სად მიდის ეკა ბესელია? - კვირის პალიტრა

სად მიდის ეკა ბესელია?

დეპუტატმა ეკა ბესელიამ "ქართული ოცნება" დატოვა. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ის და მისი თანამოაზრეები გამოიყენებენ ყველა სამართლებრივ ბერკეტს მიზნის მისაღწევად.

"ამ გადაწყვეტილების შემდეგ მე ვრჩები პარლამენტში, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, დაველოდები როგორი იქნება შემდეგი გადაწყვეტილება ჩემი კოლეგების, რომელთაც აქვთ პროტესტი იმ ყველაფრის მიმართ, რაც ახლა ხდება საკანონმდებლო ორგანოში და მმართველი პარტიის შიგნით. დაველოდები მათ გადაწყვეტილებებს, რომელთაც ისინი მიიღებენ უახლოეს დღეებში. ამის შემდეგ ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს იმისთვის, რომ შევქმნათ ჩვენი პოლიტიკური პლატფორმა იმ ბრძოლისთვის და იმ იდეალებისთვის, რისთვისაც ვიბრძვით და ეს იქნება ალბათ, უახლოეს მომავალში.

ამის შემდეგ ჩვენ გავალთ ხალხთან და დავიწყებთ ახალ პროცესს. ამაზე უფრო დეტალურად დღეს არ ვისაუბრებ. გავაკეთებთ ყველაფერს და გამოვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, რაც საჭირო იქნება ამ მიზნის მისაღწევად. არ გამოვრიცხავ არც ერთ პოლიტიკურ ინსტრუმენტს, რაც სამართლებრივად გამართულია, რათა ამ ბრძოლას ჰქონდეს ორგანიზებული, ერთიანი, ერთობის მატარებელი ფორმები," - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, "ნაციონალურ მოძრაობასთან" და მის ნარჩენებთან არ ვითანამშრომლებ. ყველა ერთია ჩემთვის".

რაც შეეხება მის სხვა თანაგუნდელებს, როგორც ბესელია განმარტავს, ამაზე ყველა თავად გააკეთებს განმარტებებს.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა,  "ქართული ოცნება" 2012 წლის პირველი ოქტომბრის იდეალებს აცდა.

"ჩვენ დღეს ღირებულებათა სხვაობა გვაქვს. ჩვენი ყველა მცდელობა ბოლო ორი წლის განმავლობაში, რაც კი მქონდა შიგნით, შეცვლილიყო ეს ვითარება, გავთავისუფლებულიყავით "ნაციონალური მოძრაობის" ნარჩენებისგან, რომელმაც შემოაღწია შიგნით, თან საკმაოდ დიდი დოზით, ვერ გამოიღო შედეგი. თავის დროზე, როცა პოლიტიკაში წავედი, ამის მთავარი მიზეზი იყო სამართლიანობა და სასამართლო სისტემის გამოსწორება. როგორც ჩანს, ეს ბრძოლა არ დასრულებულა და დღესაც გრძელდება", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, პირველ რიგში ხელისუფლებამ ხალხს უნდა ჰკითხოს, უჭერენ თუ არა მხარს იმ მოსამართლეთა უვადოდ გამწესებას, რომლებიც იყვნენ სისასტიკის და არაადამიანური მოპყრობის მთავარი შემოქმედები.

"უნდა დავიწყოთ კონსტიტუციური ცვლილება და ეს უნდა შეეხოს იმ ადამიანებს, ვინც უკვე დანიშნულია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ერთნაირად გვექნება პასუხი იმათ მიმართ, ვინც უკვე გაამწესა ნდობადაკარგულმა იუსტიციის საბჭომ და იმათ მიმართაც, ვინც უნდა გაამწესოს. იუსტიციის უმაღლესო საბჭო უნდა შეიცვალოს და ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული უსწრაფესად. იუსტიციის სკოლის რეფორმით უნდა მოხდეს ახალი მოსამართლეების შემოსვლა სასამართლო ხელისუფლების შიგნით და ის ადამიანები, ვინც ემსახურებოდა ამ ძალადობრივ რეჟიმს და სისასტიკეს, მათ უნდა დატოვონ სასამართლო ხელისუფლება. უნდა გამკაცრდეს დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები. მათი გადაწყვეტა, ანუ დისციპლინური პასუხისმგებლობა არ უნდა იყოს ამ საბჭოს ხელში. საბჭო უნდა დაკომპლექტდეს ახალი წესით. ხოლო უზენაეს სასამართლოში უნდა გავამწესოთ ის მოსამართლეები, რომლებიც არ იყვნენ დაკავშირებული ძალადობრივ რეჟიმთან. დღეს ისევ ხდება ამ ინტერესების ლობირება და ეს ხდება პარლამენტში ღიად, პარლამენტის თავმჯდომარის და იმ დეპუტატების სახით, ვინც მე არასდროს მინახავს იმ ბრძოლაში, როდესაც ჩემი მეგობრები და თანამოაზრეები წლების განმავლობაში ველოდებოდით ძალადობრივი რეჟიმის შეცვლას", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო