პარლამენტმა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას მხარი არ დაუჭირა - კვირის პალიტრა

პარლამენტმა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას მხარი არ დაუჭირა

პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების“ მიერ ინიცირებულ რეზოლუციის პროექტს, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას ითვალისწინებდა.

რეზოლუციის პროექტს 45-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ პარლამენტის 17 წევრი წავიდა და ამ შედეგით პროექტი ჩავარდა.

აღნიშნული რეზოლუცია პარლამენტმა დეკემბრის ბოლოს განიხილა, თუმცა კენჭისყრაზე დღევანდელი სესიის ბოლოს დადგა. როგორც კენჭისყრის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, უმრავლესობა რეზოლუციის პათოსს ეთანხმება და იზიარებს, რომ წინა ხელისუფლება დანაშაულებრივ რეჟიმს წარმოადგენდა, თუმცა იმის გამო, რომ დოკუმენტის მიმართ არსებობს სამართლებრივი შენიშვნები, მხარს ვერ დაუჭერენ. "თუკი პროექტი ამ ნაწილში გადაიხედება, მზად ვართ ასეთი რეზოლუციის მიღებაზე ვიმსჯელოთ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

რეზოლუციის პროექტის თანახმად, "ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას ბოკერია-სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის სტატუსი უნდა მინიჭებოდა და წინა ხელისუფლების წარმომადგენლებზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულიყო.

"ინტერპრესნიუსი"