"ივანიშვილმა ახლა მაინც უნდა გადადგას რადიკალური ნაბიჯები, თორემ..." - კვირის პალიტრა

"ივანიშვილმა ახლა მაინც უნდა გადადგას რადიკალური ნაბიჯები, თორემ..."

"საქმე შეიძლება იქამდე მივიდეს, რომ ოპოზიციისა და "ქართული ოცნების" დაპირისპირება კი არ მივიღოთ, არამედ ვნახოთ ბრძოლა "ქართული ოცნებიდან" წასულებსა და დარჩენილებს შორის, რაც საზოგადოებას უფრო დაანაწევრებს"

გასული კვირა შეიძლება "წასვლის კვირადაც" შეფასდეს - ჯერ იყო და, 21 თებერვალს სკანდალური პროცესების შემდეგ "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს აწ უკვე ყოფილმა თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ და მისმა მოადგილე ბადრი ჯაფარიძემ თანამდებობები დატოვეს, 22 თებერვალს კი საპარლამენტო უმრავლესობიდან წავიდნენ დეპუტატები ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი და ბექა ნაცვლიშვილი. მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობაც და პარტიაც დატოვა გედი ფოფხაძემაც. შედეგად "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა. ბესელიამ, გოგიჩაიშვილმა და ფოფხაძემ ეს გადაწყვეტილება მიიღეს მას მერე, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის გადავადების კანონპროექტს, რომლის ინიციატორი, ეკა ბესელიასთან ერთად, კიდევ რვა დეპუტატი იყო. კანონპროექტმა კანონმდებელთა 45 ხმა მიიღო და აქედან საპარლამენტო უმრავლესობას მხოლოდ 17 ხმა ეკუთვნოდა. ბექა ნაცვლიშვილის წასვლის მიზეზი გახდა ის, რომ პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა მის კანონპროექტს დაგროვებითი პენსიის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

ექსპერტ მამუკა არეშიძესთან ინტერვიუ მმართველ პარტიაში განვითარებული მოვლენების შეფასებით დავიწყეთ:

მამუკა არეშიძე

- თუ მიმდინარე მოვლენებს ერთი ფრაზით შევაფასებთ, თვალსაჩინოა, რომ მმართველი ძალა სუსტდება. სამწუხაროდ, უკვე დაიწყო "ქართული ოცნებიდან" მისი ლიდერების წასვლის ციკლი, რაც, ალბათ, გაგრძელდება.

პარტიაში დაგროვილი უარყოფითი მუხტი, ვფიქრობ, ახლა მთელი ძალით იფეთქებს და უთანხმოება, რომელიც სხვადასხვა თემის ირგვლივ სხვადასხვა დროს წარმოიშვა და შეიძლება აქამდე ხმამაღლა არც თქმულა, უფრო გამძაფრდება...

ჩემი აზრით, "ქართული ოცნების" დაშლის პროცესი დაწყებულია.

- პარტიაში არსებული უთანხმოება აშკარად გამოჩნდა ერთი წლის წინ, რის შემდეგაც ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში და ამ ნაბიჯის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სწორედ პარტიაში წარმოშობილი პრობლემების მოგვარება დაასახელა. გავიდა ერთი წელი, მაგრამ ეს პრობლემები არათუ ვერ მოგვარდა, უფრო გამწვავდა და უკვე ამის ნეგატიურ შედეგსაც ვხედავთ... როგორ ფიქრობთ, რა ხდება, ბიძინა ივანიშვილი საინფორმაციო ვაკუუმშია, ვეღარ აკონტროლებს ვითარებას, თუ მან პროცესი, გარკვეული მოსაზრებით, ასე ვთქვათ, "თავისუფალ ცურვაში" მიუშვა? - არ მჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი გუნდში ვითარებას ვეღარ აკონტროლებს. უმრავლესობის ყველა წევრს აშკარად აქვს განცდა, რომ ის ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრია. ფაქტობრივად, ბოლომდე ამ პოზიციაზე იყო ეკა ბესელიაც.

