"ვფიქრობ, იქნება სერიოზული სამთავრობო ცვლილებები" - კვირის პალიტრა

"ვფიქრობ, იქნება სერიოზული სამთავრობო ცვლილებები"

"დღეს ქართველი საზოგადოება გულგატეხილი, იმედგაცრუებულია და ყველაფერი იქით მიდის, რომ ხვალ მძლავრი საპროტესტო მუხტი გაჩნდება. ეს უნდა ახსოვდეს "ქართულ ოცნებას"

საპარლამენტო უმრავლესობაში კვლავ არეულობაა: ლევან გოგიჩაიშვილის, ეკა ბესელიას, გედი ფოფხაძისა და ბექა ნაცვლიშვილის კვალდაკვალ საპარლამენტო უმრავლესობა და ფრაქცია "ქართული ოცნება" დატოვა დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემაც, რომლის განცხადებით, უმრავლესობაში არსებულ პრობლემებზე რამდენიმე თვის წინ ბიძინა ივანიშვილთანაც ისაუბრა და არა მხოლოდ უმრავლესობიდან, არამედ პარლამენტიდან წასვლის სურვილიც გაუმხილა, თუმცა ეს იმჟამად ივანიშვილმა გადააფიქრებინა, ახლა კი მოსამართლეების დანიშვნა-არდანიშვნის გამო შექმნილი ვითარება მისთვის საბოლოო გადაწყვეტილების საფუძველი გახდა. როგორც ამბობს, უმრავლესობიდან დეპუტატების გასვლა კვლავაც გაგრძელდება. რა ხდება მმართველ პარტიაში და რა შედეგით შეიძლება დასრულდეს ეს პროცესი? - ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძესთან:

ვახტანგ ძაბირაძე

- გავიხსენოთ, ზუსტად ერთი წლის წინ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში და ამის მთავარ მიზეზად პარტიაში წესრიგის აღდგენის აუცილებლობა დაასახელა, მაგრამ მან "ქართული ოცნების" პარტიული კონსოლიდაცია მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მოახერხა. ამის შემდეგ პროცესი სულ სხვა მიმართულებით წარიმართა, რაც, ჩემი აზრით, მოსალოდნელი იყო.

ამგვარი პროცესი, შეიძლება ითქვას, ქართული პოლიტიკის ტრადიციად იქცა. როგორც წესი, ხელისუფლებაში მოდიან ჯერ ბლოკის სახით, მერე ის იშლება, რის შემდეგაც ახალი ეტაპი, ანუ პარტიაში ახალი გუნდის ჩამოყალიბება იწყება. "ქართულმა ოცნებამ", რომელიც კოალიცია იყო, 2016 წელს დაასრულა ამ ფორმით არსებობა. თავდაპირველად პარტიული ერთიანობის შენარჩუნება ხერხდებოდა, თუმცა 2017 წლის მიწურულს ცხადი შეიქნა, რომ პარტიაში ახალი გუნდის ჩამოყალიბება დაიწყო. ყოველ შემთხვევაში, საპარლამენტო უმრავლესობაში სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს. ეს ის გუნდია, რომელიც 2020 წლის არჩევნებისთვის საპარლამენტო სიის ფორმირების განმსაზღვრელი უნდა გახდეს.

ზვიად კვაჭანტირაძე, რა თქმა უნდა, არ იქნება ბოლო, ვინც წავიდა. "ქართული ოცნებიდან" ახლა ვინც მიდის, კარს იჯახუნებს, რაც იმის ნიშანია, რომ ის პოლიტიკაში რჩება. "ქართული ოცნებიდან" წასვლა მოუწევს დეპუტატების სხვა ნაწილსაც. მათი გვარ-სახელები არც ვიცით, ეს ხალხი ერთგვარი "პოლიტიკური ჭაობია". თუ მათ 2020 წლის არჩევნებისთვის ვერ მიიღეს ადგილი სიაში, შეეცდებიან გარანტიები მაინც მიიღონ, მაგალითად, დასაქმების, ბიზნესის და ა.შ. ანალოგიური პროცესი დაიწყება "ქართული ოცნების" პარტიულ სტრუქტურებშიც. რა გუნდიც ჩამოყალიბდება ამის შედეგად, სწორედ ის გადაახალისებს პარტიულ სტრუქტურებსაც. ცხადია, წასულების ნაწილი ოპოზიციურ ფრთას შეუერთდება, თუმცა ზემოთ ნახსენები "პოლიტიკური ჭაობის" ხარჯზე "ქართული ოცნება" პარლამენტში უმრავლესობას, ვფიქრობ, არ დაკარგავს.

