"ქართული ოცნების" წევრებს ვეუბნები, ისინი დღეს უკვე არიან "ნაციონალური მოძრაობა", არ უყვართ "ნაცმოძრაობა"? მაშინ იქიდან უნდა წამოვიდნენ" - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნების" წევრებს ვეუბნები, ისინი დღეს უკვე არიან "ნაციონალური მოძრაობა", არ უყვართ "ნაცმოძრაობა"? მაშინ იქიდან უნდა წამოვიდნენ"

"ეკა ბესელიას გუნდის მესამე ძალად ჩამოყალიბებას, ამ ეტაპზე სკეპტიკურად ვუყურებ", - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ეკა ბესელიას გადაწყვეტილებას, რომ დატოვოს მმართველი გუნდი და ახალი პოლიტიკური ძალა შექმნას.

მისივე თქმით, ეკა ბესელიას დღევანდელი გადაწყვეტილება დაგვიანებულია და ამას ამომრჩეველი მას ხშირად შეახსენებს.

"ამ ეტაპზე სკეპტიკურად ვუყურებ ამ პლატფორმის შესაძლებლობებს ბევრი მიზეზის გამო, თუნდაც იმიტომ, რომ მათ ძალიან დააგვიანეს, ის პრობლემები, რაც მათი მხრიდან არის მიზეზად მოყვანილი, დღეს არ გაჩენილა, ის რამდენიმე წელია არსებობს და შესაბამისად, ეს დაგვიანებული რეაგირება არადამაჯერებლად გამოიყურება. ჩვენი ამომრჩეველი საკმაოდ გამოცდილია იმისთვის, რომ ეს ყველაფერი შეამჩნიოს. მე პირადად მზად ვარ უკან არ გავიხედო, არ ვიქიკილო ამ დაგვიანებაზე და ვითანამშრომლო, მაგრამ ამომრჩეველს ვერ მოატყუებ. მას ეს პრეტენზია ბესელიასთან ყოველთვის ექნება, რომ 2019 წელს აღმოაჩინა ის, რა პრობლემაც 2013 წლიდან უკვე საკმაოდ ადვილი დასანახი იყო",- განაცხადა ხუხაშვილმა.

ამასთან, გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" ფაქტობრივად "ნაციონალურ მოძრაობად" იქცა, ამიტომ "ოცნების" წევრებს მოუწოდებს, დატოვონ გუნდი.

"ეკა ბესელიას მიერ "ქართული ოცნების" დატოვება გასაგები, ლოგიკური იყო და ეს არ არის სიურპრიზი. მას შემდეგ რაც "ქართული ოცნება" ფაქტობრივად, სისტემური თვალსაზრისით იქცა "ნაციონალურ მოძრაობად" , გასაგებია, რომ ის ყველამ უნდა დატოვოს, ვინც თავის დროზე ებრძოდა იმ მანკიერ სისტემას. სისტემური თვალსაზრისით "ქართული ოცნება" უკვე "ნაციონალური მოძრაობაა", რადგან ყველა მანკიერება გადმოიბარა და ფაქტობრივად გამოაცხადა, რომ ის არის სამართალმემკვიდრე. ასე, რომ მინდა "ქართული ოცნების" ყველა წევრს ვუთხრა, რომელიც ამ პარტიას ებრძოდა, ისინი უკვე დღეის მდგომარეობით ამ პარტიის წევრები არიან და თუ მათ არ მოსწონთ "ნაციონალური მოძრაობა" , მაშინ მათაც იგივე ნაბიჯი უნდა გადადგან, რაც ეკა ბესელიამ. "ქართული ოცნების" გუნდად მოხსენიება საერთოდ პირობითი იყო, ეს არის ე.წ. დაჯგუფება ადამიანების, რომელიც ერთ კაცზე იდგა, მაგრამ ამ პროცესებიდან გამომდინარე, ყველა "წითელი ხაზი" გადაკვეთილია უკვე, ყველა მანკიერება ათვისებულია "ქართული ოცნების" მხრიდან და ფაქტობრივად, ბოლო ორი ელემენტი იყო დარჩენილი - ეს იყო ფინანსური ნაკადების კონტროლი, "თიბისის" ირგვლის განვითარებულმა მოვლენებმა ეს მანკიერებაც აათვისებინა "ქართულ ოცნებას" და მეორე- მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკურ ვერტიკალში ჩაყენება. საბოლოოდ, ამ ორი საკითხის გუშინდელი გაფორმებით ფაქტობრივად დასრულდა "ქართული ოცნების" "ნაციონალიზაცია". შესაბამისად, "ქართული ოცნების" ყველა წევრს ვეუბნები, რომ ისინი დღეს უკვე არიან "ნაციონალური მოძრაობა". არ უნდათ და არ უყვართ "ნაციონალური მოძრაობა"? მაშინ იქიდან უნდა წამოვიდნენ, სხვანაირად, ისინი პასუხისმგებლები არიან არამარტო ამ 6 წელზე, არამედ წინა 9 წელზეც",- განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ეკა ბესელიამ მმართველი გუნდი დღეს დატოვა ოფიციალურად და განაცხადა, რომ ახალ პოლიტიკურ პლატფორმას შექმნის.

იხილეთ ასევე: "რთულია ვთქვა, რომ "მივდივარ" პარტიიდან, რომელიც დავაფუძნე ბიძინა ივანიშვილთან ერთად, მაგრამ..."

"ინტერპრესნიუსი"