- ანუ "ქართული ოცნების" ზოგი წევრი კი მიიჩნევს თავს ივანიშვილის გუნდის წევრად, მაგრამ ის ასე აღარ ფიქრობს? - საკითხის ასე დაყენება ცოტა უტრირებულია, თუმცა, ვფიქრობ, შექმნილ ვითარებაში განსაკუთრებული როლი სასამართლოების თემამ, ანაც ამ მახინჯი კოაბიტაციის მიმართ დამოკიდებულებამ კი არ ითამაშა, არამედ იმან, რომ საიდანღაც გვერდიდან მოსულმა, ამბიციურმა ახალგაზრდებმა მოიწადინეს ე.წ. ძველი გვარდიის თავზე დაჯდომა, რისი უფლებაც ივანიშვილმაც მისცა.

რაც შეეხება ვითარების კონტროლს, ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილი ვითარებას ახლაც აკონტროლებს. ეს ჩანს თუნდაც იმით, რომ მან ერთ-ერთი ჯგუფის მხარე დაიჭირა და აღარ მოინდომა პარტიაში ძალების დაბალანსება. რატომ გადადგა ეს ნაბიჯი, ჩემთვის გაუგებარია...

ერთ-ერთ ჩვენს ინტერვიუში, ალბათ, გახსოვთ, რომ ვთქვი, ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი უნდა გააკეთოს ხანძრის ჩასაქრობად-მეთქი. მან ეს არ მოინდომა... ვიღაცამ შეიძლება თქვას, არ მოინდომა კი არა, ვეღარ ჩააქროო, თუმცა მე ამის არ მჯერა. ჩემი აზრით, მას ჰქონდა ხანძრის ჩაქრობის რესურსი. რატომ არ მოინდომა, არ ვიცი. საინფორმაციო ვაკუუმშიაო, ამასაც ვერ ვიტყვით. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, იმ ჯგუფშიც, რომელსაც მან მხარი დაუჭირა, ერთსულოვნება არ არის, მაგალითად, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით თამარ ჩუგოშვილის პოზიცია აშკარად განსხვავებულია ჯგუფის სხვა წევრების პოზიციისგან. ეს პოზიცია საჯაროა და ამის შესახებ ყველამ ვიცით...

ერთ მნიშვნელოვან საკითხს მინდა მივაქციოთ ყურადღება... ზოგიერთი ე.წ. ძველი დეპუტატი პირად შეურაცხყოფად იღებს ახალგაზრდების ქმედებებს. ლაპარაკია იმ ამბიციურ მიდგომებზე, რომელთაც ეს ახალგაზრდები ამჟღავნებენ, ამიტომაც ვეტერანების კორპუსი მთლიანად შეიძლება არ წავიდეს პარტიიდან, მაგრამ ნაწილი აუცილებლად წავა.

ვფიქრობ, ახლა მაინც უნდა გადადგას პარტიის თავმჯდომარემ რადიკალური ნაბიჯები, რაც ამ პროცესს შეაჩერებს. სხვა შემთხვევაში პრაქტიკულად დაიშლება არა მხოლოდ უმრავლესობა, არამედ - პარტიაც, დაშლილი პარტიის საფუძველზე შექმნილ საპარლამენტო ჯგუფებს კი საზოგადოებაში თავიანთი მხარდამჭერები ეყოლებათ, რაც ძალიან დიდ პრობლემებს შექმნის.

საქმე შეიძლება იქამდე მივიდეს, რომ ოპოზიციისა და "ქართული ოცნების" დაპირისპირება კი არ მივიღოთ, არამედ ვნახოთ ბრძოლა "ქართული ოცნებიდან" წასულებსა და დარჩენილებს შორის, რაც საზოგადოებას უფრო დაანაწევრებს და ქვეყნის განვითარების პროცესს მნიშვნელოვნად დაამუხრუჭებს.

ბუნებრივია, ამ ვითარებაში წარმოუდგენელი იქნება იმ პრობლემების მოგვარება, რასაც ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ დაჰპირდა. ამ ყველაფერს შედეგად მოჰყვება ის, რომ 2020 წლის არჩევნებზე ძალიან ცუდად წავა "ქართული ოცნების" საქმე. საზოგადოებისთვის, რომელიც ელოდება ქვეყნის განვითარების შეუქცევადი პროცესის დაწყებას, ეს მოვლენები არის უკიდურესად დამაბნეველი და უარყოფითი...

