კარასინის საგანგაშო მესიჯები, ანუ რით ემუქრება პუტინი საქართველოს - კვირის პალიტრა

კარასინის საგანგაშო მესიჯები, ანუ რით ემუქრება პუტინი საქართველოს

ზურაბ აბაშიძე: "კარასინთან მარტივი საუბარი არც ერთხელ არ გვქონია"

"ჩვენ კარგად გვახსოვს, რით დაიწყო უკრაინული პრობლემა. მინდა გავაფრთხილო ჩემი ქართველი კოლეგები შესაძლო უსიამოვნო მოულოდნელობების შესახებ, ვინაიდან ეს უსიამოვნო იქნება ორივე ქვეყნისთვის", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ კარასინმა. ეს მესიჯი კარასინმა მედიასაშუალებით გაახმაურა და, როგორც აღმოჩნდა, არაფერი უთქვამს ქართველი კოლეგისთვის, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძისთვის, რომელიც პრაღაში გაემგზავრა კარასინთან ტრადიციულ შეხვედრაზე. "კარასინის მუქარის შემცველ განცხადებებში ნათლად გამოჩნდა, თუ რაოდენ უარყოფითია რუსეთის დამოკიდებულება ნატოსთან ჩვენი და უკრაინის თანამშრომლობის მიმართ. ეს საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ ამჯერად ასეთი ფორმა და ტონალობა არჩიეს", - ამბობს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორ კარასინისა და ზურაბ აბაშიძის ტრადიციული შეხვედრა გაიმართა.

- შეხვედრაზე კარასინს მუქარიანი კომენტარები არ გაუკეთებია. სხდომის შემდეგ გაესაუბრა ჟურნალისტებს და სწორედ მაშინ გააკეთა ასეთი განცხადებები. ეს ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია და ვფიქრობ, უპირველესად, ეს რუსეთის საერთაშორისო ავტორიტეტს აზიანებს. ჩვენს შეხვედრაზე მან ისაუბრა რუსეთის უარყოფით დამოკიდებულებაზე საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობასთან დაკავშირებით. რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლები ყველა საშუალებას იყენებენ, რომ ეს პოზიცია დააფიქსირონ. ამაში ახალი არაფერია. ჩემი პასუხი იყო ტრადიციული - ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობა ჩვენი სუვერენული გადაწყვეტილებაა და ეს პრაღის ფორმატში განსახილველი თემა არ არის.

- გარდა ამ საკითხისა, კარასინმა კიდევ რაზე გაამახვილა ყურადღება? - დღის წესრიგი უმთავრესად ფოკუსირებული იყო სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ საკითხებზე. ამჯერად განვიხილეთ 2011 წლის რუსეთ-საქართველოს შეთანხმება ტვირთბრუნვის საბაჟო მონიტორინგის შესახებ.

6 თებერვალს გაიმართა ქართულ-რუსულ-შვეიცარიული ერთობლივი კომიტეტის პირველი სხდომა. ეს თავისთავად წინ გადადგმული ნაბიჯია. ახლა ყველა პრობლემა ამ კომიტეტმა უნდა განიხილოს. მოსამზადებელი პერიოდი დასრულდა, კონტრაქტები გაფორმდა, თანხა ჩაირიცხა, ახლა ხელშეკრულების იმპლემენტაციაა საჭირო.

სანამ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე გადავიდოდით, მე ვისაუბრე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ვითარებაზე, იმ ბოლოდროინდელ მოვლენებზე, რაც იქ განვითარდა. კარასინმა განაცხადა, რომ ეს საკითხი ჟენევის ფორმატში უნდა განვიხილოთ. აი, ამის შემდეგ გადავედით დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვაზე. გავაანალიზეთ გასული წლის ეკონომიკური ურთიერთობები. საქართველო-რუსეთის სავაჭრო ბრუნვამ შარშან მილიარდ-ნახევარი დოლარი შეადგინა. სავაჭრო პარტნიორებს შორის რუსეთი მესამე ადგილზეა. მნიშვნელოვნად გაზრდილია როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო-სატრანსპორტო გადაზიდვები. სატრანსპორტო ოპერაციებში ბევრი ქართული კომპანიაა ჩართული. საჭიროა მათი ინტერესების დაცვა. პრაღაში სწორედ ამის მოგვარებას ვცდილობთ. შევეხეთ მიმდინარე წლის პერსპექტივებსაც.

- ანუ არცთუ ისე სასიამოვნო საუბარი გქონდათ კარასინთან? - მარტივი საუბარი არც ერთხელ არ გვქონია.

ვერ ვიტყოდი, რომ ეს შეხვედრა რაღაცით გამოირჩეოდა, მაგრამ იმ კომენტარებს, რაც შემდგომ გააკეთა, ძალიან უარყოფითი რეზონანსი მოჰყვა. ასეთი სახის განცხადებები ყოვლად მიუღებელია.

- ანაკლიის პორტზე თუ ისაუბრეთ? - არა. ამაზე სიტყვა არ თქმულა და არც კავშირი ჰქონდა ჩვენს თემატიკასთან.

- რაში დასჭირდა კარასინს ამგვარი განცხადების გაკეთება? - იმავე დღეს დაახლოებით იგივე თქვა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ. ასე რომ, შეიძლება დასკვნის გამოტანა.

- თქვენ რა დასკვნა გამოიტანეთ? - ამ განცხადებებში ნათლად გამოჩნდა, თუ რაოდენ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს რუსეთს ნატოსთან ჩვენი და უკრაინის თანამშრომლობის მიმართ. ეს საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ ამჯერად ასეთი ფორმა და ტონალობა არჩიეს.

- ეს განცხადება საფრთხის შემცველია? - ნატოსთან ურთიერთობა ჩვენი სუვერენული არჩევანია, ხალხის არჩევანი...

- შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე რატომ შეხვდით ბიძინა ივანიშვილს? - შეხვედრა პრაღაში ჩემს გამგზავრებას უკავშირდებოდა. ვუთხარი, რომ ასეთი შეხვედრა იგეგმებოდა და მსურდა მისთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია. ივანიშვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა, დიალოგი მისი პრემიერობის დროს დაიწყო. ასე რომ, სასურველია, იცოდეს, რა საკითხებს განვიხილავთ. ივანიშვილთან შეხვედრა იყო ნორმალური მოვლენა, ეს ჩვენი შიდა პოლიტიკის ნაწილია. სხვა ყველაფერი არასერიოზული და გაუგებარია.