ლევან გოგიჩაიშვილი: "კლანი ხელისუფლებას აშანტაჟებს" - კვირის პალიტრა

ლევან გოგიჩაიშვილი: "კლანი ხელისუფლებას აშანტაჟებს"

"ირაკლი კობახიძე ჩემთვის კომიკური ფიგურაა. სულ არ განმიცდია მისი ცოტა მკვახე და გაუაზრებელი სიტყვები. ანრი ოხანაშვილიც რას ფიქრობს, აღარ მაინტერესებს"

"ქართულმა ოცნებამ" შეცდომა მაშინ დაუშვა, როდესაც ჩათვალა, რომ მოსამართლეები ისეთივე მსხვერპლი იყვნენ, როგორიც სხვა ადამიანები", - ამბობს "ქართული ოცნების" აწ უკვე ყოფილი წევრი ლევან გოგიჩაიშვილი.

- "ოცნებაში" მიმდინარე პროცესები როგორ შევაფასო, საიდან რა დავინახო, არ ვიცი.

- ანრი ოხანაშვილმა ამ პროცესს დემოკრატიული უწოდა. - დემოკრატიულობაში რას გულისხმობს, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, პროცესი საჯაროა, დამალული არ არის. ყველას შეუძლია ანალიზი გააკეთოს...

- არსებული ინფორმაციით, თქვენი და თქვენი თანაგუნდელების ინიციატივის ჩაგდება თავად ბიძინა ივანიშვილმა მოითხოვა. როგორც ამბობენ, დეპუტატებს შეტყობინება გაუგზავნა. - აღარ ვარ იმ ჩათში, ამიტომ ვერ დაგიდასტურებთ, მაგრამ როგორც ვიცი, უმრავლესობის წევრებმა დაადასტურეს, რომ ასეთი რამ მართლაც მოხდა. ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარეა, თავისი შეხედულებები აქვს და უზიარებს კოლეგებს. ზოგი გაითვალისწინებს, ვიღაც - არა. 17-მა დეპუტატმა გაითვალისწინა დანარჩენმა - არა.

მთავარია უმრავლესობის პოზიცია. შეეძლოთ გამბედაობა მოეკრიბათ, რომ პროცესი დადებითად წარმართულიყო. ვერ გაბედეს, დანარჩენი მეორეხარისხოვანია.

- რაში აწყობს "ოცნების" ნაწილს ამ მოსამართლეების მხარდაჭერა-ლობირება? - არ ვიცი. ვფიქრობ, არ უნდა აწყობდეთ, ეს ყველას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის და, რა თქმა უნდა, ქვეყანასაც.

- მოსამართლე ლევან მურუსიძე მტკიცებულებებს ითხოვს, თუ რომელ საქმეზე მიიღო უკანონო გადაწყვეტილება. - "ოცნებამ" შეცდომა დაუშვა მაშინ, როდესაც ჩათვალა, რომ ეს მოსამართლეები ისეთივე მსხვერპლი იყვნენ, როგორიც სხვა ადამიანები. შესაბამისად, შედეგებს დიდხანს მოვიმკით. ჩვენ შევთავაზეთ გამოსავალი, მაგრამ უმრავლესობამ არ მოინდომა.

ეს ამბავი ასე მარტივად არ დამთავრდება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უკუღმართი სასამართლო სისტემა შემოტრიალდეს. თუ პროცესი მივუშვით, ძირს გამოგვითხრის.

- და მაინც, რატომ ვერ შეასრულა "ოცნებამ" 2012 წლის მთავარი დაპირება სამართლიანობის აღდგენის შესახებ? - არც ჩანს, რომ სამართლიანობა ნელ-ნელა მაინც აღდგება. რატომ ვერ მოხერხდა ეს, ვერ გეტყვით. ალბათ, იმის გამო, რომ სასამართლოში ისევ ის პირები არიან, რომლებმაც თავის დროზე უსამართლო განაჩენები გამოიტანეს.

- ექსპერტთა ნაწილის აზრით, მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი ხელისუფლებას აშანტაჟებს. - ვეთანხმები მათ, უკვე მართლაც ასე დგას საკითხი.

- რით შეიძლება აშანტაჟებდნენ? - არ ვიცი, მაგრამ ფაქტებიდან გამომდინარე ჩანს, ყველაფერი ისე მიდის, როგორც მათ სურთ. ვიღაცას ილუზია აქვს, რომ ასე არ არის, მაგრამ სადამდეც მიუშვებენ, იქამდე მივლენ. წინააღმდეგობა აქამდე არ შეხვედრიათ, პირველად წააწყდნენ ბოლო ორი თვის განმავლობაში.

- თამარ ჩუგოშვილის ინიციატივას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების უკან გაწვევას, მხარს თუ დაუჭერთ? - იუსტიციის საბჭოს ერთ-ერთი თავსატეხი ნაზი ჯანეზაშვილია. თუ ჩაფიქრებულია, რომ მხოლოდ ის გამოიწვიონ, მერე პრეზიდენტმა მიჰბაძოს და ანა დოლიძე გამოიწვიოს, ძალიან ცუდია, იმ ოთხი პირის გამოწვევა კი ძალიან კარგი იქნება, თუმცა ამის იმედი არა მაქვს. ამას არ უნდა სამთვიანი ფიქრი. კონკრეტული საკითხის ინიცირებას მხარს დავუჭერ, მაგრამ ტენდენციას, იცი, მე შენი არ მომწონს და ჩემი მოიწონეო, არ ვეთანხმები. არავის ვეჯიბრები, თუ ვინმეს შეუძლია რაღაცის გაკეთება, კი ბატონო. მე შედეგი მაინტერესებს და ამის მისაღწევად ყველა გზას გამოვიყენებ.

- პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობაში დაგადანაშაულათ... - ამ დროს კი თავად ადგა და "პატრიოტთა ალიანსის" რეზოლუციას არ დაუჭირა მხარი. ირაკლი კობახიძე ჩემთვის კომიკური ფიგურაა. სერიოზულად აღარ აღვიქვამ მის განცხადებებს. სულ არ განმიცდია მისი ცოტა მკვახე და გაუაზრებელი სიტყვები. ანრი ოხანაშვილიც რას ფიქრობს, აღარ მაინტერესებს.

- "ოცნების" დაშლის გაგრძელებას თუ ელოდებით? - არ ვიცი "ქართული ოცნება" ვის გარიცხავს ან რატომ! არც ის ვიცი, რომელი დეპუტატი რას გადაწყვეტს. ყველას პატივს ვცემ და იმედია, ვინც ჩემსავით ფიქრობს, მხარში ამოგვიდგება. მთავარია, ქვეყანას მივცეთ შესაძლებლობა, რომ სასამართლოს ჰქონდეს კარგი მომავალი, რომელიც ჩვენი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

- პარტიიდან წამოსულ წევრებს რა გეგმები გაქვთ, შეჰქმნით თუ არა ცალკე ფრაქციას პარლამენტში? - ვნახოთ, დროთა განმავლობაში ყველაფერს ნელ-ნელა შეგატყობინებთ.