ფიქრია ჩიხრაძე: "ოცნებაში" გავლენებისთვის დაიწყო ბრძოლა" - კვირის პალიტრა

ფიქრია ჩიხრაძე: "ოცნებაში" გავლენებისთვის დაიწყო ბრძოლა"

"პროკურატურის განცხადება გამიზნული იყო ერთადერთი რამისთვის, "თიბისის" მხარემ ვერ ილაპარაკა, სამაგიეროდ, ილაპარაკა პროკურატურამ, მიუხედავად იმისა, რომ იგივე თქვა, რაც წინა ჯერზე"

საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ამბობს: "როდესაც ახალი სასამართლოს სახედ მურუსიძესა და ჩინჩალაძეს გადააქცევ, ამაზე მძიმე მესიჯი რა შეიძლება შესთავაზო საზოგადოებას? ასეთი თვითგანადგურების აქტები რას ემსახურება, გაუგებარია. თუმცა მახსოვს ადრეულ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილის მოსაზრება, რომ კარგი იქნებოდა ადეიშვილს მისი ხელმძღვანელობით ემუშავა და ბევრ კარგ საქმეს გააკეთებდა. ეტყობა, თვლის, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძე, რომლებიც სასამართლო სისტემაში კარგად აგვარებდნენ საქმეებს, მისი ხელმძღვანელობითაც კარგად მოაგვარებენ".

- ადრე თუ გვიან, ყველა უმრავლესობა იშლება, მით უმეტეს, ის, ვისაც საფუძვლად არა აქვს რაიმე მსოფლმხედველობა ან გუნდური პრინციპი. ეს იყო ერთი პირის გარშემო შემოკრებილი ინდივიდების თუ ჯგუფების ერთობა, რომლის ხედვა, პრინციპები თუ ადამიანური დამოკიდებულებები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ თითქოს დღეს წარმოიშვა ღირებულებათა კონფლიქტი. "ოცნებაში" გავლენებისთვის დაიწყო ბრძოლა, იმისთვის, თუ ვინ დარჩება ერთ პირთან. სწორედ ეს საკითხი გახდა მაპროვოცირებელი შეუქცევადი პროცესების...

- პოლიტოლოგები არ გამორიცხავენ, რომ ყოველივე ეს ივანიშვილის სცენარის ნაწილია. ექსპერტების აზრით, ამით "ნაცმოძრაობის" მოშორებას ცდილობს? - ივანიშვილს შეიძლება ასეთი სურვილი ჰქონდეს, ეს სურვილი ჰქონიათ სხვა ლიდერებსაც, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი არაფერი გამოუვიდათ, როდესაც პარტიის წიაღშივე გაჩენილი ოპოზიცია თავად ჰგავდა პარტიას. "ოცნება" კი არასოდეს ჰგავდა პარტიას და მის ოპოზიციაში მყოფი ჯგუფი ერთი ხელით იმართებოდეს, არ გამოვა.

თავად ივანიშვილი არავის ემეტება დარტყმისთვის და ეს ყველას აფიქრებინებს, რომ თვითონ ამ ოპოზიციონერებს არ სურთ ბოლომდე მოსწყდნენ მის ორბიტას და ერთმანეთთან ოპონირება გამართონ.

- ბესელიას თქმით, ის ივანიშვილთან ოპონირებას არ აპირებს. - სწორედ ამას ვამბობ - ვერასოდეს ჩამოყალიბდება სრულფასოვან ოპოზიციად, თუ ასეთად შენარჩუნდა ბოლომდე...

ივანიშვილი თითქოს დაბრუნდა, მაგრამ ისევე კულუარულად ხდება ყველაფერი. პრემიერ-მინისტრს გავლენიან ფიგურად არავინ აღიქვამს. პარლამენტის თავმჯდომარედ კობახიძე იმის გამოა, რომ ივანიშვილი უჭერს მხარს. თუ ამ ყველაფერში ივანიშვილის როლს ვერ ხედავ, არც ოპონირება გამოგივა.

- "ოცნებიდან" წასული დეპუტატები ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას აპირებენ. თქვენი აზრით, "ოცნების" ლიდერები ამ ინიციატივას დაუჭერენ მხარს? - მთავარი ერთი რამ არის: გაუბედავენ თუ არა ივანიშვილს, რომ მის მხარდაჭერილ ფიგურას იმპიჩმენტი მოუწყონ. მაგრამ, თუ ივანიშვილი დაინახავს, რომ კობახიძე ისეა დისკრედიტირებული, რომ მასაც უქმნის პრობლემას, მერე გამბედავების რიგი დადგება.

- "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნების საფრთხე თუ არსებობს? - "ოცნების" ყველა მარცხიანი ქმედება "ნაცმოძრაობას" წონას მატებს. პროპორციული არჩევნები მანდატების მიტაცების შესაძლებლობას არ იძლევა, მეტ-ნაკლებად თანაბრად ნაწილდება სხვა პოლიტიკურ ძალებზე. შესაბამისად, ჩნდებიან სხვა მოთამაშეები. აი, მაშინ კი "ოცნების" ხრიკი, ბუა მოდისო, აღარ გაამართლებს. ამიტომ აუცილებელია, რომ 2020 წელს პროპორციული არჩევნები ჩატარდეს.

- "თიბისი ბანკის" გარშემო განვითარებულ მოვლენებზე რას ფიქრობთ? - ამ ფაქტს თავად ხაზარაძემ და ჯაფარიძემ უწოდეს ორკესტრირებული შეტევა "თიბისი ბანკზე". ერთი კვირის განმავლობაში ვნახეთ, რა ძლიერი ზეწოლა იყო მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეზე, რის გამოც ორივე იძულებული გახდა სარჩელი გამოეტანათ, რათა ბანკი ზედმეტი დარტყმებისგან გადაერჩინათ. ეს გამართლებული ნაბიჯი იყო, მაგრამ მათ სჭირდებათ სივრცე, სადაც რამეს იტყვიან. სიმართლის სათქმელად პარლამენტმა სივრცე ჩაკეტა და ძალიან მძიმე სანახავი იყო, რაც გასულ კვირას კომიტეტის სხდომაზე მოხდა. მათ არ მისცეს თავიანთი არგუმენტების გახმაურების საშუალება. ამის შემდეგ იყო პროკურატურის განცხადება, გამიზნული ერთადერთი რამისთვის, "თიბისის" მხარემ ვერ ილაპარაკა, სამაგიეროდ, ილაპარაკა პროკურატურამ, მიუხედავად იმისა, რომ იგივე თქვა, რაც წინა ჯერზე.

- ვინ დირიჟორობს ამ ყველაფერს? - ყველამ კარგად იცის. წინადღეს ივანიშვილთან შეიკრიბა პიარშემადგენლობა, ისიც, ვისაც მეორე დღეს კომიტეტის სხდომის ამბები უნდა გადაეწყვიტა. ეს ყველაფერი მეტყველებს პოლიტიკური ინტერესის დაკვეთაზე და მას ასრულებს ყველა როგორც პარლამენტში, ისე მთავრობასა და პროკურატურაში. ამ დაკვეთას როგორ შეასრულებს მურუსიძე-ჩინჩალაძე, ალბათ, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს.