ალექსი პეტრიაშვილი: "არ გამოვრიცხავ, რუსეთი მორიგ აგრესიულ სამხედრო კამპანიას გეგმავდეს" - კვირის პალიტრა

ალექსი პეტრიაშვილი: "არ გამოვრიცხავ, რუსეთი მორიგ აგრესიულ სამხედრო კამპანიას გეგმავდეს"

რას გულისხმობს კარასინის მუქარა, ამ საკითხზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხების ყოფილ სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილს ვესაუბრეთ:

- მუქარა იკითხებოდა არა მხოლოდ კარასინის განცხადებაში, არამედ რუსეთის თავდაცვის მინისტრის სიტყვით გამოსვლაშიც საქართველოს გააქტიურების თაობაზე და მათ შესაძლო რეაგირებაზე.

ეს არის კრემლის კლასიკური რიტორიკის გაგრძელება, ამიტომ დიდი სიფრთხილე მართებს ყველას, უპირველესად, ხელისუფლებას, მაგრამ ასევე საჭიროა საზოგადოების მაქსიმალური მობილიზებაც. რუსეთის პრეზიდენტის რეიტინგი ახლა ძალიან დაცემულია, და როგორც წესი, პუტინი ამის გამოსწორებას საგარეო ომებით ცდილობს. ბოლო დროს განიხილება უკრაინაზე ახალი სრულმასშტაბიანი შეტევა. ლაპარაკია ბელორუსის "გადაყლაპვაზეც".

თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთი გეგმავდეს საქართველოში მორიგ აგრესიულ სამხედრო კამპანიას. ეს შეიძლება უკავშირდებოდეს ანაკლიის პორტსაც. რუსმა სამხედრო მაღალჩინოსნებმა ამაზე უკვე არაერთხელ ილაპარაკეს, შიშობენ, რომ პორტში ნატოს წევრი ქვეყნების დიდი ავიამზიდები შემოვლენ და ა.შ.

- რატომ დასჭირდა რუსეთს მუქარის ამ ფორმით გახმაურება? - კრემლს ძალიან არ მოსწონს, რომ საქართველო ინტესიურად ინტეგრირდება ნატოსთან როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით, ამიტომ თადარიგი დაიჭირა.

ასეთი ტიპის განცხადებები ძალიან გახშირდა. ლუგარის ლაბორატორიის საკითხიც ამას ემსახურებოდა. საქართველოს მუდმივად ტონუსში ამყოფებენ. ოფიციალური მოსკოვი ცდილობს უარი ვთქვათ წვრთნებზე, ნატოში ინტეგრაციაზე.

მე კი ვფიქრობ, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავწევრდეთ. რაც მთავარია, ამას საზოგადოების სრული კონსოლიდაცია სჭირდება და არა შიდა დაპირისპირება.

- ანაკლიის პორტის გარდა, რუსეთისგან კიდევ რას შეიძლება საფრთხე დაემუქროს? - სავარაუდოდ, კრემლი ფიქრობს, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის შემდეგ ნატოში გაწევრების რიგში საქართველო დგას. ჩვენი ქვეყანა უფრო წინ არის, ვიდრე უკრაინა. ამიტომ წვრთნების ინტენსიფიკაცია, ნატოსთან კომუნიკაცია და ურთიერთობა აშფოთებს. გარდა ამისა, "ცივი ომის" დასრულების შემდგომ დღეს ყველაზე დაბალ ნიშნულზეა აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობა. ჩაიშალა ბირთვული შეთანხმება, რომელსაც 1987 წელს მოაწერეს ხელი. ლაპარაკია იმაზეც, რომ შეიძლება შეიარაღების კონტროლის შეთანხმებიდან გავიდეს როგორც ამერიკა, ასევე რუსეთი. შესაბამისად, აშშ-ის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორი ჩვენს რეგიონში საქართველოა, რაც, ბუნებრივია, ძალიან აღიზიანებს რუსეთს.

ოფიციალური მოსკოვი სამხრეთ კავკასიას, უკრაინას, მოლდოვასა და სხვა სახელმწიფოებს თავის უკანა ეზოდ მოიაზრებს, ამიტომაც მიუღებელია მისთვის დემოკრატიული, განვითარებული სახელმწიფოები.

- და მაინც, ეს არის წინა მუქარის ანალოგიური, რომელიც მხოლოდ დაშინებას ემსახურებოდა, თუ სერიოზულად უნდა აღვიქვათ? - ყველა ასეთი ტიპის განცხადების იგნორირება დაუშვებელია. ამას სერიოზული მსჯელობა სჭირდება. საქართველომ უნდა განაგრძოს სრული სვლით ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია.

- კარასინმა ანალოგი გაავლო უკრაინასთან. მოსალოდნელია ჩვენთან ახალი დონბასი და ის, რაც რუსეთს 2008 წელს არ გამოუვიდა? - კრემლში სხვადასხვა სცენარი ექნებათ და თუკი ისევ დაგვემუქრებიან ან რაღაცას მოიმოქმედებენ, ჩვენ უკან არ უნდა დავიხიოთ.

- რა სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები? - მაგალითად, ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეჟიმს დაუჟინია, რომ ისტორიულად ყაზბეგი ოსებით დასახლებული ტერიტორია იყო. ყაზბეგიდან 30-35 კილომეტრში დგას საოკუპაციო ჯარი და მან შეიძლება ნებისმიერი მიზეზი გამოიყენოს. მაგალითად, "მწვანე კაცუნების" მეშვეობით, რომლებსაც თითქოს არაფერი აკავშირებდათ რუსეთის ხელისუფლებასთან, ყირიმი დაიპყრო. ასე რომ, კრემლისგან ყველაფერია მოსალოდნელი.

რუსეთს აწუხებს შავ ზღვაზე ნატოსა და საქართველოს ინტენსიური თანამშრომლობა. ამიტომ არის აუცილებელი უსწრაფესი ინტეგრაცია ნატოსა და ევროკავშირში.

- რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ საფრთხეები თავიდან ავიცილოთ? - აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის გაათმაგებული მობილიზება, ინფორმირება. ყველა შეხვედრაზე რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან უნდა დაფიქსირდეს, რომ ჩვენთვის მიუღებელი იქნება რუსეთის პროვოკაციები. აუცილებელია ჩვენი შეიარაღებული ძალების ნატოს სტანდარტებით მომზადება და მზადყოფნა. აუცილებელია დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება. ასეთ შემთხვევაში სტაბილური და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის საერთაშორისო თანამეგობრობისა და პარტნიორების მხარდაჭერა მყარი იქნება. ასეთ სახელმწიფოს რუსეთი პროვოკაციებით ვერაფერს დააკლებს.