ეკა ბესელია: "ირაკლი კობახიძემ ბოდიში უნდა მოიხადოს" - კვირის პალიტრა

ეკა ბესელია: "ირაკლი კობახიძემ ბოდიში უნდა მოიხადოს"

ირაკლი კობახიძემ ბოდიში უნდა მოიხადოს. ის არ მოიქცა ღირსეულად, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" უკვე ყოფილმა წევრმა ეკა ბესელიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ირაკლი კობახიძეს პარლამენტის ღირსება უნდა დაეცვა, რაც ვერ მოახერხა.

ეკა ბესელია კიდევ ერთხელ შეეხო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 10 კაციან სიას და აღნიშნა, რომ ამ სიის შეჩერება არა კობახიძის, არამედ მისი და კიდევ რამდენიმე კოლეგის დამსახურებაა.

"ირაკლი კობახიძემ უნდა მოიხადოს ბოდიში. ის არ მოიქცა ღირსეულად არც გუშინ, ისევე როგორც, არ მოიქცა ღირსეულად დეკემბრის ბოლო კვირას, როდესაც მას, როგორც ამ ინსტიტუტის პირველ პირს, უნდა დაეცვა ინსტიტუტის ღირსება. მან ეს ვერ გააკეთა. იმ სიის შეჩერება არ არის ირაკლი კობახიძის დამსახურება. ეს დამსახურებაა რამდენიმე ადამიანის და ჩემი გადადგომის. ეს იყო ფასი იმ სიის შეჩერების. რა თქმა უნდა, რამდენიმე ჩემი კოლეგა და თამარ ჩუგოშვილი პირველ რიგში იყო პრინციპულად წინააღმდეგი, მაგრამ კომიტეტის სხდომაზე გავიდოდა თუ არა ის 10-კაციანი სია, პირველი გადაწყვეტილება მე უნდა მიმეღო, როგორც კომიტეტის თავმჯდომარეს. მე თუ იმ სხდომას დავნიშნავდი, უარყოფითი დასკვნის შემთხვევაშიც კი, სია გადიოდა სესიაზე", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

"ინტერპრესნიუსი"