ანრი ოხანაშვილი: "გოგიჩაიშვილმა კოლეგებს შეურაცხყოფა მიაყენა" - კვირის პალიტრა

ანრი ოხანაშვილი: "გოგიჩაიშვილმა კოლეგებს შეურაცხყოფა მიაყენა"

"არის საკითხები, რომლებიც ოჯახში უნდა დარჩეს..."

"ქართულ ოცნებაში" დაპირისპირებამ პიკს მიაღწია, გაიმარჯვა ე.წ. კობახიძის გუნდმა. ეკა ბესელიამ, ბექა ნაცვლიშვილმა და ლევან გოგიჩაიშვილმა პარტია დატოვეს. მათ რიგებს შესაძლოა დეპუტატი გედევან ფოფხაძეც შეუერთდეს. ეს კი ნიშნავს, რომ მმართველი პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობას დაკარგავს, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობიდან 7-ზე მეტი დეპუტატის გასვლა "ევროპული საქართველოს" უმცირესობის დაშლას მოასწავებს. ასეთ შემთხვევაში საპარლამენტო უმცირესობა იმ შემთხვევაში შენარჩუნდება, თუკი "ევროპული საქართველო" და ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" უმცირესობის ფორმატში გაერთიანდებიან.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი"ქართულ ოცნებაში" მიმდინარე პროცესებს დემოკრატიულს უწოდებს, საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკარგვას კი არაფრად მიიჩნევს. ამბობს, რომ რაც მთავარია, მისია შესრულებულია.

- ყველა ადამიანს აქვს არჩევანის შესაძლებლობა. ეს არის პროცესი, რომელიც კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობაზე - თუ გუნდში კოლეგები ვერ თანხმდებიან, ეს შესაძლოა გახდეს საფუძველი იმისა, რომ გავიდნენ უმრავლესობიდან.

რაც შეეხება ზოგადად კოლეგებს, რა თქმა უნდა, გახარებული არა ვარ, მიუხედავად ბოლოდროინდელი შეურაცხმყოფელი განცხადებებისა. საზოგადოება დავღალეთ ერთმანეთთან კინკლაობით. ამას ჯობს საზოგადოების დაკვეთა შევასრულოთ.

- სამართლიანობის აღდგენა იყო საზოგადოების მთავარი დაკვეთა და სასამართლოდან იმ მოსამართლეების გაშვება, რომელთა საქმიანობაზე არაერთი კითხვის ნიშანია. - საზოგადოების დაკვეთაა, პატივი ვცეთ სახელმწიფოსა და სამართალს. "ოცნება" დაკომპლექტებულია კვალიფიციური კადრებით და ხალხისთვის არაერთ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ. ასე რომ, ყველაფერს 2020 წლის არჩევნები აჩვენებს.

- "ქართული ოცნება", ე.წ. ბესელიას გუნდის გარდა, დატოვა ბექა ნაცვლიშვილმაც.. - ნაცვლიშვილის ინიციატივისთვის მხარი არ დამიჭერია. ეს წინასწარ ვუთხარი.

- "ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას კარგავს... - საკონსტიტუციო უმრავლესობის ერთადერთი მიზანი იყო ცვლილებები კონსტიტუციაში, რათა ქვეყნისთვის უკეთესი უმაღლესი კანონი მიგვეღო. გვაქვს ისეთი კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს, რომ აღარასოდეს დაბრუნდეს დიქტატურა.

მალე გაგაცნობთ იურიდიული კომიტეტის გეგმას, რომელიც უკავშირდება იმ საკითხებს, რომლებიც აწუხებს საზოგადოებას, ვინც დაგვიქირავა, რომ ყველაფერს კვალიფიციურად მივუდგეთ. მოგეწონებოდათ, კონსტიტუციის საზარალო კანონპროექტი რომ მიგვეღო?! დიახ, სასამართლო სისტემაში საჭიროა უფრო მეტი რეფორმა და ამაზე ვთანხმდებით. მაგალითად, საჭიროა იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმირება, უნდა გადაიჭრას სასამართლოს გადატვირთულობის პრობლემა, კიდევ არაერთი სხვა რეფორმაა გასატარებელი. ამის თაობაზე პოლიტსაბჭომაც გააკეთა განცხადება და მზად ვართ, ვიმუშაოთ საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად.

- არსებული ინფორმაციით, ე.წ. ბესელიას ჯგუფის ინიციატივის ჩაგდება თავად ბიძინა ივანიშვილმა მოითხოვა, დეპუტატებს შეტყობინება გაუგზავნა. დაადასტურებთ ამ ინფორმაციას? - არის საკითხები, რომლებიც ოჯახში უნდა დარჩეს, არ უნდა გავიდეს გარეთ. არც იმას გეუბნებით, რომ ვადასტურებ და არც იმას, რომ უარვყოფ. ვიმეორებ, ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგებოდა როგორც სამართლიანობას, ისე კონსტიტუციას. კანონპროექტის მიზანი არ ყოფილა და ვერც უზრუნველყოფდა სასამართლო სისტემის მეტად გაჯანსაღებას.

- მაშინ რა გახდა გუნდიდან თქვენი კოლეგების წასვლის მიზეზი? - არ ვიცი. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

- თქვენ, პირადად, მურუსიძისა და ჩინჩალაძის შესახებ არა გაქვთ კითხვები? - სია აღარ არსებობს და როცა იქნება, მაშინ გავცემ ყველა კითხვაზე პასუხს.

- თქვენ ძველ სიაზეც არ გამოგითქვამთ უკმაყოფილება. - თქვენ რა იცით, რისი წინააღმდეგი ვიყავი. პარლამენტის წევრს აქვს თმენის ვალდებულება. არის საკითხები, რომელსაც ანგარიში უნდა გაუწიო.

- ფაქტია, ე.წ. ბესელიას გუნდი ამიტომ დაგიპირისპირდათ. ერთ-ერთ შეხვედრაზე ლევან გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, რომ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარედ თქვენ საგანგებოდ დაგნიშნეს. ვინ იგულისხმა ამაში? - ეს გოგიჩაიშვილს ჰკითხეთ. მან კოლეგებს მიაყენა შეურაცხყოფა, ვინც მხარი დაუჭირა ჩემს კანდიდატურას. მან დააკონკრეტოს, ვინ დამნიშნა ამ თანამდებობაზე.

- თამარ ჩუგოშვილის ინიციატივას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების უკან გაწვევის შესახებ მხარს დაუჭერთ? - ამ ინიციატივაზე გუნდში ვიმსჯელებთ, გავაანალიზებთ და შესაბამის გადაწყვეტილებასაც მივიღებთ.