"მურუსიძეს ისეთი მყარი გარანტიები აქვს, რომ გათავხედებუ­ლია" - კვირის პალიტრა

"მურუსიძეს ისეთი მყარი გარანტიები აქვს, რომ გათავხედებუ­ლია"

"ოცნებასა" და "ნაცმოძრაობას" შორის უკვე ტოლობის ნიშნის დასმა შეიძლება. ის, რაც "ნაცმოძრაობას" დაემართა ცხრა წლის განმავლობაში, შვიდ წელიწადში მოუვიდა "ქართულ ოცნებას"

"მურუსიძის კლანი სულ მოგებული იქნება, იმიტომ, რომ გარიგებაშია ხელისუფლების ძალიან მაღალ ეშელონებთან. 2020 წლის არჩევნები "ოცნებას" დიდწილად წაგებული აქვს, ამიტომ სისტემის შესანარჩუნებლად უნდა გააყალბოს", - ამბობს იურისტი ლია მუხაშავრია.

-"ოცნება" იშლება. ეს შეუქცევადი პროცესია და საბოლოოდ მმართველი ძალა მარტივ მამრავლებად დაიშლება, თუმცა ფორმალურად ერთიანი პოლიტიკური ორგანიზაცია იქნება.

- ანუ "ოცნებიდან" ბესელიას და გოგიჩაიშვილის წასვლა მოსამართლეების საკითხს არ უკავშირდება? - არა, მხოლოდ საბაბი იყო, რომელმაც ეს პროცესები დააჩქარა, თორემ გუნდში უთანხმოება დიდი ხნის წინ დაიწყო.

- მმართველ პარტიაში დაპირისპირებით იგებს თუ არა მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი? - მოსამართლეთა და მურუსიძის კლანი სულ მოგებული იქნება, რადგან გარიგებაშია ხელისუფლების ძალიან მაღალ ეშელონებთან. 2020 წლის არჩევნები "ოცნებას" დიდწილად წაგებული აქვს, ამიტომ სისტემის შესანარჩუნებლად უნდა გააყალბოს. ამიტომ სჭირდება მურუსიძე და სხვები, განსაკუთრებით უზენაეს სასამართლოში, რომ მათ გაყალბებაზე თვალი დახუჭონ.

ხუთშაბათს ხმაურიანი სხდომა პარლამენტის თავმჯდომარის გარეშე ჩატარდა. ჩანს, მისთვის უფრო მნიშვნელოვანი მურუსიძე-გვრიტიშვილის გვერდით ჯდომა და უზენაესი სასამართლოს წევრების კრიტერიუმებზე სამუშაო ჯგუფში მსჯელობა იყო. ამით ხომ ყველაფერი ნათელია.

როგორ შეიძლება მურუსიძე აქეთ უტევდეს პარლამენტს ან ვინმეს და საკუთარი გადაწყვეტილებების კრიტიკას არ იზიარებდეს, როცა ევროსასამართლოს დასკვნაში მის განხილულ საქმეზე წერია, რომ ევროკონვენციის დარღვევაა. ეს მაფიქრებინებს, რომ მას ისეთი მყარი გარანტიები აქვს მმართველი გუნდისგან, გათავხედებულია. ის კვლავაც შეასრულებს დაკვეთებს.

- ანუ "ოცნება" 2020 წლის არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება? - კი არ ემზადება, უკვე მომზადებულია.

- თუმცა "ოცნება" კარგავს საკონსტიტუციო უმრავლესობას... - უკვე ძალიან გვიანია, მათ მიიღეს ის ცვლილებები, რომლებიც ხელს აძლევდათ. თუმცა ხუთშაბათს გაირკვა, რომ კონსტიტუციის ერთ-ერთი ჩანაწერი შეიძლება გუნდში არ იყოს მისაღები და სერიოზული კრიტიკის საგანი გახდეს.

- ამ მოსამართლეების ლობირებით რა პოლიტიკურ ფასს გადაიხდის "ოცნება"?

"- ყველაზე დიდ ფასს გადაიხდის მაშინ, თუ დაკარგავს ხელისუფლებას. მხოლოდ ზოგიერთმა წევრმა შეიძლება შეინარჩუნოს პოლიტიკაში ადგილი.

- შექმნილ ვითარებაში თამარ ჩუგოშვილის ინიციატივა იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან არამოსამართლე წევრების გაწვევის შესახებ გამოსავალია? - ეს გონივრული და ძალიან ოპტიმალური წინადადებაა შექმნილ ვითარებაში. ნებით ეს ადამიანები არ წავლენ, კარგი ანაზღაურება და პრივილეგიები აქვთ, სასამართლო სისტემის სადავეები ხელში უჭირავთ, ამიტომ მათი გადაყენება ერთადერთი გამოსავალია. არც ოთო კახიძის მოსაზრებაა დასაწუნი, რომ მოქმედი მოსამართლეები უვადოდ არ გამწესდნენ, მაგრამ არც ერთს გამოხმაურება არ მოჰყოლია. ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის გაწვევით შეიძლება საქმეს მართლაც ეშველოს, იმიტომ, რომ 7-წევრიანი იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ შეძლებს დანიშვნების გაგრძელებას.

საქმე იმაზე ცუდად არის, ვიდრე ჩანს. რადიკალური ზომებია მისაღები. კარგად არის მოსაფიქრებელი გეგმაც. მაგალითად, უცხოელი მოსამართლეების იუსტიციის საბჭოში გამწესება, რომლებიც არ იქნებიან პოლიტიკურად დაინტერესებული და არც პროფესიული მიკერძოება ექნებათ.

- ხელისუფლებაში "ნაცმოძრაობის" შესაძლო დაბრუნებაზე ბესელიაც ლაპარაკობს. თქვენ რას ფიქრობთ? - "ოცნებასა" და "ნაცმოძრაობას" შორის უკვე ტოლობის ნიშნის დასმა შეიძლება. ის, რაც "ნაცმოძრაობას" დაემართა ცხრა წლის განმავლობაში, შვიდ წელიწადში მოუვიდა "ქართულ ოცნებას". აქედან გამომდინარე, ზედმეტია, როცა ერთმანეთს უაზრო ეპითეტებით ამკობენ.

- ასეთი ეპითეტებით შეამკო ირაკლი კობახიძემ აწ უკვე ყოფილი თანაგუნდელებიც. - სწორედ ამას ვგულისხმობდი. მურუსიძემ სასამართლოში "ნაციონალების" პერიოდში დაიკავა ის ადგილი, რომელსაც ასე კარგად იყენებს დღესაც.

სასამართლო ხელისუფლება ისეთ გველეშაპად იქცა, რომ ჯერ აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას გადასანსლავს და ბოლოს საკუთარ თავს მიადგება. ეს "ნაციონალების" დამსახურებაა, მათ შექმნეს ყველა დაკვეთის შემსრულებელი მოსამართლები.

- უსამართლობის განცდა საზოგადოების მძლავრი პროტესტის მიზეზი არ გახდება? - სამწუხაროდ, დარღვეული სამართლის საკუთარი ხელით აღდგენის პრინციპები უკვე ამოქმედდა. ეს არის სახელმწიფოს რღვევის მანიშნებელი. ამის საშიშროებაზე ვლაპარაკობდი 5 წლის წინ და მაშინ ეს ყურად არავინ იღო. სანამ ყველას კართან დაუჩოქია აქლემს, გონს მოვეგოთ.

- სად დაუშვა "ქართულმა ოცნებამ" მთავარი შეცდომა? - როცა გადაწყვიტა, რომ გაეცა საარჩევნო დაპირება სამართლიანობის აღდგენაზე და მერე ეს შეცვალა იმით, რომ ყოფილ დამნაშავეებს ყველა პრივილეგია შეუნარჩუნა. არავინ დასჯილა.