- ზვიად კვაჭანტირაძემ აღიარა, რომ ამ პროცესებს ბიძინა ივანიშვილი მართავს. შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მან ფსონი ე.წ. ახლების ჯგუფზე დადო. რატომ, როგორ ფიქრობთ? რამდენად სწორია ეს არჩევანი და 2020 წლისთვის რა შანსი აქვს ამ გუნდს, რომლის მთავარი წევრები უკვე გვარიანად არიან დისკრედიტირებული? - გეთანხმებით, ჯერჯერობით ნამდვილად ასე ჩანს, რომ ივანიშვილი ფსონს დებს იმ გუნდზე, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის ირგვლივ არის შემოკრებილი. რატომ გააკეთა ეს, არ ვიცი, ეს ჩემთვის რთული ასახსნელია. ივანიშვილს არაორდინარული გადაწყვეტილებების მიღება სჩვევია. შესაძლოა ისიც, რომ კობახიძე და ზოგიერთი სხვა პერსონა სულაც არ აღმოჩნდნენ ის პირები, რომელთაც 2020 წელს დაეყრდნობა. არ გამოვრიცხავ საპარლამენტო არჩევნებამდე კიდევ ერთ გადახალისებას და შესაძლოა 2020 წლისთვის პერსონალურად სხვა შემადგენლობა ვიხილოთ.

ჩემი აზრით, საარჩევნოდ "ქართული ოცნების" შანსი ძალიან მწირი იქნებოდა, რომ არა მაჟორიტარული სისტემა, რომელიც ხელისუფლებისთვის მანდატების "ბეღელი" იყო ყოველთვის და არის ახლაც. გაცილებით პესიმისტურად ვიქნებოდი განწყობილი მმართველი პარტიის შანსებისადმი, რომ არა მისი კიდევ ერთი "მაშველი რგოლი" - "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც ამომრჩევლის მნიშვნელოვანი უმრავლესობისთვის კვლავაც საფრთხედ რჩება.

პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის გარდა, ვინც უნდა ყოფილიყო, აუცილებლად მოუგებდა სალომე ზურაბიშვილს. პირველ ტურზე ბევრი ამომრჩეველი არ წავიდა, სამაგიეროდ, "ნაციონალების" მობრუნების შიშით პირდაპირ მიცვივდნენ მეორე ტურზე. ამ კარტს ივანიშვილი აუცილებლად ისევ გაათამაშებს. თუ საზოგადოება შეძლებს მესამე ძალის გამოკვეთას, მაშინ უკვე პრობლემა გაუჩნდება როგორც "ქართულ ოცნებას", ისე "ნაციონალურ მოძრაობას".

- ბიძინა ივანიშვილსა და "ქართულ ოცნებას" უფრო დიდი პრობლემა აქვთ - ძალიან ბევრი დაპირება გასცეს სწორედ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, თუმცა შესრულებას პირი არ უჩანს. "ქართული ოცნება", რომელიც შიდა პრობლემებს ვერ ერევა, 2020 წლის არჩევნებამდე როგორ განმუხტავს რთულ სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებას, რაც ქვეყნის მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს. - არ ვიცი, რას აპირებენ და როგორ, მაგრამ თუ რაღაც გეგმა აქვთ და ცვლილებებისთვის პროექტებს ამზადებენ, ჯერ ეს პოლიტიკური პროცესი უნდა დასრულდეს. პარტიის ახალმა ბირთვმა, რომელიც, წესით, ამ მოვლენების შედეგად ჩამოყალიბდება, ამ გეგმებს ხორცი უნდა შეასხას, თუ აქვთ საერთოდ.

ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ "ქართული ოცნების" ტრანსფორმაცია დროულად დასრულდეს და ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ახლებურად ჩამოყალიბებულ ხელმძღვანელობასთან ერთად დაიწყოს დაპირებების შესრულება. ვფიქრობ, იქნება სერიოზული სამთავრობო ცვლილებებიც, მეეჭვება, ბახტაძემ პრემიერობა დიდხანს შეინარჩუნოს.

კიდევ ერთი პრობლემაა - დრო აქვთ ცოტა, ამიტომ ეს პროცესი გაზაფხულის მიწურულამდე მაინც უნდა დასრულდეს, სხვა შემთხვევაში "ქართული ოცნების" რეიტინგის ვარდნა გარდაუვალი იქნება. ისე კი, თუ მნიშვნელოვანი ცვლილებების გეგმა და პროექტები არა აქვთ, ვერანაირი საპარლამენტო თუ სამთავრობო გადახალისება ვერ უშველით.

- მოგეხსენებათ, პოლიტიკურმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების მოთხოვნით მილიონი ხელმოწერის შეგროვების კამპანია დაიწყეს. როგორ ფიქრობთ, რა შედეგს მოიტანს ეს? ბარემ იმასაც გკითხავთ: რამდენად შესაძლებელია, რომ ქვეყანაში მესამე ძალა "ქართული ოცნებიდან" წასული პოლიტიკოსების ბაზაზე ჩამოყალიბდეს? - დღეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში დომინირებს ორი ძალა: "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა". საქმე იქამდე მივიდა, რომ ისინი ერთი მედლის ორ მხარედ იქცნენ. მათ შორის განსხვავება თანდათან იშლება, ცოტაც და, ტოლობის ნიშანი დაისმება. დანარჩენ ოპოზიციას თუ გადავხედავთ, საიმედოს ვერაფერს დავინახავთ - არ ჩანს არც ანგარიშგასაწევი პარტია და არც ლიდერი. მოკლედ, დღეს ოპოზიცია, თუნდაც "ნაციონალებთან" ერთად, გაცილებით სუსტია, ვიდრე სააკაშვილის ხელისუფლების ოპოზიცია 2009-2010 წლებში, როდესაც ქვეყანაში დიდი საპროტესტო ტალღა იყო აგორებული. იმჟამინდელი ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაც საარჩევნო სისტემის შეცვლა იყო, რა თქმა უნდა, მაჟორიტარული წესის გაუქმების ჩათვლით, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობა" არ წავიდა დათმობაზე. სავარაუდოდ, ასევე მოხდება ახლაც - ოპოზიციის "აქტიურობას" "ქართული ოცნებაც" უპასუხოდ დატოვებს. ამ მოთხოვნით არც ქუჩაში გავა ვინმე. თუმცა ოპოზიცია სწორია, რომ აქტიურობს, რაც შეიძლება ბევრი ხელმოწერა უნდა შეგროვდეს და ეს თემა მუდმივად იყოს დღის წესრიგში.

რაც შეეხება "ქართული ოცნებიდან" წასულებს, ნაკლებად სავარაუდოა, ოპოზიციის გაძლიერება მოახერხონ, რადგან მათი პოლიტიკური კაპიტალი ძალიან მწირია.

გარდა ამისა, ისინი აქტიურ დაპირისპირებას, მგონი, არც აპირებენ. ფაქტია, ძალიან ფრთხილობს ბესელია, შედარებით უფრო მკაცრი იყო კვაჭანტირაძე. ახლა გაძლიერებული იერიში კობახიძეზე მიაქვთ, არადა, ის შესაძლოა ხვალ გადაირჩიონ, ან სადმე სხვაგან გადაიყვანონ, მაგალითად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ.

მართვის იმ სისტემას, რომელზეც ვლაპარაკობთ, ერთი უცნაური თვისება აქვს: საკმარისია გამოჩნდეს ოპოზიციაში ძლიერი ფიგურა, რომელიც ძალის რეალურ ცენტრს შექმნის, და სისტემა მაშინვე მასზე დაიწყებს "მუშაობას".

