"კანონიერი ქურდები" არ უნდა იდევნებოდნენ" - რატომ იცავს ნანა კაკაბაძე "კანონიერ ქურდებს"?!
"კანონიერი ქურდები" არ უნდა იდევნებოდნენ" - რატომ იცავს ნანა კაკაბაძე "კანონიერ ქურდებს"?!
ფოტო:ნანა კაკაბაძე
"რა გგონიათ, კოზა ნოსტრას ამერიკელები ასეთი კანონმდებლობით ებრძოდნენ? როდესაც ალ კაპონე დაიჭირეს, მთელმა მსოფლიომ იცოდა, რომ ეს კაცი მაფიოზი იყო, მაგრამ ამერიკელებს ის მაფიის წევრობისთვის არ დაუსჯიათ..."

სააკაშვილის ხელისუფლების მიერ 2005 წელს მიღე­ბული­ კანონი "ქურდული სამყაროს შესახებ" ამ ხელისუფლების­ პირობებში უფრო მკაცრდება. შს სამინის­ტროს მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებებით­ ხელისუფლებამ შეურიგებელი ბრძოლა გამოუცხადა "ქურდულ სამყაროს" და ორგანიზებულ დანაშაულს.

სისხლისსამართლებრივი ნორმების გამკაცრებას და ე. წ. კანონიერი ქურდების დევნას აპროტესტებს უფლებადამცვ­ელი­ ნანა კაკაბაძე.
"მეც კანონიერი ქურდი ვარ და დამიჭირეთ", ­- ასეთი ვიდეომიმართვა გაავრცელა ნანა კაკაბაძემ და განაცხადა, რომ დღეს საქართველოში "კანონიერ ქურდებს" ძირითადად მხოლოდ მათი მრწამსისა და სტატუსის გამო დევნიან, რითაც ხელისუფლება წინამორბედის დანერგილ მანკიერ­ პრაქტიკას აგრძელებს. კაკაბაძე ხელისუფლებას ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას ახსენებს და იმ ვალდებულებების
შესრულებისკენ მოუწოდებს, რომლებიც საქართველომ ევროსაბჭოში გაწევრების შემდეგ იკისრა.

- ის ხალხი, ვინც "ნაციონალების" ოპოზიციაში ვიყავით და კაბალურ კანონებს ვაკრიტიკებდით, თუნდაც ქურდულ მენტალობასთან დაკავშირებულ კანონს, დღეს დავდექით ფაქტის წინაშე, რომ "ოცნება" არა ლიბერალურ, არამედ უფრო მკაცრ სისხლის სამართლის კოდექსს გვთავაზობს.

- თუ არა მკაცრი კანონმდებლობა, მაშ, რით და როგორ უნდა ებრძოლოს ხელისუფლება ამ საშიშ ინსტიტუტს? კანონმდებლობის შემსუბუქება ხომ ქურდული სამყაროს გაცოცხლებას გამოიწვევს და ამის მომხრე ხართ?
- საერთაშორისო პრაქტიკამ მთელ მსოფლიოში აჩვენა, რომ კანონის გამკაცრება დანაშაულს არ ამცირებს. სადაც სიკვდილით დასჯა არსე­ბობს, მკაცრი კანონმდებლობა იმ ქვეყნებშიც ვერ ამცირებს დანაშაულს. ხელისუფლების მიდგომა უნდა იყოს ისეთი, რომ გამოვლინდეს მიზეზები და ამას ვებრძოლოთ. კანონმდებლობის გამკაცრება და მძიმე სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა იწვევს ტოტალიტარული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას.

- ამას ამბობთ როგორც არასამთავრობო­ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თუ როგორც უფლებადამცველი?
- თუ გინდათ, იურ­ისტებს ჰკითხეთ და გეტყვიან, რომ ეს არ არის დემოკრატიული პროცესი, არც ლიბერალიზაცია და ევროპეიზაცია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ევროპისკენ კი არა, სულ სხვა გზით მივდივართ.

