ზვიად კუპრავა დააკავეს - კვირის პალიტრა

ზვიად კუპრავა დააკავეს

"სამართალდამცველთა ლიგის" ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა დააკავეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსხურიდან აცნობეს.

"2019 წლის 24 თებერვალს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელდა ზვიად კუპრავას დაკავება. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2018 წლის 11 ივნისს ზვიად კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, რისთვისაც მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით (სასამართლოს უპატივცემულობა). აღნიშნული დანაშაულისთვის ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო, იმ მიზნით, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენა და უზრუნველყოფილიყო სამართალდამცავ ორგანოში/სასამართლოში მისი გამოცხადება. სასამართლოს უპატივცემულობის შემდეგ, გირაოს ქვეშ მყოფმა ზვიად კუპრავამ, ასევე სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადვოკატს. აღნიშნული ქმედებისთვის ზვიად კუპრავას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ვინაიდან მან თავი აარიდა სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას. გირაოს პირობების დარღვევის - ახალი დანაშაულის შესაძლო ჩადენის, სამართალდამცავ ორგანოში არგამოცხადების, მართლმსაჯულებისთვის თავის არიდების - გამო, სასამართლოს გადაწყვეტიებით მიმდინარე წლის 21 თებერვალს ზვიად კუპრავას გირაო შეეცვალა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით. აღსანიშნავია, რომ სასამართლო სხდომა ჩატარდა ზვიად კუპრავას გარეშე, ვინაიდან ბრალდებულმა თავი აარიდა მართლმსაჯულებასაც. 2019 წლის 24 თებერვალს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით განხორციელდა ზვიად კუპრავას დაკავება. დაკავების პროცესი აღბეჭდილია პოლიციის სამხრე კამერებზე", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"