"კობახიძემ ლეგიტიმაცია დაკარგა" - კვირის პალიტრა

"კობახიძემ ლეგიტიმაცია დაკარგა"

"რაზე ისაუბრეს ეკა ბესელიამ და ბიძინა ივანიშვილმა"

გასული კვირა "ქართული ოცნებისთვის" რთული აღმოჩნდა - მმართველი პარტია რამდენიმე ლიდერმა დატოვა და არ არის გამორიცხული, კიდევ დატოვოს. პარტიიდან წასული დეპუტატი ეკა ბესელია ახალი ფრაქციის შექმნაზე ლაპარაკობს, რომლის ერთ-ერთი მიზანი უმცირესობის სტატუსის მოპოვება იქნება.

- ვეღარ დავრჩებოდი იმ პარტიაში, რომელიც მეძვირფასება, რადგან ვხედავ მასში შემოღწეულ "ნაცმოძრაობას". ბიძინა ივანიშვილს "ნაცმოძრაობა" რომ სძულს და არ უნდა მისი დაბრუნება, ეჭვი არ მეპარება, მაგრამ მაქვს განცდა, რომ ბოლო პერიოდში პარტიის ნაბიჯები სახიფათოა, შესაძლოა დაგვაკარგვინოს მხარდამჭერები და გააძლიეროს ის ძალა. დარწმუნებული ვარ ამას შეგნებულად არ აკეთებს, ეს შეცდომების ბრალია. ჩვენი ხედვები ერთმანეთს ასცდა. სააკაშვილის რეჟიმი რომ არ დაბრუნდეს, ბოლომდე იბრძოლებს, ამაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ მეთოდები გაამართლებს თუ არა, დარწმუნებული არა ვარ. ამ ადამიანებთან ერთად, ვინც დღეს დარჩა "ოცნებაში" და"მისი სახელით ლაპარაკობს, მიზანს ვერ მიაღწევს. ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში ისეთი რაღაცები მოხდა, ჩემი გადაწყვეტილება ლოგიკურია.

- მოსალოდნელია თუ არა "ქართული ოცნების" დაშლის გაგრძელება?

- გვექნება კონსულტაციები ყველა იმ პირთან, რომლებიც ამ პროცესში იქნებიან ჩართული. სხვა კოლეგებსაც ველოდები, ვისაც აქვს პროტესტის განცდა და უმრავლესობის დატოვებას აპირებს. შემდეგ გვექნება კონსულტაციები ფრაქციის შექმნის შესახებ.

- ვინ იქნება შემდეგი, ვინ დატოვებს "ოცნებას"? - ვნახოთ. ბექა ნაცვლიშვილი ბოლო არ იქნება. არ მიკვირს, რომ მას პროტესტის გრძნობა გაუჩნდა.

- იმ შემთხვევაში, თუ მმართველ პარტიას 7 დეპუტატი დატოვებს, უმცირესობა დაიშლება. თქვენ თუ გაქვთ დაგეგმილი ეს ბრძოლა? - მე ვიბრძოლებ იმ მიზნისთვის, რის გამოც დავტოვე ჩემი პარტია. ბრძოლაში პოლიტიკურ ინსტრუმენტებს გამოვიყენებ, ნებისმიერს, რომელიც მიზანთან სწრაფად მიგვიყვანს. ამიტომ არა მხოლოდ ამაზე, სხვა უფრო საინტერესო გეგმებზე ვფიქრობ.

- თუმცა თქვით, რომ "ნაცმოძრაობასთან" არ ითანამშრომლებთ. - ამ მიზნისთვის ბრძოლა სწორედ იმას გულისხმობს, რომ არასოდეს დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. არადა, მგონი, ჩემი უკვე ყოფილი პარტია ისეთ შეცდომებს უშვებს, რომლებმაც შეიძლება გააძლიეროს წარსული რეჟიმი. "ქართულ ოცნებაშიც" ბევრია მათი იდეოლოგიის.

- ირაკლი კობახიძემ თქვენ და რამდენიმე დეპუტატი პირიქით დაგადანაშაულათ "ნაცმოძრაობასთან" თანამშრომლობაში.. - ეს ჩვენ ვადანაშაულებთ მათ "ნაციონალური მოძრაობის" მფარველობაში. რატომ არ მისცეს ხმა""ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმად შეფასებას? აი, ეს იყო ლუსტრირება. ეს არ არის ის "ოცნება", რაც მოვიტანეთ 1-ლ ოქტომბერს.

- როგორც ვიცი, პარტიის დატოვებამდე თქვენ ივანიშვილს შეხვდით. რაზე ესაუბრეთ?

