1 საათი - 50 თეთრი, ანუ რას აღიარებს თბილისის ვიცე-მერი - კვირის პალიტრა

1 საათი - 50 თეთრი, ანუ რას აღიარებს თბილისის ვიცე-მერი

"50 თეთრი მინიმალური საფასურია. სპეციალისტები მეუბნებიან, რომ ლესელიძის ქუჩაზე 50 თეთრიც ცოტაა. არ არსებობს უნიფიცირებული ტარიფი, უნიკალური ზღვარი, რადგან ყველა ქალაქს, ქუჩას თავისი სპეციფიკა აქვს. ტარიფის ოდენობა ადგილმა უნდა განსაზღვროს. მინიმალურ ზღვარს უნდა დავაკვირდეთ და როგორც კი შედეგს მივიღებთ, მაშინვე შევაჩერებთ ზრდას. ლესელიძის ქუჩაზე 50 თეთრი საწყისი ფასი იქნება, მაგრამ თუ არ მოგვცა შედეგი, ტარიფი გაიზრდება"

1-ლი ივლისიდან თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების წესი პირველ ეტაპზე საპილოტე მოდელის სახით, კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძის) ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე ამოქმედდება. ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძის განცხადებით, პარკირების საათობრივი საფასური მინიმუმ 50 თეთრით განისაზღვრება.

პარკირების საფასურს არ გადაიხდიან საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ პარკირებული, მათ შორის, ელექტროძრავიანი ავტომობილების, ასევე შშმ პირების ავტომანქანების მფლობელები. რაც შეეხება ტაქსებს, მათთვის სხვადასხვა ადგილას გამოიყო უფასო სადგომები. გარდა ამისა, დღეში ოთხი 15-წუთიანი პარკირება უფასო იქნება. ზონალურ-საათობრივი პარკინგის პარალელურად, ერთწლიანი, 50-ლარიანი საპარკინგე საშვებიც შენარჩუნდება. ამ სიახლესთან დაკავშირებულ კითხვებს თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე უპასუხებს.

- ბოლო 15 წლის განმავლობაში გატარებულმა სატრანსპორტო პოლიტიკამ ქალაქი ძველი მანქანებით გაავსო. ყველას უნდა ავტომობილით სიარული, შედეგად კი საცობებია, საათობით ვმგზავრობთ, მაგრამ მთავარი პრობლემა გამონაბოლქვია.

- ალბათ, სწორედ ამიტომ შემოიღეს მეზობელ ქვეყნებში სტანდარტი "ევრო 4", ზოგიერთ ქვეყანაში კი ლიმიტი დააწესეს ავტოსატრანსპორტო საშუალების ასაკზე. - ეს არ არის პრობლემის გადაჭრა. ევროკავშირის ვერც ერთ ქალაქს ვერ დამისახელებთ, სადაც საათობრივი პარკირება არ არის. ტარიფის ოდენობამ, რომელსაც დავაწესებთ, უნდა მიგვიყვანოს იმ გადაწყვეტილებამდე, რომ მანქანა მოვიხმაროთ მაშინ, როცა აუცილებლობაა, სხვა დროს კი ვიმგზავროთ ავტობუსებით.

- თქვენ მოიყვანეთ ევროპის მაგალითი, მაგრამ საათობრივი პარკირების პარალელურად, იქ საზოგადოებრივი ტრანსპორტიც გამართულად მუშაობს. ჩვენთან კი ისე გამოდის, გვეუბნებით, ჯერ საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადასხედით და მერე მოვაწესრიგებთო. - ამ საკითხს თუ ასეთ ინტერპრეტაციას მისცემთ, პასუხი გამიჭირდება. ეს მუნიციპალური ტრანსპორტის განახლების პარალელურად მოხდება. ამ რეგულაციას 1-ლ ივლისს მხოლოდ ლესელიძის ქუჩაზე ავამოქმედებთ. მზად ვართ საბურთალოზეც დავნერგოთ, მაგრამ 1-ლი ივლისისთვის არ გვეყოლება იმდენი ავტობუსი, რომ საბურთალოზეც გავზარდოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიწოდება, ლესელიძესა და მიმდებარე ტერიტორიებს კი დააკმაყოფილებს ავტობუსების ის რაოდენობა, რაც ახლა არის - 10 ავტობუსი უკვე ჩამოსულია, მარტის შუა რიცხვებში დანარჩენებიც ჩამოვა. იმ არეალში შევალთ პარკირების სისტემით, სადაც მოწესრიგებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

- მერე რა იქნება, ვნახოთ, დღეისთვის კი კომფორტთან ნამდვილად არ ასოცირდება საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა. - კომფორტი კი არა, დღეს რა ავტობუსებითაც სარგებლობს ხალხი, ეს მათი შეურაცხყოფაა (არ ვგულისხმობ "მანის" ავტობუსებს).