გავიხსენოთ: 2011 წელს ივანიშვილმა ახალი ოპოზიციური ძალა კი არ შექმნა, დაქსაქსულ ოპოზიციასა და საზოგადოებრივ პროტესტს მოუყარა თავი. მან შეძლო უარყოფითი მუხტის კონსოლიდირება. დღეს ჯერჯერობით არ ჩანს ისეთი პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ამას მოახერხებს. სააკაშვილი ამას ვერ შეძლებს, მაგრამ თუ გამოჩნდა სხვა ლიდერი, ამასთან, თუ ოპოზიცია სწორ აქცენტებს დასვამს და პროცესს სწორად წარმართავს, მაშინ აუცილებლად გამოჩნდება მესამე ძალა.

ვთქვი უკვე, რომ საზოგადოებას საარჩევნო კოდექსის პრობლემები ქუჩაში ვერ გაიყვანს, არც მოსამართლეების თემის გამო გავა, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი ძალიან აწუხებს. დღეს ქართველი საზოგადოება გულგატეხილი, იმედგაცრუებულია და ყველაფერი იქით მიდის, რომ ხვალ მძლავრი საპროტესტო მუხტი გაჩნდება. ეს უნდა ახსოვდეს "ქართულ ოცნებას".

- ფაქტია, მოსამართლეების საკითხი "ქართულ ოცნებაში" წყალგამყოფად იქცა. როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ ელევა ბიძინა ივანიშვილი ამ მოსამართლეებს? - პასუხი ამაზე არც მე მაქვს და, ვფიქრობ, არც საზოგადოებას. რატომ იკლავენ თავს ამ ჩინჩალაძე-მურუსიძისა და მათი ჯგუფის შენარჩუნებისთვის, როდესაც შეეძლოთ ეს ხალხი სრულიად უმტკივნეულოდ მოეშორებინათ სისტემისთვის? დიდად არ მჯერა იმისიც, თითქოს ისინი რაღაც დაკვეთების შესასრულებლად სჭირდებათ. რა თქმა უნდა, ისინი ზედმიწევნით კარგად შეასრულებენ დაკვეთებს, მაგრამ როცა ვაკვირდები ჩვენს სასამართლო სისტემასა და იქ მომუშავეებს, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ საქმე საქმეზე თუ მიდგა, მათი, სულ ცოტა, 80% იმავეს გააკეთებს. ეს დაადასტურა ამ ცოტა ხნის წინ მოსამართლეთა შეკრებამ, სადაც, ფაქტობრივად, ყველა ერთ აზრზე იყო.

"ქართული ოცნების" ქცევის მოტივი შესაძლოა მართვის ავტორიტარული სტილია. საქმე ის არის, რომ ამგვარი მართვისას სისტემას დათმობაზე წასვლა არ შეუძლია, რადგან ეს შესაძლოა დაშლად დაუჯდეს.

დიახ, დღეს ავტორიტარული მმართველობაა, უბრალოდ, ჯერ რეპრესიული მექანიზმი არ ამოქმედებულა იმ მასშტაბით, როგორითაც სააკაშვილის დროს მუშაობდა.

ვერ გამოვრიცხავთ იმ ვერსიასაც, რომ მოსამართლეთა ამ სკანდალური სიის წარდგენით ბიძინა ივანიშვილმა ორი კურდღლის დაჭერა სცადა: ჩამოიშორა დეპუტატების ის ჯგუფი, რომლისგანაც უკვე უნდოდა გათავისუფლება, და ამასთან, ამ პროცესით მოახერხა მეორე ჯგუფის დისკრედიტაციაც, რომელსაც ახლა უჭერს თითქოს მხარს, თუმცა მომავალში მათ მოშორებასაც აპირებს. ასეთი მართვის სტილიც არსებობს: სათავეშია ერთი პირი, მაგალითად, ივანიშვილი, მერე მოდის სიცარიელე, რომლის ქვემოთაც ყველა პოლიტიკური ლიდერი დისკრედიტირებულია.

