტანდა. მაგრამ ხვალ და ზეგ ისეთი რამე არ ქნათ, რომ შეგრცხვეთ წამოსაძახებლად“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ ინიციატივის თანახმად, ცვლილებები უნდა შევიდეს “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში, რომელიც 2024 წლის 31 დეკემბრამდე საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას ითვალისწინებს.

საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტის ცხრა წევრი: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ოთარ ჩრდილელი, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, დავით ჭიჭინაძე და ლევან კობერიძე აწერენ ხელს.

"ინტერპრესნიუსი"