- თავად თუ გეგმავთ მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობას? - მუნიციპალური ტრანსპორტით ახლაც ვსარგებლობ, თუმცა ძირითადად მანქანით დავდივარ. როგორც კი ავტობუსების ჩანაცვლება დაიწყება, აუცილებლად მოვიხმარ უფრო ხშირად.

- ვინც ზონალური პარკირების პროექტზე თქვენთან ერთად მუშაობდა, მათ რამდენჯერ იმგზავრეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რათა საკუთარ თავზე გამოეცადათ, თუ როგორია ავტობუსებით მგზავრობა? - ამას არ ვეკითხები ხოლმე თანამშრომლებს. თქვენ თუ აქცენტს ისევ იმაზე აკეთებთ, რომ დღეს ცუდი მუნიციპალური ტრანსპორტი გვყავს, ამას ვაღიარებ.

- კოტე აფხაზის ქუჩაზე ბევრია ისეთი კომერციული ობიექტი, სადაც თანამშრომლებს არანორმირებული სამუშაო გრაფიკი აქვთ. ზოგი მუშაობას დღის საათებში ამთავრებს. თუ მანქანით არ მივლენ სამსახურში, ალბათ, შინ დაბრუნებისას პრობლემა შეექმნებათ. - შეიძლება არანორმირებული გრაფიკითაც მივაწოდოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი. არ დავინანებთ რესურსს, რომ უკეთეს ალტერნატივად მოქალაქეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი შევთავაზოთ.

- გასულ ზაფხულს განაცხადეთ, რომ ზონალური პარკირების ფასის ათვლა 20 თეთრიდან იგეგმებოდა, ახლა ამბობთ, 50-დანო. როგორ დაადგინეთ 50 თეთრი, შეიძლება კიდევ გაიზარდოს ტარიფი? - სპეციალისტები მეუბნებიან, რომ ლესელიძის ქუჩაზე 50 თეთრიც ცოტაა. ტარიფის ოდენობა ადგილმა უნდა განსაზღვროს. მინიმალურ ზღვარს უნდა დავაკვირდეთ და როგორც კი შედეგს მივიღებთ, მაშინვე შევაჩერებთ ზრდას. ლესელიძის ქუჩაზე 50 თეთრი საწყისი ფასი იქნება, მაგრამ თუ არ მოგვცა შედეგი, ტარიფი გაიზრდება. ის საკრებულომ უნდა დაადგინოს.

- გასულ ზაფხულსაც სწორედ ლესელიძეზე იყო ლაპარაკი, როდესაც გასაქირავებლად გამოფენილი მანქანებით გავსებული პარკირების ადგილები მერმაც დაათვალიერა. მაშინ ჯარიმის გადახდაზეც იყო საუბარი. საინტერესოა, ვინმე დაჯარიმდა? პირადად მე ცვლილება არ შემინიშნავს - გასაქირავებელი მანქანების ქარავანი ახლაც მიიკლაკნება ლესელიძეზე. - ჯარიმები გამოვწერეთ, მაგრამ მისი ოდენობა დაბალია და იხდიან. მხოლოდ ერთი მანქანის დაჯარიმება ერთსა და იმავე დარღვევაზე 24 საათში ერთხელ შეიძლება. პარლამენტში ინიციატივა შევიტანეთ და ახლა ჯარიმა 200 ლარამდე გაიზრდება. ეს ნამდვილად მოგვცემს შედეგს.

- ლესელიძის ქუჩის შემდეგ რომელი ზონის რეგულაცია იგეგმება? - შემდეგი შეიძლება საბურთალოს რაიონი იყოს.

- "სტაიანშიკები" ისევ იქნებიან? - ზონალურ-საათობრივი პარკირების ადგილას ვერ გაჩერდებიან.

- გადახდის პრინციპი როგორი იქნება? - გადახდა შესაძლებელი იქნება მობილური აპლიკაციითაც და გადახდის აპარატებითაც. ყველა ფასიანი პარკირების ზონის ირგვლივ, 50 მეტრის რადიუსში, დაიდგმება აპარატები.

- ამ სიახლის შეტყობის შემდგომ ბევრმა ირონიულად იკითხა, უგულავას დროინდელი პროექტები ხომ არ გამოალაგესო.. - ეს პროგრამა არც უგულავასია და არც ჩვენი. ეს სისტემა დანერგა ყველა განვითარებულმა ქალაქმა.

- "სითი პარკსაც" ჰქონდა გეგმაში?.. - "სითი პარკს" წინა ხელისუფლების დროს უნდოდა საათობრივი პარკირება, მაგრამ არ ან ვერ გააკეთა. რომ გაკეთებულიყო, კარგი იქნებოდა. ჩვენ გავაკეთეთ, და არა იმიტომ, რომ "სითი პარკის" ან უგულავას სცენარი იყო ასეთი, ეს მოდელი ევროპის ბევრ ქალაქში კარგად მუშაობს.