"ოპოზიციის უნიათობის ბრალია, რომ ხელისუფლებას აღარ ეშინია" - კვირის პალიტრა

"ოპოზიციის უნიათობის ბრალია, რომ ხელისუფლებას აღარ ეშინია"

"ნინო ბურჯანაძე ლიდერად რომ გამოკვეთილიყო, ხელისუფლების საქმე სხვანაირად შეტრიალდებოდა..."

მწერალი მერაბ შათირიშვილი სახალხო-წარმომადგენლობითი კრების მხარდამჭერთა დარბაზის წევრია, მაგრამ ფილარმონიაში მოსამზადებელ შეკრებაზე არავის მიუწვევია.  "სახალხო კრება ბურჯანაძის პროექტია", - აცხადებს მერაბ შათირიშვილი, რომლის აზრითაც პოლიტიზებულობა სახალხო კრების იდეას გააცამტვერებს.

- სახალხო-წარმომადგენლობითი კრების ინიციატორებისთვის არაერთხელ მითქვამს, რომ პარტიებთან მოლაპარაკება სიმპათიის მიხედვით არ უნდა ჰქონოდათ. სახალხო-წარმომადგენლობით კრებაში ჩართული უნდა ყოფილიყო ყველა ოპოზიციური პარტია. ბოკერიაც რომ წამოსულიყო ხელისუფლებიდან, ისიც კი  უნდა მიეღოთ.

იკვეთება, რომ სახალხო-წარმომადგენლობითი კრების იდეას ნინო ბურჯანაძის პარტიის დირექტივებით (მაგრამ ამას არ აღიარებენ) ასხამენ ხორცს. ეს დიდი შეცდომაა და იდეას საბოლოოდ ჩაკლავს.

- უკაცრავად, მაგრამ ჭაბუა ამირეჯიბი და ნონა გაფრინდაშვილი ნინო ბურჯანაძის დირექტივებს ასრულებენ?

- შესაძლოა, ასე არ ფიქრობენ, მაგრამ ასე ჩანს, საქმით ასე გამოდის. როგორ შეიძლება საინიციატივო ჯგუფის წევრმა, რომელიც ხალხის ლიდერად მოიაზრება, რომელიმე პოლიტიკურ ძალაზე თქვას, ისინი მოღალატეები არიან და სახალხო კრებაში არ გვჭირდებიანო?

- ითქვა, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ბურჯანაძის ფაქტორის გამო აცხადებს უარს სახალხო კრებაში მონაწილეობაზეო.

- არ არის ასე. ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილის ნათქვამი, პოლიტიკური პარტიები ჩვენთან იმიტომ არ მოდიან, რომ ნინო ბურჯანაძის ეშინიათო, არ არის სახალხო-წარმომადგენლობითი კრების ლიდერის განცხადება. ეს პოლიტიკური  განცხადებაა, რომლის შემდეგაც ქალბატონი ნონა უკვე მხარედ გამოჩნდა და ბარიერი შეუქმნა სხვა პარტიებს, რომ კრებაზე არ მისულიყვნენ.

როდესაც ოპოზიციაში წავიდა, ბურჯანაძისადმი სიმპათია გაუჩნდათ რუსეთსაც და აშშ-საც, მაგრამ აპრილის აქციების დროს ხელისუფლებამ ოპოზიციური პარტიების უნებლიე ხელშეწყობით მისი პოლიტიკური დისკრედიტაცია მოახდინა. აპრილის აქციებისთვის ფული ნინო ბურჯანაძემ დახარჯა, მაგრამ ტრიბუნაზე იდგა როგორც რიგითი პოლიტიკური ლიდერი. ოპოზიციურმა პარტიებმა მაშინ ყველაფერი გააკეთეს, რომ ნინო ბურჯანაძე ლიდერად არ გამოკვეთილიყო. ასე რომ მომხდარიყო, ხელისუფლების საქმე სხვანაირად შეტრიალდებოდა. ხალხის იმედგაცრუება იმან გამოიწვია,  რომ აქციებმა ლიდერი ვერ გამოკვეთა.

აპრილის აქციების მერე ბურჯანაძის პარტია ფინანსურ სიძნელეებს განიცდიდა, რეგიონული ორგანიზაციებიც დაეშალა. ასეთ ვითარებაში ჭკვიანური იდეა იყო, რომ ბურჯანაძეს სახალხო-წარმომადგენლობითი კრებისათვის დაეჭირა მხარი და ამით საკუთარი პარტია გაეძლიერებინა.

- თქვენ ამბობთ, რომ სახალხო-წარმომადგენლობითი კრების  უკან ნინო ბურჯანაძეა?

- ამას მთელი საქართველო ამბობს. სახალხო-წარმომადგენლობითი კრების საინიციატივო ჯგუფს მოკრძალებით მივმართავ, ნუ დამალავენ, ვინ დააფინანსა ფილარმონიაში გამართული შეკრება, თორემ მომავალში უფრო მეტი უხერხულობა შეექმნებათ.