თუმცა არის ერთი პოლიტიკური ფიგურა - კახა კალაძე, რომელიც ამ სქემაში არ ჯდება და რომელიც იმ პოლიტიკური ლიდერების ფონზე, რომლებსაც ვხედავთ "ქართულ ოცნებაში", ყველაზე რესპექტაბელურად გამოიყურება. თბილისის მართვა მძიმე ტვირთია, ძალიან ძლიერი უნდა იყო, ზიდვა ღირსეულად რომ შეძლო. ეს თანამდებობა შესაძლოა პოლიტიკოსისთვის ტრამპლინადაც იქცეს და უფსკრულადაც. ჯერჯერობით კალაძეს მნიშვნელოვანი შეცდომა არ დაუშვია, ის ახერხებს რეიტინგის შენარჩუნებას. ვნახოთ, რა იქნება ხვალ-ზეგ.

- თქვენ რეპრესიული მექანიზმი ახსენეთ. ბევრის აზრით, სწორედ რეპრესიების მსხვერპლია მამუკა ხაზარაძე, რომლისთვისაც პარლამენტში საკომიტეტო სხდომაზე უნდა მოესმინათ, თუმცა სხდომა ჩაიშალა. ბევრი ამ პროცესს პირდაპირ უკავშირებს ანაკლიის პორტის პროექტს. - 11 წლის წინანდელი საქმე გამოდის დღის სინათლეზე და იწყება მისი აქტუალიზაცია მაშინ, როდესაც დღეს არსებულ ვითარებაშიც უამრავი პრობლემა, დარღვევა და გადაცდომაა. ცხადია, ეს აჩენს საფუძვლიან ეჭვს. ამას დაუმატეთ ისიც, რომ სანამ ეს პროცესი დაიწყებოდა, რამდენიმე განცხადება გააკეთა ივანიშვილმა "საქართველოს ბანკისა" და "თიბისი ბანკის" წინააღმდეგ, ილაპარაკა ასევე ხაზარაძისა და ჩხარტიშვილის რაღაც მორიგებაზე, რომლის დროსაც თურმე ჩხარტიშვილმა 100-ით ნული მოუგო ხაზარაძეს. როდესაც ასეთი ამბები უსწრებს ამ პროცესებს წინ, რა თქმა უნდა, ცხადად ჩანს, რომ ამ ყველაფერს სხვა ქვეტექსტი აქვს.

ანაკლიის პორტის შესახებ, ძირითადად, ორი ვერსია გვესმის: პირველი - ბიძინა ივანიშვილს უნდა ამ პროექტის ხელში ჩაგდება, რაც უსაფუძვლო მგონია, რადგან ეს პროექტი რომ აინტერესებდეს, მას თავიდანვე სხვა ვერავინ გაეკარებოდა.

და მეორე - რუსეთის ინტერესი და კრემლიდან მოსული რაღაც დირექტივა.

ფაქტია, რუსეთს ამ პორტის ამუშავება ხელს არ აძლევს. შესაბამისად, ეს ვერსია უფრო სარწმუნო ჩანს.

საინტერესოა ერთი რამ - ჩვენ უკვე ვთქვით, რომ ოპოზიციაში არ ჩანს ლიდერი, რომლის გარშემოც მესამე ძალა ჩამოყალიბდება. ქართულ პოლიტიკაში არსებობს ასეთი ტრადიციაც - როდესაც ხელისუფლება მეტ-ნაკლებად ძლიერ ბიზნესმენს უპირისპირდება, ეს უკანასკნელი პოლიტიკაში მიდის. გავიხსენოთ თოფაძე, პატარკაციშვილი ან თავად ივანიშვილი.

ამიტომ, თუ ხაზარაძე მართლაც აიძულეს, რომ ანაკლიის პორტის პროექტი დატოვოს, არ გამოვრიცხავ, ის პოლიტიკაში წავიდეს და აუცილებლად იქნება ანგარიშგასაწევი ლიდერი დასავლური იმიჯით, კარგი კავშირებით უცხოეთში, ანტირუსული ბექგრაუნდით, რაც ანაკლიის პროექტიდან წასვლის შემთხვევაში გარანტირებული ექნება, და ფინანსებით.

პროცესი ჯერ არ დასრულებულა, ვნახოთ, რა მოხდება. გადამწყვეტი ის იქნება, მოუწევს თუ არა ხაზარაძეს ანაკლიის პორტის პროექტიდან წასვლა.

- კვლავ გვესმის მუქარა კრემლიდან. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა საქართველო "მოსალონდელი უსიამოვნებების" თაობაზე "გააფრთხილა", მოგვიანებით კი ითქვა ისიც, რომ საქართველოს მოუწევს არჩევნის გაკეთება ნატოსა და რუსეთს შორის. ბევრმა ეს განცხადებები ანაკლიის პორტში რუსეთის ინტერესებს დაუკავშირა. - ერთი რამ უნდა გვახსოვდეს: მუქარით თუ მის გარეშე რუსეთი ჩვენთვის მუდმივი საფრთხეა. არც ნატოზე იყო ლაპარაკი, არც ანაკლიის პორტზე გასული საუკუნის 90-იან წლებში, მაგრამ რუსეთის ხელშეწყობითა და მონაწილეობით აფხაზეთში ომი მაინც მოხდა. საბოლოოდ ისე წავიდა საქმე, რომ დსთ-ში შევედით, მაგრამ შეიცვალა ამით რამე? რუსეთი ცდილობს აღადგინოს საბჭოთა კავშირი სხვა ფორმატითა და სხვა შინაარსით, ამიტომ ის მუდმივი საფრთხეა ჩვენთვის. ეს ქვეყანა არაპროგნოზირებადია, ამიტომ საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა არ წამოეგოს პროვოკაციას. ჩვენი თავისუფლების გარანტია დღეს დასავლეთისა და რუსეთის დამოკიდებულებაა.

სწორედ დასავლეთია ის შემაკავებელი, რომლის გამოც რუსეთი ბევრ რამეს ვერ ბედავს.

ამ ეტაპზე მაინც მგონია, რომ ამ მუქარის უკან რაღაც განსაკუთრებული გეგმა არ დგას და უფრო მიმართულია ნატოს შავ ზღვაში გააქტიურების წინააღმდეგ. არჩევანი არა გვაქვს: ან ჩვენ გავიტანთ როგორმე ბოლომდე ჩვენსას და მივაღწევთ ნამდვილ დამოუკიდებლობას, ან დავბრუნდებით ისევ რუსული ქოლგის ქვეშ. თუ გვსურს გავხდეთ ძლიერი ევროპული ქვეყანა, აღებულ კურსს არ უნდა გადავუხვიოთ.

- რას ფიქრობთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტებზე ჯერ საფრანგეთსა და გერმანიაში, გასულ კვირას კი აზერბაიჯანში? - ის ახლა შეუდგა საქმიანობას და რთულია ილაპარაკო იმაზე, რა შედეგი ექნება მის პრეზიდენტობას. პრეზიდენტს თავისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე ბევრი არაფერი ეკითხება და ჯერჯერობით არც აქტიურობს. თუმცა ველი, რომ განცხადებებით ნელ-ნელა ჩაერევა საშინაო პროცესებშიც. ვიზიტები კი მართლაც წარმატებული იყო. ვფიქრობ, ოპოზიციას ნამდვილად წაერთვა შესაძლებლობა, რომ სალომე ზურაბიშვილის რუსულ ორიენტაციაზე ილაპარაკოს. არა მხოლოდ მისმა განცხადებებმა, არამედ თავდაცვითი სისტემების მოწოდებასა და სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერების თაობაზე მაკრონთან გამართულმა მოლაპარაკებებმაც ცხადყო, რომ სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკა რუსეთის საწინააღმდეგოდ იქნება მიმართული. ბევრისმთქმელი იყო მისი შეხვედრა გერმანიის კანცლერთანაც. საინტერესო საკითხები წამოჭრა ალიევთან შეხვედრაზეც, მათ შორის საზღვრის დელეგიტიმიზაციის თაობაზე.