მოუწყობენ თუ არა კობახიძეს იმპიჩმენტს?! - კვირის პალიტრა

მოუწყობენ თუ არა კობახიძეს იმპიჩმენტს?!

"ქართული ოცნების" აწ უკვე ყოფილი წევრი ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას არ გამორიცხავს. როგორც განაცხადა, ეს მიმდინარე მოვლენებზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ თუ დაიწყო, საკითხს ბოლომდე მიიყვანს. პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების საკითხის დასმა პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს შეუძლია.

"ოცნებიდან" წასული დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას სკეპტიკურად უყურებს. მისი თქმით, ამ ინიციატივას მხარს იმ შემთხვევაში დაუჭერს, თუ მიიღებს გარანტიას, რომ ქვეყანაში რაღაც შეიცვლება.

- არ ვიცი, ვინ აპირებს ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას, მაგრამ ვფიქრობ, ცოტა გართულდება ამ საკითხის ბოლომდე მიყვანა.

- თქვენ მხარს დაუჭერთ ამას? - თუკი კობახიძის იმპიჩმენტით ქვეყანას რამე ეშველება, მხარს დავუჭერდი. დარწმუნებული ვარ, ეს ერთი ჩვეულებრივი სიმბოლური აქტი იქნება. კობახიძის გადაყენება არ იქნება გარანტია იმისა, რომ ქვეყანაში რამე შეიცვლება. ყოველ შემთხვევაში, მათთვის, ვინც ცვლილებებს ელის. ამიტომ, თუ რაღაც ცვლილება გვინდა, სხვა გზებითა და მეთოდებით უნდა ვეცადოთ.

- ვინც ამას მხარს დაუჭერს, ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა წავიდეს? - ამას რა მნიშვნელობა აქვს, თუ რაღაც ცვლილება უნდა "ოცნებას", იმოქმედოს.

- ოცნებას" რატომ არა აქვს ამის პოლიტიკური ნება? - კობახიძე იქნება, მამუკა მდინარაძე თუ სხვა, მნიშვნელობა არა აქვს. პერსონალიებსა და პრინციპებზე დაყვანა, ხალხის შეურაცხყოფაა. დგას ფუნდამენტური საკითხები: როგორი სასამართლო და საპენსიო რეფორმა გვექნება, როგორ უნდა იცხოვრონ ხვალ ადამიანებმა, რამხელა გვექნება მიგრაციის მაჩვენებელი. თუ ამ ყველაფერს კობახიძის შეცვლა უშველის, მაშინ, კი ბატონო.

- ბესელია შეძლებს ამ საკითხზე მხარდაჭერის მოპოვებას დეპუტატებში? - ვნახოთ, რა მოხდება. კობახიძესთან რომ პრეტენზიები არსებობს, ცხადია. კობახიძის საკითხზე პოზიციის ჩამოყალიბებას განაპირობებს ის, თუ როგორ პროცედურებს, კრიტერიუმებს შემოგვთავაზებს მოსამართლეების უვადოდ გამწესების თაობაზე.

- როგორ ფიქრობთ, ლობირებს თუ არა კობახიძეს ბიძინა ივანიშვილი? - არ ვიცი, ამაზე ვერ ვიმარჩიელებ.

- კობახიძის შემცვლელად გია ვოლსკის კანდიდატურა განიხილება. ეს თუ გსმენიათ? - არ ვიცი. ვინც უნდა იყოს, ეს არაფერს შეცვლის. მხოლოდ ის მაინტერესებს, რატომ არ არის ქვეყნისთვის აუცილებელი რადიკალური ცვლილებები.