სტადიონზე და ფილარმონიაში შეკრება ბავშვობაა. 25 ნოემბერს სახალხო-წარმომადგენლობითი კრება სტადიონზე რომ შეიკრიბება, ცხადია, გადაწყვეტს, რომ ვადამდე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს, მაგრამ რა არის ამაში სიახლე?

დავუშვათ, კრებამ გადაწყვიტა, არჩევნების დასანიშნად პრეზიდენტს 3 საათს ვაძლევთო, მაგრამ სააკაშვილმა თქვა, არც გადავდგები და არც არჩევნებს დავნიშნავო, სად მიდის ეს ხალხი? აჯანყებას იწყებენ? უშიშროებას ყველა ჯიბე გაჩხრეკილი აქვს, სახალხო-წარმომადგენლობით კრებაში იმდენი აგენტი იქნება, ვერ დათვლი. დავუშვათ, მიადგნენ შენობებს და აიღეს. იქ თუ 10 ათასი კაცი შევა, დილისთვის 200 კაციღა დარჩება, მოვა სპეცრაზმი და გაყრის გარეთ.

სახალხო კრებაზე ასი ათასი კაციც რომ მოვიდეს და მიაღწიოს, პრეზიდენტი გადადგეს და არჩევნები დაინიშნოს, ოპოზიცია მაინც პირწმინდად წააგებს როგორც საპარლამენტო, ისე საპრეზიდენტო არჩევნებსაც. ვინც უნდა წამოაყენოს სააკაშვილმა "ნაციონალური მოძრაობიდან", ის გაიმარჯვებს.

ეს რომ არ მოხდეს, სახალხო-წარმომადგენლობითმა კრებამ სააკაშვილისა და ამ ხელისუფლების უპირობო გადადგომა უნდა მოითხოვოს.

- თქვენი თქმით, "ნაციონალურ მოძრაობასა" და მის საპრეზიდენტო კანდიდატს რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის უფლება აღარ უნდა მიეცეს.

- როდესაც ხალხი ისე გაბრაზდება, რომ ხელისუფლებას ეტყვის, შენთან აღარ მინდაო, მას მორალური უფლება აღარ ექნება არჩევნებზე მონაწილეობისა.

რაიონებიდან დაძრული გაბრაზებული ხალხი სანამ თბილისამდე ჩამოვა, მანამ წავა ხელისუფლება წინააღმდეგობის გარეშე. მხოლოდ სახალხო მღელვარებას ვერ დაუდგება წინ ვერაფერი.

თუკი კრება მოახერხებს, რომ სიმართლისმაძიებელი ხალხი დაიძრას თბილისისკენ, რა დაუდგება მას წინ?

ოპოზიციის უნიათობის ბრალია, რომ თუ ხელისუფლება Aადრე 30 ათასი კაცის შეკრებაზე კანკალებდა, ახლა 100 ათასი კაცის შეკრებაც აღარაფერს ნიშნავს. ასეთ ვითარებაში  ხალხის რაოდენობას კი არა, იდეას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა და იმას, რა მუხტით შეასხამ ხორცს. ხალხი (მთელ ოპოზიციურ სპექტრთან ერთად) უნდა დადგეს ხელისუფლების პირისპირ და ხელისუფლება წინ ვერ აღუდგება.

- ეს ხომ რევოლუციაა? ასეთი ფორმით ხელისუფლების შეცვლა ოპოზიციაშიც არ სურს ბევრს.

-  რევოლუციას საქართველოში ვეღარავინ მოახდენს. ხელისუფლება რომ წავიდეს, საჭიროა სახალხო მღელვარება, პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოების კონსოლიდაცია.

- ოპოზიციის ნაწილი, მაგალითად, ბატონი ნოდარ ნათაძე სახალხო კრებას რუსულ იდეად მიიჩნევს.

- თუკი ასეა და სახალხო-წარმომადგენლობითი კრების ფარს ამოფარებულმა რუსულმა ძალებმა შეცვალეს ხელისუფლება, ეს უარესი უბედურება იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, სამუდამოდ დაგვაკარგვინებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს. როგორც კი ტერიტორიების დაბრუნებაზე დაველაპარაკებით რუსებს, უმალ გაგვახსენებენ, ჩვენ დაგეხმარეთ სააკაშვილის გადაგდებაში და ახლა ტერიტორიებზე ხმას ნუ იღებთო. ამ ხელისუფლების ბედი ქართველმა ერმა თუ არ გადაწყვიტა, საქართველო დაიღუპება.

"სამართლიანობა ძლიერი უნდა იყოს, ძალა კი - სამართლიანი"

ბლეზ პასკალი

მარი ზანდუკელი