"ეს მანქანა ივანიშვილის წინააღმდეგ მუშაობს, რათა ისტორიაში ჩინჩალაძისა და მურუსიძის მხარდამჭერის სახელით შევიდეს და არა ქველმოქმედებით" - კვირის პალიტრა

"ეს მანქანა ივანიშვილის წინააღმდეგ მუშაობს, რათა ისტორიაში ჩინჩალაძისა და მურუსიძის მხარდამჭერის სახელით შევიდეს და არა ქველმოქმედებით"

გაზეთ "კვირის პალიტრასთან" მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- ერთხელ თქვით, არა მგონია, ბიძინა ივანიშვილს ერჩივნოს ხალხს თავი დაამახსოვროს არა როგორც ქველმოქმედმა, არამედ ისტორიაში ორი მოსამართლის - ჩინჩალაძისა და მურუსიძის მხარდამჭერის სახელით შევიდესო. ამ საფრთხეს კვლავ ხედავთ?

- რა თქმა უნდა. საზოგადოება არ არის ისე განვითარებული, რომ მას ღირსეული დემოკრატიის შექმნა შეეძლოს, ამიტომაც არსებობს დღეს საზოგადოებრივი აზრის ფორმირების ინსტრუმენტები და მთელი ეს მანქანა ივანიშვილის წინააღმდეგ მუშაობს, რათა ისტორიაში სწორედ ამ ორი მოსამართლის მხარდამჭერის სახელით შევიდეს და არა ქველმოქმედებით. ამიტომაც, ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილს სერიოზულად დაფიქრება მართებს, რა წონა აქვს ამ გადაწყვეტილებას, კიდევ ერთხელ ხომ არ უნდა გადაამოწმოს ის დეტალები, რომელთა შესახებაც ჩვენ შესაძლოა არ ვიცით, ან ის ღირებულებები, რომ თითქოს ჯობია სასამართლოს თვითდაწმენდის საშუალება მიეცეს, ვიდრე ქირურგიულად ჩავერიოთ მასში. ცალკე აღებულ ამ თეორიას შესაძლოა ვეთანხმებოდი კიდეც, მაგრამ დღეს სრულიად სხვა ვითარება გვაქვს. თუნდაც ფიქრობდე, რომ უსამართლოდ შეგიბღალეს ავტორიტეტი, რომ პროპაგანდისტულმა მანქანამ დაგამარცხა (ამაში სწორედ იმ საეჭვო რეპუტაციის მოსამართლეებს ვგულისხმობ), ამ პროცესის მიმართ სახელმწიფოებრივი დამოკიდებულება უნდა გამოიჩინო, რადგან გინდა თუ არა, მმართველ ძალასთან ხარ ასოცირებული. იცით, "ქართული ოცნების" მთავარი პრობლემა რა არის? 2012 წელს ის სიმართლესთან იყო ასოცირებული, ხოლო "ნაციონალური მოძრაობა" ტყუილთან, ახლა კი ეს მოცემულობა ნელ-ნელა იცვლება. იმედია, ბიძინა ივანიშვილი ამ ყველაფერს გააანალიზებს და ისე დაამახსოვრებს თავს ხალხს, როგორც იმსახურებს.

რომან კაკულია

- ხომ არ აშანტაჟებენ მოსამართლეებიც მმართველ გუნდს, როგორც თქვენ მოგიწიათ საკომიტეტო მოსმენის გაუქმებამ?

- ცალსახა მტკიცებულება შესაძლოა არ არსებობს, მაგრამ თუ ძალიან ბევრი ჩამოსცილდება საზოგადოებრივ აზრს და სასამართლოს განვითარების რაღაც თეორიით შეიარაღებული დარჩება, გაჩნდება ეჭვი, ამის უკან ვინმეს ან რამე ინტერესი ხომ არ დგას.

- ამგვარი განცხადებების გამო ბევრი ფიქრობს, რომ შორს არა ხართ იმ გადაწყვეტილებისგან, როცა შესაძლოა მმართველი გუნდი დატოვოთ.

- წასვლა ყოველთვის შეიძლება. თუმცა მგონია, რომ რადიკალური ცვლილებების გარეშე "ქართული ოცნება" ვერ დაიბრუნებს იმ იმიჯს, რომლითაც მას შეუძლია წარდგეს 2020 წლის არჩევნებზე, როგორც განახლებული და მომავალზე ორიენტირებული გუნდი.

ცვლილებები უნდა იყოს არა კოსმეტიკური, არამედ ისეთი, რაც ნამდვილად ახალ სახეს შესძენს გუნდსა და მის ხედვას. იხილეთ სრულად