- ბოლოდროინდელ პროცესებს თუ შევაფასებთ, უნდა ვთქვათ, რომ ეკა ბესელიამ სწორი პოლიტიკური ნაბიჯები გადადგა. ის უკვე დამოუკიდებელი დეპუტატია და ჰყავს თავისი თანამოაზრეებიც. როგორ ფიქრობთ, შეძლებს ის ანგარიშგასაწევ ძალად ქცევას? - ეკა ბესელია რომ ჭკვიანი პოლიტიკოსია, ეს ამ ბოლო თვეებმაც გამოაჩინა. მას, შეიძლება ითქვას, შეცდომა არ დაუშვია... იყო თანამიმდევრული... პაუზების დროსაც კი სწორად არჩევდა... თუმცა ამ პროცესებში უმნიშვნელოვანესია თემა, რომელიც უკიდურესად მწვავე და სახალხო გახდა - ვგულისხმობ სასამართლო სისტემის საკითხს. ბესელია კი არა, ვინც უნდა იყოს ამ თემის წინააღმდეგ მოქმედი მთავარი პირი, მის გარშემო აუცილებლად გაერთიანდება საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი.

პოლიტიკაში ასეც ხდება - ხშირად ისეთი ფიგურის გარშემო ერთიანდება საზოგადოებრივი აზრი, რომელსაც მანამდე შეიძლება სულაც არ ჰქონდა მაღალი რეიტინგი.

დღეს საზოგადოებრივი აზრის ცვლილების კარგი მაჩვენებელია სოციალური ქსელები. თუ დააკვირდებით, ნახავთ, ბოლო თვეების განმავლობაში როგორ შეიცვალა განწყობა ეკა ბესელიასა და ზოგი სხვა დეპუტატის მიმართ, რომელთაც გუშინ ან აგინებდნენ, ან არც ახსენებდნენ. ჩემი აზრით, სასამართლოს თემის გათვალისწინებით, ბესელიას გუნდს ძალიან მალე დიდი რესურსის შემოკრება შეუძლია. მომავალში რას იზამენ, თუნდაც არჩევნებისთვის, ვერ გეტყვით. ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, დაიწყება თუ არა კომპრომატებით ბრძოლა და გადადგამს თუ არა სწორ ნაბიჯებს ესა თუ ის მხარე. ჯერჯერობით შეიძლება ითქვას, რომ ამ გუნდის, როგორც პოლიტიკური ძალის პერსპექტივა აშკარად ჩანს. ვნახოთ, სწორ პოლიტიკურ ნაბიჯებს თუ გადადგამენ...

- არაერთგზის გვისაუბრია სასამართლო სისტემის გარშემო შექმნილ ვითარებაზე. მთავარ კითხვად კვლავაც რჩება, რატომ გახდა ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნებისთვის" ასე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ზოგი მოსამართლის შენარჩუნების საკითხი? - ეს ჩემთვის კვლავაც გაუგებარია. ამას ვერ ხვდება საზოგადოების ნაწილიც. ეს არის ბნელით მოცული პროცესი. რა დამსახურებისთვის იცავენ ასე გავეშებით ჩინჩალაძე-მურუსიძის ტანდემსა და მათ გუნდს, გაუგებარია. რად უნდათ, რაში სჭირდებათ ეს ხალხი? ეს პროცესი ხომ უპირველესად სასამართლო სისტემასა და სახელმწიფოს აზარალებს! ქვეყანაში არის უამრავი პატიოსანი და პროფესიონალი მოსამართლე, რომელთა მონაწილეობითაც უნდა განხორციელდეს ამ სისტემის რეფორმა...

ახალ სასამართლო სისტემას, რომელიც ჰაერივით სჭირდება ქვეყანას, როგორ ჩამოაყალიბებენ ჩინჩალაძე, გვრიტიშვილი და მურუსიძე?!

- ბოლო ხანს მოსამართლეებისგან ხშირად გვესმის პოლიტიკური განცხადებები. ორიოდე დღის წინ ლევან მურუსიძემ დაახლოებით ასეთი რამ თქვა - თუ დამნაშავე ვარ, მოდით და დამაკავეთო... მათ ლაპარაკში ხშირად ისმის მუქარის ტონიც. გამოითქმის ვარაუდიც, რომ კოაბიტაციის შედეგად სასამართლო სისტემის წარმომადგენლები, რომლებსაც კლანადაც მოიხსენიებენ, ისე მომძლავრდნენ, რომ ხელისუფლება მათ მძევლად იქცა... - ეს არ მჯერა. ჩემი აზრით, კლანის ძალა ეფემერულია. ერთი ხელის მოსმით შეუძლია "ქართულ ოცნებას" ამ ძალის - ამ საპნის ბუშტის გაცამტვერება, ოღონდ ამას სჭირდება პოლიტიკური ნება. ამ საკითხით დაინტერესებული ვარ და შევეცადე, კარგად ჩავწვდომოდი თემის არსს; მაგალითად, დავინტერესდი, გამერკვია, რა გავლენას ახდენენ ეს ადამიანები სხვა მოსამართლეებზე. დიახ, ისინი ახდენენ გავლენას გარკვეულ ჯგუფზე, ახერხებენ მათით მანიპულირებას, თუმცა სისტემაში მათი გავლენისგან თავისუფალი არაერთი დამოუკიდებელი და პატიოსანი მოსამართლეა.

- კიდევ ერთი ხმაურიანი თემა "თიბისი ბანკის" გარშემო განვითარებული მოვლენებია... - ესეც ბურუსით მოცული ამბავია და აქაც ჩვენი ხელისუფლება ცეცხლს ეთამაშება. უპირველესად უნდა ვთქვა, რომ მიუხედავად ომებისა და ათასი უბედურებისა, საქართველოში ძალიან სწრაფად შეიქმნა სტაბილური საბანკო სისტემა, რაც ბევრმა პოსტსაბჭოთა ქვეყანამ ვერ შეძლო და ამაში დიდი როლი ითამაშა "თიბისი ბანკმაც." ეს სისტემა ჩამოყალიბების დღიდან იწვევდა უცხოელი ინვესტორების ინტერესს, თუმცა ქვეყნის შიგნით, მოსახლეობისთვის, მძიმე გამოდგა ის დრაკონული კანონები, რომლებიც ამ სფეროში მოქმედებდა.

ამგვარი ტრანზაქციები, რასაც "თიბისის" ედავებიან, ვფიქრობ, მსოფლიოს წამყვან ბანკებშიც ხორციელდება. აშკარაა, რომ 11 წლის წინანდელი ამბავი მხოლოდ საბაბია... მომხდარი გამოიყენეს მაშინ, როცა დასჭირდათ... რატომ გახდა ეს საჭირო? - აი, ეს არის მთავარი კითხვა და მასზე ერთი პასუხი არ არსებობს...

არაერთი ვერსია ტრიალებს - ხაზარაძის პოლიტიკური გემოვნებით დაწყებული, უცხო ქვეყნის ინტერესებით დამთავრებული...

თუ "თიბისი ბანკის" თემას განზე გადავდებთ და პორტების თემას განვიხილავთ, აღმოჩნდება, რომ ძალიან მძიმე ვითარებასთან გვაქვს საქმე. ვერსია, რომ რუსებს არ სურთ ანაკლიის პორტის აშენება, ამიტომ მოსკოვიდან დარეკეს და ივანიშვილს უთხრეს, გაჩერდიო, ჩემი აზრით, უაღრესად მიამიტურია, რადგან ამ პორტის მშენებლობით ძალიან სერიოზული ძალები არიან დაინტერესებული. ანაკლიის პორტის მშენებლობა სახელმწიფოსთვის განსაკუთრებულად პრიორიტეტულია და ამას ადასტურებს ერთი ფაქტიც - მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი შეთანხმება არ არსებობდა, სახელმწიფომ 100 მილიონი დოლარი გამოყო კონსორციუმისთვის, რათა მშენებლობის პროცესი უფრო დინამიკური ყოფილიყო...

მოგეხსენებათ, ფართოვდება და შენდება პორტი ფოთშიც. მართალია, უფრო ნაკლები სიმძლავრის, მაგრამ ისიც ღრმაწყლოვანი უნდა იყოს და ამისთვის სამუშაოები ფორსირებულად მიმდინარეობს.

ისმის კითხვა: ამ პატარა საქართველოში ერთმანეთის გვერდით ორი ამხელა პორტი ვის სჭირდება და რა შედეგის მომტანი იქნება?

გავითვალისწინოთ ისიც, რომ პარალელურად თურქეთი იწყებს სამსუნში უზარმაზარი პორტის მშენებლობას...

- ანუ ეს პროცესები შეიძლება პორტებს შორის კონკურენციით იყოს გამოწვეული? - ერთმნიშვნელოვნად ამის თქმა ძნელია, თუმცა როგორც ერთი, ისე მეორე პორტის უკან დგანან ძალიან დიდი ფინანსური ჯგუფები, მათ შორის - ამერიკულიც. როგორც ვიცი, ქვეყნის ხელმძღვანელობაც ორივე პორტის მშენებლობაში იყო ჩართული.

ვიცი ისიც, რომ იყო უთანხმოებაც, მაგალითად, ხელისუფლების ერთ ჯგუფს სურდა, ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინური შემადგენელი გაჩენილიყო, თუმცა მეორე ნაწილი ამას ეწინააღმდეგებოდა და მიზეზად პროცესში ჩართული ამერიკული მხარის პოზიციას ასახელებდა.

მოკლედ, სიმართლის გარკვევა ძალიან ძნელია, თუმცა დანამდვილებით ვიცი ერთი რამ - ეს ხმაური და აურზაური ქვეყანას აზარალებს.

ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც ისედაც ვდგავართ განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე და ეს გამოწვევები უფრო გამწვავდება თუნდაც ამ პორტების მშენებლობით, ყოვლად გაუგებარია ის, რაც ხდება მმართველ ძალაში, ან რაც მოხდა "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით. ხომ ცხადზე ცხადია, რომ ამ პორტების მშენებლობაში რუსეთი აშკარად ხედავს სამხედრო-პოლიტიკურ შემადგენელს და ამით ძალიან ღიზიანდება. მან შეიძლება ვერც ვერაფერი გააკეთოს ამ პროცესების წინააღმდეგ, რადგან ორივე შემთხვევაში - ფოთშიც და ანაკლიაშიც - ძალიან ძლიერი უცხოური ინტერესებია ჩართული, მაგრამ ჩვენი უთავობით და დაპირისპირებებით პრობლემებს თუ შევქმნით, ბუნებრივია, ამას ჩვენი მტრები გამოიყენებენ... ძნელი სათქმელია, ხელისუფლებასა და მამუკა ხაზარაძეს შორის რა შავმა კატამ გაირბინა...

- ალბათ, უფრო უპრიანი იქნება, ვთქვათ - ხაზარაძესა და ივანიშვილს შორის... - შეიძლება. არ ვიცი, შესაძლებელია თუ არა, ეს უკავშირდებოდეს ხაზარაძე-კვირიკაშვილის პოლიტიკურ ამბიციებს, რაც ივანიშვილს არ მოეწონა. ჩვენ ამის თაობაზე ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს.

მართალია, მამუკა ხაზარაძე ფორმალურად წავიდა ბანკიდან, მაგრამ ის რჩება ანაკლიის პორტში...

- განცხადებაში, რომლითაც მან "თიბისი ბანკიდან" წასვლა გვამცნო, ამბობს, რომ რჩება ანაკლიის პროექტში, თუ დასცალდა... - ჩემი აზრით, ხაზარაძის იძულება, იქიდან წავიდეს, ძნელი იქნება. ვინც ამას მოინდომებს, მძიმე ბრძოლაში მოუწევს ჩაბმა. გაზეთის ფურცლებზე ყველაფრის თქმა არ შეიძლება... ვფიქრობ, სულ უნდა გააჩეროს პორტის მშენებლობა იმან, ვინც ხაზარაძის განეიტრალებას მოინდომებს, ამას კი, ვფიქრობ, ვერ გაბედავენ... ამხელა პროექტის გაჩერება ასეთი ადვილი არ იქნება...

- გამოითქმის ვარაუდები, რომ ხაზარაძე შეიძლება პოლიტიკაში წავიდეს... - სიმართლე გითხრათ, მამუკა ხაზარაძეს პოლიტიკაში ვერ ვხედავ. ჩემი აზრით, ვერც თვითონ ხედავს საკუთარ თავს ამ ასპარეზზე. ერთხელ სცადა ეს - წლების წინ "ახალი მემარჯვენეების" უკან მამუკა ხაზარაძეც იდგა, თუმცა მალევე გაერიდა პოლიტიკურ პარტიას.

- წარმატებული გამოდგა სალომე ზურაბიშვილის ვიზიტები საფრანგეთსა და გერმანიაში, სადაც ის ქვეყნის პირველ პირებს შეხვდა და საინტერესო განცხადებებიც გააკეთა... - ისეთ მიღებას, როგორიც სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთში მოუწყვეს, ან როგორი შეხვედრაც მერკელთან ჰქონდა, ძალიან ბევრი პრეზიდენტი ინატრებდა. გაოცებულიც კი დავრჩი.

უნდა ითქვას, რომ ეს შეხვედრები იყო უაღრესად მაღალ დონეზე ორგანიზებული, რაშიც ქართული მხარისა და იმ გუნდის წვლილია, რომლის წევრადაც ყოველთვის მოიაზრებოდა სალომე ზურაბიშვილი. ეს არ არის მხოლოდ ფრანგული გუნდი, ეს არის ევროპული გუნდი... ჩვენ ვნახეთ უპრეცედენტოდ საინტერესო შეხვედრები. მისი ვიზიტების ეს ციკლი ძალიან მნიშვნელოვანია, მაკრონთან შეხვედრით დაწყებული და 27 თებერვალს აზერბაიჯანში ვიზიტით გაგრძელებული...

რაც შეეხება განცხადებებს, სალომე ზურაბიშვილმა დეოკუპაციის მიმართულებით მეტად რადიკალური პოზიცია წარმოაჩინა, რაც მისაღები აღმოჩნდა ევროპელი კოლეგებისთვის. უნდა აღვნიშნოთ, რომ პრეზიდენტმა ეს პოზიცია ამ ვიზიტებამდეც გამოხატა. ვფიქრობ, ამას მნიშვნელოვანი შედეგი მოჰყვება. აშკარად გამოჩნდა, რომ სალომე ზურაბიშვილს აქვს დიდი დიპლომატიური რესურსი და ამ რესურსის გამოყენებისთვის მაქსიმალურად იხარჯება.

სხვათა შორის, მან ჟენევის მოლაპარაკებებზეც გაამახვილა ყურადღება. თქვა, რომ ამ ფორმატმა თავისი შესაძლებლობები ამოწურა. ილაპარაკა ახალი ფორმატის შექმნის აუცილებლობაზეც, რაც სწორი გზავნილია. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ეს ერთი წარმატებული ვიზიტი კი არ იყოს, არამედ იქცეს ხანგრძლივი პროცესის ნაწილად. ამისთვის აუცილებელია ამ მიმართულებით ხელისუფლების სხვა შტოების კოორდინირებული და სწორი მოქმედება.

ისიც უნდა ვთქვათ, რომ როდესაც საგარეო პოლიტიკური ცხოვრება ასეთი დაბალანსებული დღის წესრიგით წარიმართება, ქვეყნის შიგნით კი ასეთი აურზაურია, ეს ქმნის კონტრპროდუქტიულ ვითარებას და ქვეყნის განვითარებას ხელს უშლის...

დღეს საზოგადოება არის დაბნეული, დაშლილი და გაღიზიანებული, რაც ქვეყნის ცხოვრებისთვის ძალიან ცუდია.