- თქვენთვის უცხო არ უნდა იყოს, რომ ქურდულ სამყაროს მნიშვნელ­ოვანი ბერკეტები აქვს. ამ ინსტიტუტს ძალუძს­ კრიმ­ინალური სამყაროსა და სხვადასხვა ინსტიტუტის მართვა, რაც დიდ საფრთხეს უქმნის ქვეყნის კეთილდღეობას, თქვენ კი მათ იცავთ...
- მე არ მითქვამს, რომ ხელისუფლება დანაშაულს არ უნდა ებრძოდეს. ვამბობ, რომ თუნდაც "კანონიერი ქურდები" არ უნდა იდევნებოდნენ. უნდა ისჯებოდეს დამნაშავე და ადამიანი აზრის, მრწამსისა­ და პოლიტიკური შეხედულებების გამო არ უნდა იდევნებოდეს. ჩვენი სვლა ევროპისკენ ნიშნავს, რომ ჩვენი კანონმდებლობა ემყარებოდეს ევროპულ სტანდარტს. ეს ვალდებულება ავიღეთ მას შემდეგ, რაც ევროსაბჭოში გავწევრდით. ევროპული კონვენცია ამბობს, რომ კანის ფერის, პოლიტიკური შეხედულების, მრწამსისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის ადამიანების დასჯა არის ტოტალიტარული სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი. ჩემი აზროვნება და მრწამსი კი არ უქმნის საზოგადოებას საფრთხეს, არამედ კანონსაწინააღმდეგო საქმიანობა.

ევროსაბჭოში გაწევრებით ჩვენ არ აგვიღია ვალდებულება, რომ ადამიანის უფლებათა დეკლარაციას არ დავიცავდით. ეს ნიშნავს, რომ უკან გადავდგით ნაბიჯი. პირველმა მუსოლინიმ­ მოიფიქრა სიცილი­ური მაფიის დევნა მხოლოდ სახელწოდების და არა - მისი საქმიანობის გამო. ეს იყო დამახასიათებელი საბჭოთა იმპერიისთვი­საც. მათ შემოიღეს მუხლი, მაგალითად, ანტისაბჭოთა აგიტაცია-პროპაგანდის გამო. ვერც ერთ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვერ დამისახელებთ, სადაც ასეთი კანონმდ­ებლობა არსე­ბობს. რა გგონიათ, კოზა ნოსტრას ამერიკელები ასეთი კანონმდებლობით ებრძოდნენ? როდესაც ალ კაპონე დაიჭირეს, მთელმა მსოფლიომ იცოდა, რომ ეს კაცი მაფიოზი იყო, მაგრამ­ ამერიკელებს ის მაფიის წევრობისთვის არ დაუსჯიათ. სასამართლომ მოითხოვა მტკიცებულებები, რომ ის ციხეში გაეშვათ და ეს მტკიცებულება აღმოჩნდა გადასახადების გადაუხდელობა. სოციუმში მე რა სტატუსი­ მექნება, ჩემი გადასაწყვეტია. თუ ამით არ ვარღვევ კანონს, არავის აქვს უფლება, მხოლოდ სტატუსის გამო მდევნიდეს.

- ქურდული სამყაროს წევრების უფლებათა დასაცავ კამპანიას იწყებთ­. ალბათ, ქურდების დამცველად შეგრაცხავენ...
- არ მაინტერესებს,­ ჩემი ნაბიჯი პოპულარუ­ლი იქნება თუ არა. დიქტატურისკენ მიმავა­ლ ხელისუფლებას უნდა შეახსენო, რომ ევროსაბჭოს წინაშე აიღო ადამიანის უფლებათა დაცვის ვალდებულება, ჰოდა, შეასრულოს!

