"ქართული ოცნება" შესაძლოა, ნუკრი ქანთარიამაც დატოვოს - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნება" შესაძლოა, ნუკრი ქანთარიამაც დატოვოს

საპარლამენტო უმრავლესობა შესაძლოა, დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამაც დატოვოს. "ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, ხომ არ არის მოსალოდნელი მისი მხრიდან პარტიის დატოვება და ეკა ბესელიასთან ერთად ფრაქციის შექმნა, ნუკრი ქანთარია პასუხობს:

"არაა გამორიცხული, მაგრამ ეკა ბესელიას გამყოლად არ მგონია, გამოვდგე. ეს არ ნიშნავს, რომ ეკა ბესელია წავიდა და მე უნდა გავყვე, მაგრამ მეც ჩემი შეხედულებები მაქვს. ცვლილებების აუცილებლობას ვხედავ და მეც ვიმოქმედებ ჩემი რწმენით. გუშინვე თქვეს, ვინც მხარი დავუჭირეთ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის გადავადებას, გამოვიდა ისეთი ინფორმაცია, რომ ეს ნიშნავს უკვე რაღაც გადაწყვეტილებას დატოვების შესახებ. თუ ეს გადაწყვეტილება მართლაც მიიღეს, ერთი მხრივ, დამაზიანებელი იქნება, თუმცა შეიძლება რეალური," - განაცხადა ქანთარიამ.

მისვე თქმით, აუცილებელია საკადრო ცვლილებები.

"შენჯღრეული მდგომარეობაა გუნდში, ამიტომ კიდევ ერთხელ გამოიკვეთა საკადრო ცვლილების აუცილებლობა, გადანაცვლების დროა, ახალი ენერგიაა საჭირო. ფეხბურთშიც კი, როდესაც წყობა არ ამართლებს, მწვრთნელი გადაანაცვლებს მოთამაშეებს. ასე რომ, პრინციპულად უახლოეს ხანშია გასაკეთებელი ეს გადანაცვლება," - განაცხადა დეპუტატმა.

ნუკრი ქანთარიამ ირაკლი კობახიძის, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის შესაძლებლობები შეაფასა.

"სამწუხაროდ, ირაკლი კობახიძეს არ აღმოაჩნდა ის თვისებები, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის არის აუცილებელი", - დასძინა ქანთარიამ.

იხილეთ ასევე: სად მიდის ეკა ბესელია?

"ინტერპრესნიუსი"