- ვუთხარი, რომ კამერებითა და პრესკონფერენციით არ გავაგებინებდი პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილებას, ეს არაკორექტულია. იყო მცდელობაც, ხომ არ ჯობია გადავდოთ კენჭისყრაო. ეს შედეგს არ შეცვლიდა, დროის გაჭიანურება იქნებოდა. იმის განცდა რომ მქონოდა, რამე შეიცვლებოდა, რა თქმა უნდა, დავეთანხმებოდი.

გეტყვით, რატომ მოვითხოვე, დროზე განგვეხილა ეს საკითხი: გუნდში დაპირისპირება ძალიან გამწვავდა. ეს იმდენად ცუდად ჩანს გარეთ, ან უნდა წახვიდე, ან უნდა შეიცვალოს სიტუაცია. არადა, ვერ იცვლებოდა ისე, რომ კონფლიქტი დასრულებულიყო, რადგან სასამართლოს საკითხი ასე მარტივად არ გადაწყდება.

- რაში აწყობს "ოცნებას" ამ მოსამართლეების ლობირება? - სამართლიანობა და სამართალი ის ღირებულებებია, რომლებსაც არაერთი ადამიანი შეეწირა. ამ ბრძოლის ფასს ვერ გაიგებს ის, ვინც დღეს "ოცნების" სახელით ლაპარაკობს. თითქოს ერთმანეთში აიზილა ყველაფერი. ბევრს მოეძალა ცდუნება საკუთარი ინტერესებისთვის მოერგო ეს ძალა. მე ცალკეულ პირებს ვგულისხმობ: მაგალითად, ზარდიაშვილი სასამართლოს სახელით ლაპარაკობს (ზარდიაშვილი-მდინარაძე ერთად უნდა იგულისხმოთ), იმ პერიოდში, როცა მათიკაშვილი დეპუტატი გახდა მისი მეუღლე მოსამართლედ დაინიშნა. კილაძეც ამ ჯგუფთან არის დაკავშირებული. რა აერთიანებთ? პირადი სარგებელი.

- მაშინ როდესაც სესიაზე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხი განიხილებოდა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მურუსიძესა და ჩინჩალაძეს ხვდებოდა. რას ემსახურებოდა ეს შეხვედრები? - კობახიძემ ლეგიტიმაცია დაკარგა, ის ახლა იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარე უფროა, ვიდრე პარლამენტის. რატომ განიხილავს საკითხს მათთან და არა დეპუტატებთან ერთად? გრძელდება ის, რაც ბოლო პერიოდში ხდებოდა.

- მურუსიძე მტკიცებულებებს ითხოვს, რა დანაშაულები აქვს ჩადენილი. - შეცდომა დაუშვა პარტიამ, როცა არ გამოიჩინა პრინციპულობა და დაჰყვა იუსტიციის საბჭოს სურვილებს. არ მოახდინა რეაგირება მოსამართლეების პოლიტიკურ დებატებსა და მათ ქცევებზე. არ ეყო რეფორმის სწრაფად გატარების გამბედაობა და შედეგად მივიღეთ უვადოდ დანიშნული გვრიტიშვილისა და მეთოფიშვილის მსგავსი მოსამართლეები. მე ამოვწურე გუნდში ყველა ცდა, რესურსი და ვთქვი, რომ ახლა უკვე სხვა ეტაპი დადგა.

- თამარ ჩუგოშვილის ინიციატივას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების გაწვევის შესახებ მხარს დაუჭერთ? - ნაზი ჯანეზაშვილის გამოწვევა არ მიმაჩნია სწორად. ეს ინიციატივა მას არ უნდა შეეხოს. ჩუგოშვილს ვუთხარი, რომ ლოზუნგებისა და მოწოდებების დრო აღარ არის. ახლა ქმედებების დროა. დაიწყოს მოქმედება და პირველი მე მოვუწერ ხელს.

- რატომ ვერ აღდგა სამართლიანობა, რომელსაც საზოგადოება ასე ელოდება?

- სამართლიანობის აღდგენას წარსულისგან განწმენდა, ცვლილებები სჭირდება. ეს შეუძლებელია "ნაციონალური მოძრაობის" ნარჩენებთან ერთად.

- ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის გამარჯვების შემთხვევაში, რა საფრთხეს ხედავთ, სადამდე შეიძლება პროცესები მივიდეს? - ვხედავ, როგორ დაჰყვა უმრავლესობა იუსტიციის საბჭოს ნებას. არადა, ეს სახიფათოა. ვითარება უნდა შეიცვალოს, თანაც ძალიან მალე.