- გვაქვს მწარე გამოცდილება, ეს ინსტიტუცია ქვეყანაში სიტუაციას აკონტროლებ­და, სტრუქტურებს განაგებდა. "კანონიერი­ ქურდი"­ დანაშაულს თვითონ თუ არ სჩადიოდა,­ ხელმძღვანელობდა მას. საფრთხეს ვერ აცნობიერებთ?
- არ მოვსწრებივარ ხელისუფლებას, რომელიც არჩევნების დროს ხელისუფლებაში მოსასვლელად "კანონიერ ქურდებს" არ იყენებდა. სწორედ ეს არის პოლიტიკოსების ნაძირალობა. მე არასდროს გამომიყენებია ქურდების ნაცნობობა, ურთიერთობაც კი არ მქონია მათთან, მაგრამ "ოცნება" იქნება თუ "ნაციონალები", მითხარით, რომელ არჩევნებში არ გამოუყენებიათ კრიმინალური ავტორიტეტების გავლენა? დღეს მე მათი დამცველი გამოვდივარ, ისინი კი, ვინც "კანონიერ ქურდებს" ხელისუფლებაში მოსასვლელად თუ მის შესანარჩუნებლად იყენებენ, ვითომ მათ ებრძვიან.
მოვუწოდებ უფლებადამცველებს, რომ ქვეყანა მიდის არა ლიბერალიზაციისკენ, არამედ დიქტატურისკენ და კვაზიკანონმდებლობა გააპროტესტონ. ამით ჩანს, რომ ჩვენი არჩევანი აღარ არის ევროპული გზა, ჩვენ მივდივართ რუსეთისკენ. ერთადერთი, ვინც ეს კანონი აიტაცა, სწორედ რუსეთია.

- ალბათ, იმიტომ არა აქვთ სხვა ქვეყნებს­ ეს კანონი, რომ სტატუსი "კანონიერი ქურდი" საბჭოურია და ევროპისთვის უცხოა...
- იცით, რას აკეთებენ? საქართველოს მოქალაქე კრიმინალურ ავტორიტეტებს­ იტაცებენ, ყრიან თვითმფრინავებში და სხვა ქვეყნებში უშვებენ. ან ეს რა დამოკიდებულებაა სხვა ქვეყნების მიმართ? შენი მოქალაქე შენ არ გჭირდება, რადგან კრიმინალია და უშვებ იმ ქვეყანაში, ვისთანაც ვიზალიბერალიზაცია გინდა?!

- ანუ მათი დაბრუნების მომხრე ხართ...
- ჩამოვლენ თუ არა ქურდები, ამას არა აქვს მნიშვნელობა. სახელმწიფო უნდა იქცეოდეს სწორად, თორემ კრიმინალს კი არა, არაკრიმინალს აღარ უნდა საქართველოში გაჩერება. სახელმწიფო თავისი მოქალაქეების მიმართ არაადეკვატურია როგორც საკანონმდებლო, ისე არასაკანონმდებლო დონეზე და ნაკისრ ვალდებულებებზე ამბობს უარს - ეს არის პრობლემა.

ადამიანები, რომლებიც ხმას არ იღებდნენ მაშინ, როცა სულხან მოლაშვილს ან სერგო თეთრაძეს ასამართლებდნენ და ციხეში აწამებდნენ, დღეს მათ მოსამართლეებს­ ქოლავენ. ადამიანებს რომ ასისხლიანებდნენ, მაშინ სად იყვნენ ეს პოპულისტი უფლებადამცველები? მთავარია, ხელისუფლებამ გვითხრას, საით მივდივართ - ევროპისკენ თუ რუსეთისკენ.
ემზარი
04 აპრილი 2019 12:49
მოგენატრა ობშიაკი
ზურაბი
15 მარტი 2019 09:01
ეს სიმახინჯე მოცილებული გვქონდა მეგონა ვატყობ რომ შევცდი კაკაბაძე უკვდავია
რაც სწორია სწორია
14 მარტი 2019 19:26
ყველა არჩევნებს საქართველოში ქურდები ატარებენ. ბოლო არჩევნებზე უშიშროება და პოლიცია თვალს ხუჭავდა. ვისი დავალებით?
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები