"რთულია ვთქვა, რომ "მივდივარ" პარტიიდან, რომელიც დავაფუძნე ბიძინა ივანიშვილთან ერთად, მაგრამ..." - კვირის პალიტრა

"რთულია ვთქვა, რომ "მივდივარ" პარტიიდან, რომელიც დავაფუძნე ბიძინა ივანიშვილთან ერთად, მაგრამ..."

მივდივარ იქ, სადაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობაა, - ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ საგანგებო საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, სადაც "ქართული ოცნებიდან" წასვლის მიზეზებზე ისაუბრა.

ეკა ბესელიას თქმით, მისთვის რთული და ემოციურია ამ ნაბიჯის გადადგმა.

"ძალიან რთული, ემოციური და საპასუხისმგებლოა ჩემთვის, რაც უნდა განვაცხადაო. ცხადია რთულია ვთქვა, რომ "მივდივარ" იმ პოლიტიკური პარტიიდან, რომელიც დავაფუძნე ბიძინა ივანშვილთან ერთად. რთულია თქვა, "მივდივარ" სწორედ ამ პოლიტიკური გუნდიდან იქამდე, ვიდრე არ განვმარტავ, სად მივდივარ - მივდივარ იქ, სადაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობაა, სადაც ჯერ კიდევ არის იმის იმედი, რომ ამ ავბედით კოჰაბიტაციას არ გადაყვება, როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ყოველი ოჯახისთვის, მოქალაქისთვის ყველაზე ღირებული რამ - სამართალი, სამართლიანი სასამართლო და სამართლიანობა", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

როგორც ის განმარტავს, მმართველი გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მისთვის რთულია, თუმცა, თვლის, რომ ეს გადაწყვეტილება სწორია.

"ჩემი ეს გადაწყვეტილება შეიძლება არის რთული ჩემთვის, მაგრამ მე ვთვლი, რომ ეს არის სამართლიანიც, მართებულიც და სწორიც. მე ვაპირებ ბრძოლა გავაგრძელო ზუსტად და სწორედ იმ ადამიანებთან ერთად, ვინც არასდროს დაღლილა ამ ბრძოლაში, ვისაც არასდროს უღალატია ამ იდეალებისთვის, ვისაც არასდროს არ აურჩევია კომფორტი, თანამდებობა და არასდროს უთქვამს უარი საკუთარ პრინციპებზე. მე მათთან ერთად გავაგრძელებ ბრძოლას და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ, ჩვენ მივიყვანთ ბოლომდე იმ იდეალებს, რისთვისაც პირველი ოქტომბერი ამ ქვეყანაში მოვიდა", - განაცხადა ბესელიამ.

მანვე ისაუბრა სამომავლო გეგმებზე და აღნიშნა, რომ ის და მისი თანამოაზრეები გამოიყენებენ ყველა სამართლებრივ ბერკეტს მიზნის მისაღწევად.

"ამ გადაწყვეტილების შემდეგ მე ვრჩები პარლამენტში, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, დაველოდები როგორი იქნება შემდეგი გადაწყვეტილება ჩემი კოლეგების, რომელთაც აქვთ პროტესტი იმ ყველაფრის მიმართ, რაც ახლა ხდება საკანონმდებლო ორგანოში და მმართველი პარტიის შიგნით. დაველოდები მათ გადაწყვეტილებებს, რომელთაც ისინი მიიღებენ უახლოეს დღეებში. ამის შემდეგ ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს იმისთვის, რომ შევქმნათ ჩვენი პოლიტიკური პლატფორმა იმ ბრძოლისთვის და იმ იდეალებისთვის, რისთვისაც ვიბრძვით და ეს იქნება ალბათ, უახლოეს მომავალში.

ამის შემდეგ ჩვენ გავალთ ხალხთან და დავიწყებთ ახალ პროცესს. ამაზე უფრო დეტალურად დღეს არ ვისაუბრებ. გავაკეთებთ ყველაფერს და გამოვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, რაც საჭირო იქნება ამ მიზნის მისაღწევად. არ გამოვრიცხავ არც ერთ პოლიტიკურ ინსტრუმენტს, რაც სამართლებრივად გამართულია, რათა ამ ბრძოლას ჰქონდეს ორგანიზებული, ერთიანი, ერთობის მატარებელი ფორმები,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

იხილეთ ასევე: სად მიდის ეკა ბესელია?

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო