"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ხვალ დაგეგმილი საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა აღარ გაიმართება - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ხვალ დაგეგმილი საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა აღარ გაიმართება

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ხვალ დაგეგმილი საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა აღარ გაიმართება. სხდომა 11:00 საათზე იყო დანიშნული და მას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც უნდა დასწრებოდა. თუმცა, ამჟამად არსებული ინფორმაციით, სხდომა ხვალ აღარ ჩატარდება. როდისთვის გადაიდო უმრავლლესობის შეხვედრა, ჯერჯერობით უცნობია.

დღეს კი "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში პარტიის სამდივნოს სხდომა ჩატარდა. არსებული ინფორმაციით, შეხვედრას ის დეპუტატები ესწრებოდნენ, რომლებმაც "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სხდომაზე პარტიიდან რამდენიმე წევრის გარიცხვის საკითხი განიხილებოდა, თუმცა, შეხვედრის დასრულების შემდეგ უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "არავინ არავის გაურიცხავს და ეს საკითხი არ იყო განხილვის თემა".

"არავინ არავის გაურიცხავს და ეს საკითხი არ იყო განხილვის თემა. იყო სხვა ძალიან მწვავე პრობლემები, რომელიც არის და ჩვენ ამაზე გვქონდა საუბარი. პარტიის თავმჯდომარე აპირებს, რომ უმრავლესობის სხვა ჯგუფებსაც შეხვდეს. როგორც ქუხს ისე არ წვიმს, მოგეხსენებათ. ასეა ახლაც. იყო შეხვედრა პარტიის თავმჯდომარესთან გარკვეული ჯგუფის. იყო საქმიანი და გულწრფელი საუბარი. ბევრ რამეზე შევჯერდით", - აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე, რომელსაც პარტიის თავმჯდომარეც ესწრებოდა, სასამართლოზეც იყო საუბარი, უმრავლესობის მომავალზეც. "ბევრ რამეზე მოხდა ძირეული საუბარი, ყველა საკითხი მწვავეა", - დასძინა ქანთარიამ.

"ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისში შეხვედრა დღეს 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

"ინტერპრესნიუსი"